Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი მოწმე ერთ საათში - ტერორიზმის საქმეზე დაკითხვები გრძელდება


სისხლის სამართლის საქმე ორი - ტერორიზმისა და შეთქმულება-ამბოხის - მუხლით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმე ორი - ტერორიზმისა და შეთქმულება-ამბოხის - მუხლით მიმდინარეობს.

სულ 35 წუთი სჭირდებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს, ტერორიზმისა და შეთქმულება-ამბოხის საქმეზე, მაგისტრი მოსამართლის წინაშე, მოწმის სტატუსით დაბარებული უკრაინაში მებრძოლი ქართველების დასაკითხად.

სუსი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა იგეგმებოდა.

სისხლის სამართლის საქმე ორი, ტერორიზმისა (28-323-ე მუხლი) და შეთქმულება-ამბოხის (315-ე) მუხლით მიმდინარეობს. საქმეს „საიდუმლოების გრიფი“ ადევს და მოწმეებს გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი.

ზუსტად 35 წუთი გაატარა 25 ივლისს დაკითხვაზე კონსტანტინე ჯღამაიამ. ის უკრაინაში 2022 წლიდან, არაერთ ცხელ წერტილში იბრძოდა.

გამოკითხვიდან გამოსულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არ ახსოვს“, კონკრეტულად რას ეკითხებოდა გამომძიებელი. სასამართლოს შენობა მან, ფაქტობრივად, კომენტარის გარეშე დატოვა.

სუსის მიერ გამოკითხული კონსტანტინე ჯღამაია, ის უკრაინაში 2022 წლიდან, არაერთ ცხელ წერტილში იბრძოდა.
სუსის მიერ გამოკითხული კონსტანტინე ჯღამაია, ის უკრაინაში 2022 წლიდან, არაერთ ცხელ წერტილში იბრძოდა.

მისი ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი კი ამბობს, რომ გაუთქმელობის პრინციპის გათვალისწინებით, საქმისა და დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, იმის თქმა შეუძლია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვას „ღიად უპასუხა“.

თორნიკე ჩიქოვანი, კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატი
თორნიკე ჩიქოვანი, კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატი

„ამ გამოძიებასთან ბატონ კონსტანტინეს არანაირი კავშირი არ აქვს. ყველა კითხვას ცალსახად ღია პასუხი მისცა. მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს, რატომ დაიბარეს ამ საქმეზე გამოკითხვაზე და ზოგადად რატომ არის ამ გამოძიების ნაწილი. ეს ადამიანი საქართველოს პატრიოტია, მოქალაქეა, რომელიც საქართველოს ინტერესებისთვის იბრძოდა უკრაინაში. გამოძიების შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევალ. ერთი რამ მინდა დავაზუსტო, რომ მან ყველა კითხვას ღიად უპასუხა და დასამალი არაფერი აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე ჩიქოვანი.

ასევე, 35 წუთი გაატარა დაკითხვაზე 25 ივლისს მოწმის სტატუსით დაბარებულმა ლაშა რუხაიამაც. ის ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. 2022 წლიდან კი იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. მიღებული აქვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ჯილდო.

ლაშა რუხაია თბილისის საქალაქო სასამართლოში
ლაშა რუხაია თბილისის საქალაქო სასამართლოში

ჟურნალისტების კითხვაზე, დაუსვა თუ არა გამომძიებელმა მას კითხვები ყოფილ მაღალჩინოსნებზე, მაგალითად, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ზურაბ ადეიშვილზე, ლაშა რუხაია ამბობს:

„დიახ, იყო მთავრობის ყოფილ წევრებზე გვარები, დიახ, ადეიშვილზე, ვიცნობ თუ არა, და ვიცნობ ინტერნეტიდან, პოლიტიკაში რომ იყო. აინტერესებდათ, ვინ იყვნენ ჩემი მეგობრები უკრაინაში. ყველამ იცის, ვინ იყო ჩემი მეგობარი. აინტერესებდათ, ვმეგობრობ თუ არა ბატონ მიშა ბატურინთან და ვმეგობრობ წლებია“.

ლაშა რუხაია ამბობს, რომ გამოძიება დაინტერესდა იმითაც, იცნობს თუ არა ის უკრაინაში მოქმედ „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს:

"მკითხეს, სად ვმუშაობდი, რითი ვიყავი დაკავებული. ვუთხარი, რომ ვარ 2008 წლის ომის მონაწილე, ვმსახურობდი მეოთხე ბრიგადაში და მათი სასაცილო კითხვა ის იყო, იარაღთან რა დამოკიდებულება გაქვთო და სამხედრო პირს იარაღთან რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სამხედრო ნაწილში. გარეთ კი საკუთარი დანა არ მაქვს სახლში.

დაინტერესდნენ, როდის წავედი უკრაინაში. თქვენი მეთაური ვინ იყოო, ვუპასუხე, რომ მამუკა მამულაშვილი იყო. იცნობ თუ არაო და მეთაური იყო და როგორ არ მეცოდინება. ვმეგობრობ, უდიდეს პატივს ვცემ, ქვეყნისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს“.

ლაშა რუხაია - დაკითხვა ტერორიზმის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილისა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინისა და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის სახელები ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, ამბოხების მუხლით დაწყებულ საქმეში გამოჩნდა.

მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებდა, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" და საქმე 315-ე ამბოხების მუხლითაც აღძრა.

„ქართული ლეგიონის“ მეთაურს 24 ივლისს ესაუბრა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი.

მამუკა მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე დაწყებული გამოძიებით, საქართველოს ხელისუფლება კრემლის დირექტივებს ასრულებს:

„ზღაპრები რუსულ სტილში შეუძლიათ უამბონ „ქართული ოცნების“ მოყვარულებს და არა ქართულ საზოგადოებას“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური
მამუკა მამულაშვილი, "ქართული ლეგიონის" მეთაური

რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების გამოძიება, ერთი თვის წინ, რუსეთის მიერ „ქართული ლეგიონის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გაგრძელებაა:

„რუსეთმა ძებნა გამოაცხადა რამდენიმე ასეულ მებრძოლზე. ამას პირდაპირი კავშირი აქვს სწორედ იმ მოვლენებთან, რაც ახლა საქართველოში ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული სპეცსამსახურები ახლა ცდილობენ ეს საკითხი ბოლომდე გაიტანონ და ივანიშვილი ამაზე თანახმაა. იმის გათვალისწინებით, თუ რა სცენარით მიჰყავს ივანიშვილს საარჩევნო კამპანია, ნიშნავს, რომ მას აქვს ძალიან მკაფიო დირექტივა, ჩვენგან გათავისუფლდეს“.

მამუკა მამულაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ის დააკავონ და რუსეთს გადასცენ:

„ჩემს წინააღმდეგ, გარდა რუსეთისა, არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, არც საქართველოში, არანაირი სისხლის სამართლის საქმე არასდროს ყოფილა აღძრული. რუსეთს ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის 8 საქმე აქვს აღძრული და ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს ზუსტად რუსეთში აღძრული საქმე და, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი ჩამოვალ საქართველოში, მათ შეუძლიათ ჩემი გადაცემა რუსეთისთვის, ისევე როგორც ჩემი სხვა ბიჭების.

ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორი პოზიცია ექნება ქართულ საზოგადოებას, რამდენად მოახერხებენ ისინი საკუთარი მებრძოლების დაცვას.

ჩვენ, ჩვენი მხრივ, არ ვსხედვართ გულხელდაკრეფილები, ჩვენ კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით ჩვენს დასავლელ მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ დაასანქცირონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ავანტიურაში იღებენ მონაწილეობას“, - ამბობს „ქართული ლეგიონის“ მეთაური.

ტერორიზმისა და ამბოხება-შეთქმულების საქმეზე ბოლო სამ დღეში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა უკრაინაში მებრძოლი ექვსი ქართველი:

  • ლევან ჭიღლაძე
  • გელა კახაბრიშვილი
  • ნადიმ ხმალაძე
  • ვაჟა ცეცაძე
  • კონსტანტინე ჯღამაია
  • ლაშა რუხაია

24 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ამავე საქმეზე გამოიკითხა ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილიც. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” პორტალის companyinfo-ს თანახმად, ელიზბარ რაქვიაშვილი კომპანიების „რეალ ავტოსა“ და „ახალი სტილის“ ერთ-ერთი მეწილეა.

2014 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ათამდე საქმე დაიწყო ამბოხება-შეთქმულების მუხლით, მათ შორის იყო „საბურავების საქმე“, როცა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით „ევრომაიდნის მოწყობას“ გეგმავდა, რისთვისაც „ზონდერჯგუფებს“ ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა.

ამბოხებისა და გადატრიალების საქმეზე გამოძიებები დაიწყო ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინაც.

გამოძიების შედეგები არცერთ საქმეზე არაა ცნობილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG