Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგლავა არ უპასუხებს დეპუტატ დერკაჩის სკანდალურ ბრალდებას


„ინტერვიუს, როგორც წესი, არ ვიძლევი“, - მოგვწერა ჩვენი წერილობითი შეკითხვის პასუხად უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილემ, გიზო უგლავამ, რომლის სახელი უკრაინული და დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა უკრაინის „ვერხოვნა რადის“ დეპუტატის, ანდრეი დერკაჩის მიერ 9 ოქტომბერს დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ.

დერკაჩმა, უკრაინული მედიის თანახმად, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის ინიციატორმა, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა, მისი თქმით, ერთ-ერთი გამომძიებელი ჟურნალისტისაგან მიღებული უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და აშშ-ის საელჩოს მიმოწერა.

ანდრეი დერკაჩი
ანდრეი დერკაჩი


„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის (НАБУ) პირველი მოადგილე გიზო უგლავა, თავისი თანაშემწის, პოლინა ჩიჟის საშუალებით, დიდი ხნის განმავლობაში აწვდიდა აშშ-ის საელჩოს ინფორმაციას, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენდა უკრაინასა და აშშ-ში მიმდინარე მოვლენებზე. ბიურო აწვდიდა ინფორმაციას აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს და ახდენდა თავისი საქმიანობის კოორდინაციას სხვადასხვა რეზონანსულ საქმეზე“, - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ანდრეი დერკაჩი ამტკიცებს, რომ მიღებულ დოკუმენტებში ნახსენებია კომპანია Burisma, რომელშიც მუშაობდა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატის, ჯო ბაიდენის, ვაჟი. გარდა ამისა, დეპუტატმა განაცხადა, რომ მოეპოვება დოკუმენტები, რომლებიც ნათელყოფს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინზე ზეწოლა ხორციელდებოდა კომპანია Burisma-ს თაობაზე გამოძიების ფარგლებში.

ანდეი დერკაჩი „ვერხოვნა რადის“ ექვსი მოწვევის დეპუტატია. 2019 წლის არჩევნებში მან გაიმარჯვა სუმის მაჟორიტარულ ოლქში.

უკრაინაში დერკაჩი ცნობილია იმით, რომ 2014 წლის 16 იანვარს,ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვჩის „რეგიონების პარტიის“ სიით პარლამენტის წევრობისას, იგი იმ დეპუტატებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. „დიქტატორულ კანონდებლობას“, რამაც გაამწვავა პოლიტიკური კრიზისი უკრაინაში.


დერკაჩმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ დოკუმენტები უკვე გადასცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას. „ვერხოვნა რადის“ წევრი უკრაინის საკანონონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისინიციატორიცაა. მაჟორიტარმა დეპუტატმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოძიების განახლების თაობაზე, ჩარევისა, რაც, დერკაჩის თქმით, წინასწარი გამოძიების პროცესში არსებული მასალების გასაჯაროებაში გამოიხატება.

დერკაჩის განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია არც უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და არც კიევში აშშ-ის საელჩოს.

გიზო უგლავას სახელი კარგად არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, სადაც იგი 2015 წლიდან დღემდე მუშაობს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილის პოსტზე.

ანტიკორუფციული ბიუროს საიტის თანახმად, ამ პოსტზე მუშაობის დროს მან სახელი გაითქვა ნავთობის სფეროსა და სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწების თაღლითური გზით დატაცების რეზონანსული საქმეების გახსნით, რითაც სახელმწიფოს, ჯამში, 45 მილიონი დოლარი დაუბრუნდა, პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ათეული ადამიანი.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გიზო უგლავა 2010-2012 წლებში გენერალური პროკურორის მოადგილედ მუშაობდა.ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორც ადვოკატი, სასამართლოში იცავდა პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, ინტერესებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG