Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკვდავი პოლკი“ საქართველოში საბჭოთა კავშირს უმღერის


ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია, მე წარმოშობით საბჭოთა კავშირიდან ვარ, - საბჭოთა კავშირს ვიდეოკლიპში რუსულად უმღერის ახალგაზრდა კაცი და ყველას მოუწოდებს, რომ საბჭოთა კავშირის საბრძოლო სულისკვეთებას, საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას გაუფრთხილდეს.

ვიდეოკლიპს 9 მაისს დაგეგმილი მსვლელობის დასაანონსებლად იყენებს „საქართველოს უკვდავი პოლკი“.

სიმღერის ტექსტი ასეთია:

  • რისთვის იბრძოდნენ ჩვენი ბაბუები - დიადი გამარჯვების მარადიული ცეცხლის გმირები?!... მარადიული ხსოვნა საბჭოთა ჯარისკაცს...
  • ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია... თითოეულისა და ყველასი - რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი...
  • ვფიცავ, ჩვენ ერთად, ფეხბურთის გუნდი ვართ... მაგრამ ვიღაცას აწყობს, რომ ჩვენ სოლო ვითამაშოთ...

სიმღერას, რომელსაც Вова Prime-ი ასრულებს, „სსრკ“ ჰქვია და ის სწორედ საბჭოთა კავშირის სადიდებელია. სიმღერის დედააზრი საბჭოთა კავშირის, დიდი ოჯახის აღდგენა-აღორძინების სურვილია.

„უკვდავი პოლკის“ პროექტი სათავეს იღებს რუსეთიდან. მისი მონაწილეები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ახლობელთა ფოტოებით გამოდიან 9 მაისის დემონსტრაციებზე. საქართველოში ეს პროექტი პირველად 2017 წელს გამოჩნდა.

რუსეთის გარდა, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობები სხვა ქვეყნებშიც ტარდება და მასში მოქალაქეების გარდა მონაწილეობენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ეს ორგანიზაცია თავის თავს ახასიათებს არაკომერციულ, აპოლიტიკურ სამოქალაქო ინიციატივად.

9 მაისს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში. საბჭოთა კავშირის სადიდებელ ვიდეოკლიპზე დატანილი ტიტრები გვამცნობს, რომ „უკვდავი პოლკი“ მომხრეებს ელოდება:

  • თბილისი - გამარჯვების პარკი, შადრევანთან, 10 საათი;
  • ბათუმი - გმირთა მოედანი, 11:00 საათი;
  • გორი - სტალინის სახლ-მუზეუმი, 10:00 საათი;
  • ახალქალაქი - გამგეობის შენობასთან, 11:00 საათი;
  • ნინოწმინდა - გამგეობის შენობასთან, 11:00 საათი.

„ეხო მოსკვის“ ინფორმაციით, კრემლში ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობები გადაიდო ბელორუსიასა და ყაზახეთში.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, „ეხო მოსკვის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, კრემლი არკვევს მიზეზებს და დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან წინააღმდეგობას წააწყდება საქართველოშიც. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები საპროტესტო აქციას გეგმავენ.

მათი თქმით, საქართველოში არ უნდა განხორციელდეს ოკუპანტი ქვეყნის პროექტი, რომელიც საქართველოს მიმართ დამპყრობლური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG