ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს, რომ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანონ ახმატ კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც პოლკ „ჩრდილოეთის“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ 23 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობენ.
როგორც ევროპარლამენტის პრესრელიზიდან ირკვევა, ამ სიაში შედის ასევე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი“ და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სხვა შეიარაღებული ჯგუფები.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინასთან საომრად ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: "ჩრდილოეთი-ახმატი", "სამხრეთი-ახმატი", "დასავლეთი-ახმატი" და "აღმოსავლეთი-ახმატი", რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. ჩეჩენთა ქვედანაყოფები უკრაინის წინააღმდეგ ომში მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული.
აპრილში უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში მონაწილეობდა.
უკრაინის ტერიტორიაზე 141-ე პოლკის საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა არაერთხელ დაადასტურა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა. თავის პირველ შეტყობინებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება, კადიროვმა უარყო ჭორები დანაყოფის მეთაურის, მაგომედ ტუშაევის დაღუპვის შესახებ. ამჟამად პოლკს მეთაურობს ჰასმაგომედ მაგომადოვი, ხოლო ტუშაევი 96-ე ოპერატიული პოლკის მეთაურად დაინიშნა.
ნოემბრის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკთან განადგურებულია ჩეჩენთა ბატალიონ „ახმატის“ 30-ზე მეტი წევრი და 15-მდე დაჭრილია.
რამზან კადიროვი, რომელზეც უკრაინამ ძებნა გამოაცხადა, იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომ უკრაინაში მოკლულია 23 ჩეჩენი მებრძოლი.