Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საომარი მდგომარეობა უკრაინაში. I დღე - განახლებადი ინფორმაცია

რა ვიცით რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე ამ დროისთვის

  • 24 თებერვალს, მოსკოვის დროით 05:55 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვით გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში.
  • პუტინის მტკიცებით, რუსეთი თავდაცვის რეჟიმში მოქმედებდა. მან მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს, დადონ იარაღი.
  • რუსეთმა დაარტყა უკრაინულ ინფრასტრუქტურას რაკეტებით, აცხადებს უკრაინა და ამატებს, რომ ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, რასაც მოსკოვი უარყოფს.
  • სამხედრო კოლონები უკრაინაში შევიდნენ ყველა მიმართულებიდან, მათ შორის, ბელარუსიდან, კიევის ჩრდილოეთით მდებარე პუნქტიდან. კიდევ ერთი კოლონა შევიდა ყირიმიდან.
  • უკრაინის სამხედრო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
  • უკრაინამ გამოაცხადხა საომარი მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • მსოფლიო ლიდერები გმობენ რუსეთის ქმედებებს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდანის თქმით, ომი გამოიწვევს „კატასტროფულ სიკვდილს“.
  • უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს სუმში, ხარკოვის მახლობლად და სამხრეთ უკრაინაში, ხერსონისა და ოდესის ოლქებში.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ავრცელებს ინფორმაციას 4 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც უკრაინის მიმართულებით ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ისროლეს.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ნატოს ელჩების შეხვედრაზე გადაწყდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი განკარგულების (NED) მექანიზმის ამოქმედება, რაც ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა არ შეეწინააღმდეგა, და ეს არ არის მოსალოდნელი, ამოქმედდება ნატოს საიდუმლო თავდაცვითი გეგმები აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც მთელ აღმოსავლეთ საზღვარს მოიცავს თურქეთის ჩათვლით. ეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების გაზრდის საშუალებას მისცემს. შეხვედრისას ელჩებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის თავდასხმით მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი გათამაშდა და დადასტურდა, რომ აშშ-ის დაზვერვის ცნობები იყო 100 პროცენტიანი სიზუსტის. მოსალოდნელია, რომ ნატომ 25 თებერვალს ლიდერთა ონლაინ სამიტი მოიწვიოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ ეხმიანება უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს და მიუღებელს უწოდებს. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორიოსო პარტნიორებს მოუწოდებს მკაცრად უპასუხოს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს.

"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია სრულიად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია", - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG