დოკუმენტში აღრიცხული დანაშაულები საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან გამოვლენილ სამხედრო აგრესიასაც მოიცავს და კრემლის რეჟიმის მსხვერპლთა შორის დასახელებულია საქართველოს მოქალაქე, გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია უკიდურესად პრინციპულია; რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, მრავალ პროცესს დაუდოს საფუძველი და ის ფასეული იქნება სამომავლოდ, მათ შორის - რუსეთის მაღალჩინოსნების დასჯის დროს, ჰააგში თუ სხვა ტრიბუნალების ფარგლებში.
- როგორ რუსეთს ხედავენ ევროპული ქვეყნები და რა ფაქტები მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში?
თავდასხმა უკრაინაზე 2014 და 2022 წლებში - მშვიდობიანი ხალხის სიკვდილი, ტანჯვა, ტერორი
რუსეთმა, 2014 წლის შემდეგ, 2022 წელს განაახლა „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა“ უკრაინაში.
„მისი [სამხედრო] ძალები განურჩევლად ესხმოდნენ თავს საცხოვრებელ რაიონებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დახოცეს ათასობით სამოქალაქო პირი და მოაწყვეს ტერორისტული აქტები მთელ ქვეყანაში“, - წერია ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებულ რეზოლუციაში.
იერიშების სამიზნეებად დოკუმენტში დასახელებულია: სკოლები, საავადმყოფოები, სარკინიგზო სადგურები, თეატრები და ასევე წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების ქსელები.
„ეს სასტიკი და არაადამიანური აქტები იწვევენ სიკვდილს, ტანჯვას, ნგრევასა და მოსახლეობის [იძულებით] გადაადგილებას“.
რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათი მოკავშირეები მიმართავდნენ მასობრივ სიკვდილით დასჯას, ადამიანების გატაცებას, სექსუალურ ძალადობას, წამებას, ადამიანების მასობრივ გადაყვანას ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში და სხვა სისატიკეებს უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამოქალაქო პირები მასობრივად დახოცეს ქალაქებში - ბუჩა, ირპენი, იზუმი და ლიმანი; ასობით ადამიანი დახოცეს მარიუპოლში, თეატრის შენობაზე მიზანმინართული თავდასხმის დროს; 60 მშვიდობიანი ადამიანი შეეწირა კრამატორსკში, სარკინგზო სადგურზე იერიშს.
დაიხოცა ასობით უკრაინელი ბავშვი. მათ ასევე იძულებით აშვილებდნენ და იძულებით დეპორტაციას ახდენდნენ.
"რუსეთის ფედერაცია გამოუდმებით აგრძელებს გაეროს წესდების პრინციპების დარღვევას აგრესიის აქტებით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლინობის წინააღმდეგ და აშკარად და უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, - წერია ტექსტში.
რეზოლუციის თანახმად, რუსეთის მიერ ნაჩვენები აგრესია "უტოლდება ტერორისტულ აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“.
რუსეთი იარაღად იყენებს სურსათსა და შიმშილს
რეზოლუციის თანახმად, რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისისთვის „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და უკრაინული პორტების ბლოკირების შედეგად“; რუსეთი განზრახ ანადგურებს მარაგებს, აჩერებს წარმოებას და აწესებს კვოტებს საკუთარი სასურსათო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტზე, რითაც აღრმავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს.
რუსეთი საფრთხეა ევროპის კონტინენტისთვის
„რუსეთი საფრთხეს უქმნის მთელი ევროპული კონტინენტისა და კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის უსაფრთხოებასა და დაცულობას“ - ევროპარლამენტარები ამგვარი დასკვნის საფუძვლად „უკრაინის ატომური სადგურების უსაფრთხოებისა და დაცულიბისთვის ძირის გამოთხრასა და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას“ ასახელებენ.
ტექსტის თანახმად: რუსეთის ოფიციალური პირები რამდენჯერმე დაემუქრნენ ევროპულ ქვეყნებს და მათ შორის - „სამხედრო-ტექნიკური ზომებით“.
მილსადენების „ჩრდილოეთი ნაკადი“ 1-სა და 2-ის დაზიანებამ (2022 წლის 26 სექტემბერს) გამოიწვია გაზის მასშტაბური გაჟონვა ბალტიის ზღვაში, „რაც ასევე წარმოადგენს ევროკავშირზე ეკოლოგიურ შეტევას“.
რუსეთის არმია, "ვაგნერი" მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ - საქართველოშიც
ევროპარლამენტარების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ჯგუფებისა და ნდობით აღჭურვილი მოკავშირეების, მაგალითად - „ვაგნერის“ სამიზნედ მშვიდობიანი ადამიანები სხვა ქვეყნებშიც იქცნენ.
დასახელებულია: ჩეჩნეთის მეორე ომი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, სირიის სამოქალაქო ომი და ასევე ნახსენებია ლიბია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და მალი.
„“ვაგნერის ჯგუფი“ იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ დახმარებას რუსეთის სახელმწიფოსგან და კერძოდ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან“, - წერია ტექტში.
რუსეთი ეხმარებოდა ტერორისტულ რეჟიმებს, ხოცავდა ადამიანებს თავის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნებში
ევროპარლამენტარების შეფასებით, რუსეთი ტერორისტულ რეჟიმებს მხარს უჭერდა და აფინანსებდა "მრავალი წლის განმავლობაში". დასახელებულია ასადის რეჟიმი სირიაში „რომელსაც რუსეთი აწვდიდა იარაღს და რომლის დასაცავადაც თავს განზრახ ესხმოდა მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას“.
რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ან სხვა სუვერენულ სახელმწიფოებში კლავდა ანდა მოკვლას ცდილობდა ყველა იმ ადამიანისა, რომელიც პუტინის დიქტატურას ეწინააღმდეგებოდა. დასახელებული არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, უცხოელი ლიდერები: ანა პოლიტკოვსკაია, ვიქტორ იუშჩენკო (ის გადარჩა), ბორის ნემცოვი, სერგეი მაგნიტსკი, ბორის ბერეზოვსკი, ჯოხარ დუდაევი, ზელიმხან ხანგოშვილი (საქართველოს მოქალაქე, მოკლული გერმანიაში) და სხვები.
რეზოლუცაში ასევე ნახსენებია: ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტი (ისინი გადარჩნენ), ФСБ-ის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ასევე ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტი, ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი (ის ახლა დაპატიმრებულია) და სხვა.
ტექსტის თანახმად, რუსეთის სათვალავზეა საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება ჩეხეთში, 2014 წელს.
რუსეთის ფედერაცია ეხმარება ლუკაშენკას რეჟიმს
ლუკაშენკა თავის ხალხს „წამების ჩათვლით, მასობრივი რეპრესიული ზომების უზარმაზარი ტალღით“ უპირისპირდება, ხოლო რუსეთი მას „აქტიურად უჭერს მხარს“ - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ტექსტში ნახსენებია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული შეთანხმებული ოპერაცია ბელარუსი დისიდენტის დაკავების მიზნით - აფეთქების ყალბი საფრთხე გამოყენებული იყო Ryanair-ის თვითმფრინავის მარშრუტის შესაცვლელად. „სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება სახელმწიფო ტერორიზმის აქტია“ - წერია რეზოლუციის ტექსტში.
ევროპარლამენტარები ლუკაშენკას ფიგურას უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის თანამონაწილედ განიხილავენ, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე შეტევისა და „აგრესორის ღია მხარდაჭერისთვის“.
მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდება და პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი
რეზოლუციაში რუსეთს 2014 წელს, მალაიზიის ავიახაზების (Malaysia Airlines) კუთვნილი თვითმფრინავის განადგურებასაც უხსენებენ, რომლის შედეგადაც 298 ადამიანის დაიღუპა. 2022 წლის 15 ნოემბერს, ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წელს „ბოინგის“ რეისი MH17, დონბასის თავზე, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „Бук-ის" მეშვეობით ჩამოაგდეს. ჰააგის სასამართლომ დამნაშავედ სცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, სეპარატისტი - იმ დროს დნრ-ის არმიის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფის მეთაური.
„რუსეთის ფედერაცია უარს აცხადებს მართლმსაჯულების საერთაშორისო ორგანოებთან თანამშრომლობაზე“, - წერია რეზოლუციაში და იქვე ნახსენებია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის მთავრობის წარმომდგენლების სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა სმოლენსკთან, რუსეთში მოხდა და გამოძიება მოსკოვმა დაიწყო.
„რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს აცხადებს, დააბრუნოს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის, Ту-154-ის ნარჩენები და შავი ყუთები“, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
რა ძალა აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას?
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუცია აუცილებლად შესასრულებელი არ არის; მაგრამ, ექსპერტების შეფასებით, მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა და ფასი აქვს, რისი გამოყენებაც ეფექტიანად არის შესაძლებელი.
თავად ევროპარლამენტარების განცხადებით, რეზოლუცია ამზადებს ნიადაგს იმისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ.
რუსეთის გასასამართლებლად ევროპელ დეპუტატებს საჭიროდ მიაჩნიათ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაც და ამისკენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს მოუწოდებენ.
ევროპელი დეპუტატების მოწოდებაა ასევე, რომ შეიქმნას ახალი კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც ტერორისტთა სიაში სახელმწიფოებიც შევლენ. ამჟამად ევროკავშირს ტერორისტების ნუსხაში მხოლოდ ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების შეყვანა შეუძლია.
პრეზიდენდ ზელენსკის ოფისის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, "რეზოლუცია რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესების საფუძველს ქნის" და ასევე იძლევა "მეორადი სანქციების" დაწესების სამომავლო შესაძლებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც "ტერორისტებთან ურთიერთობის ადრინდელივით გაგრძელება" სურთ.
"ევროპარლამენტმა გადააბიჯა ზედმეტად ლეგალისტურ მიდგომებს და პოლიტიკურ განცხადებებს უფრო თამამად აკეთებს, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ, რაც ძალიან სიმპტომატურია. ეს ნიშნავს, რომ [ევროკავშირში] აღარ აქვთ რუსეთთან, როგორც პარტნიორთან, დაბრუნების ილუზია" - თქვა კახა გოგოლაშვილმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა რადიო თავისუფლების პროგრამა "დილის საუბრების" ეთერში.
რეზოლუციის დამტკიცებას, 23 ნოემბერს, ევროპარლამენტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 44-მა თავი შეიკავა, 58 წინააღმდეგი იყო.
მანამდე, 21 ნოემბერს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს (რომელთა დიდი ნაწილი ევროკავშირის წევრიც არის) მოუწოდებს, "მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფო, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში, ტერორისტული სახელმწიფოა".
ოქტომბერში რუსეთი "ტერორისტულ რეჟიმად" აღიარა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ანალოგიური რეზოლუციები დამტკიცებული აქვთ ასევე ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტებს.