საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დაწერა საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელებზე, რომლებითაც ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.
საკონსტიტუციოს სასამართლოს ცხრაწევრიანი პლენუმის შვიდმა მოსამართლემ 29 ნოემბერს დაუშვებლად ცნო სარჩელები. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და განსხვავებული აზრი დაწერეს მოსამართლეებმა თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
9 დეკემბერს გამოქვეყნდა თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი, რომელშიც იგი განმარტავს, რატომ ფიქრობს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე“.
განსხვავებულ აზრს მოსამართლე ტუღუში იწყებს ამონარიდით თენგიზ აბულაძის საეტაპო ფილმიდან, „მონანიებიდან“:
– „ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?
– ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს.
– არა? მაშ, რა საჭიროა იგი?!"
„სამწუხაროდ, ამ პასაჟით მიწევს ... განსხვავებული აზრის დაწყება: რისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუ იგი უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებაზე?!" - წერს ის.
3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე.
სარჩელებით პრეზიდენტი და ოპოზიცია მიუთითებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა:
- ხმის მიცემის ფარულობა – პრეზიდენტი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მელნის გაჟონვამ ცხადყო, რომელ პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა;
- ხმის მიცემის საყოველთაობა – საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის მიცემის უფლება სახელმწიფომ უგულებელყო იმით, რომ არ უზრუნველყო მათ მიერ ხმის მიცემის უფლების გამოყენება.
პლენუმის შვიდმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები არ იყო დასაბუთებული და არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელების საფუძვლიანობას დაადასტურებდა.
ამასთან, მოსამართლეთა აზრით, სარჩელებში გამოკვეთილი არ იყო აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ეს შვიდი მოსამართლე იყო:
- მერაბ ტურავა – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
- ევა გოცირიძე;
- გიორგი თევდორაშვილი;
- ირინე იმერლიშვილი;
- ხვიჩა კიკილაშვილი;
- მანანა კობახიძე;
- ვასილ როინიშვილი.
მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში განსხვავებულ აზრში წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „არ გამოიკვლია საქმეში არსებული არგუმენტაცია და მტკიცებულებები და სარჩელები განსახილველად არ მიიღო სათანადო დასაბუთების გარეშე“.
„მოპასუხე მხარესთან კითხვაც კი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რით იყო ნაკარნახევი მოსარჩელეთა მიერ მითითებული პრობლემები. ჩემი შეთავაზების საწინააღმდეგოდ, საქმის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ, როდესაც, საკანონმდებლო ჩარჩო, ისევე, როგორც საქმის პრაქტიკული ასპექტები იძლეოდა მისი ფორსირების გარეშე, ზეპირი განხილვით, სათანადო გამოკვლევის შედეგად, გადაწყვეტის შესაძლებლობას“, - წერს მოსამართლე ტუღუში.
„კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლებიც თვალნათლივ წარმოაჩენდა კანონმდებლობიდან მომდინარე, კონსტიტუციური უფლებების დარღვევის რისკებს. ამავე დროს, კონსტიტუციურ სარჩელებში დასმული საკითხები იდენტიფიცირებული იყო იმდენად ცხადად, რომ მათი აღქმა რთული არ უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტებისთვის, არამედ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის. სასამართლოს უბრალოდ უნდა დაენახა და შინაარსობრივად შეეფასებინა სარჩელებში წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც მან არ გააკეთა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად უარი თქვა კონსტიტუციური კონტროლის, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული შეკავებისა და ბალანსის სისტემაში მისი იმანენტური ფუნქციის, განხორციელებაზე“, - მიიჩნევს იგი.
ფორუმი