Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადავიღე და გავუგზავნე" - სოხუმი "საქართველოს ჯაშუშის" დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს


კახა მურადოვი
კახა მურადოვი

47 წლის კახა მურადოვი "აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას მტრულ სპეცსამსახურებს აფხაზეთის რესპუბლიკის საზიანოდ", - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური, რომელიც იუწყება, რომ "საქართველოს ჯაშუში" 2024 წლის 24 აპრილს გაგრაში, "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე" დააკავა.

კახა მურადოვს ოკუპირებული აფხაზეთის "მოქალაქეობა" აქვს. აფხაზური უშიშროების გავრცელებულ კადრებში ის ამბობს, რომ ქართულ პასპორტს ნათესავებთან მალავდა.

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსიით, კახა მურადოვს გაგრაში დაკავებისას სახლში უპოვეს "ტექნიკური საშუალებები", რომლითაც "ჯაშუში" ინფორმაციას გადასცემდა საქართველოს სპეცსამსახურებს. ჩხრეკისას გადაღებულ კადრებში ჩანს ორი მობილური ტელეფონი.

ვიდეოში, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს, კახა მურადოვი ჰყვება, რომ უნდა მოეძებნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეისადმი ლოიალური აფხაზები, გამოეკვლია მათი მდგომარეობა და თუ საჭირო იყო, ფინანსურადაც დახმარებოდა - "ამისთვის ერთი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი".

ვიდეოდაკითხვისას ის ამბობს, რომ დაიბადა აფხაზეთში და ცხოვრობდა გაგრაში. 1994-1999 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. 25 წლის წინ დაიწყო თანამშრომლობა საქართველოს დაზვერვის სამსახურთან.

დაკავებული ჰყვება, რომ 2017 წელს იგი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანს გაგრის ბატალიონის ყოფილმა მეთაურმა მურთაზ ჭელიძემ თბილისში გააცნო.

"მან [მურთაზ ჭელიძემ] გამაცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ინვერ ფერცელიანი. მოგვიანებით ინვერმა გამაცნო კახა საბანაძე [სხვადასხვა დროს საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე. 2015 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა სუსში - რ.თ.]", - ამბობს მურადოვი დაკითხვაზე, რომლის დროსაც მას იღებენ.

მურადოვის თქმით, ეს მოხდა 7 წლის წინ, როდესაც ის სამკურნალოდ თბილისში ჩავიდა. მისი თქმით, ოპერაციის საფასურის ნაწილი - 7000 ლარი მას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გადაუხადა. სწორედ ამ დროს გაიცნო მან სუსის თანამშრომლის მურთაზ ჭელიძის სახლში უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი ლაშა კაკუბავა.

"ლაშამ მითხრა, რომ არავის გაეგო ჩვენი გაცნობის და ჩემი დავალებების შესახებ. გაგრაში ორი სახლის გადაღება მთხოვა. მერე, როცა აფხაზეთში ჩავედი, ტელეფონით მთხოვა კიდევ ორი სახლის გადაღება. სახლები გადავიღე და ლაშას გავუგზავნე. როცა ვკითხე, რისთვის სჭირდებოდათ ეს, თქვა, რომ ეს ობიექტი მათ აინტერესებთ და უნდათ ფოტო-ვიდეომასალა", - ამბობს მურადოვი კამერის წინ.

ვიდეოზე გადაღებულ "ჩვენებაში" კაცი ჰყვება, რომ მას აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული მატარებლების თვალთვალიც ჰქონდა დავალებული, უნდა გაეგო შედიოდა თუ არა ასე აფხაზეთში სამხედრო ტექნიკა და აღერიცხა ის. ასევე, დაგეგმილი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი "ჩანერგვა" აფხაზეთის "სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამხედრო ობიექტებზე".

მისივე თქმით, ბოლოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ის 2023 წლის 17 მაისს ლაშა კაკუბავას თხოვნით იმყოფებოდა. ის ასევე ამბობს, რომ ლაშა კაკუბავამ გააცნო თავისი ბიძა ბორის კაკუბავა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომელმაც 1992-1993 წლების ომის დროს გაგრის ბატალიონი შექმნა.

"[ბორის კაკუბავამ] სიტყვიერად მითხრა: მოძებნე ლოიალური ადამიანები აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლებიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას ემხრობიან. ამისთვის კი მილიონი ლარი გამოიყოფა. ვთქვათ, ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს საყოფაცხოვრებო ან სხვა პრობლემა. უნდა მენახა, შემესწავლა და დახმარება გამეწია, ფინანსურად", - ჰყვება მურადოვი "ჩვენების" ვიდეოში.

​ფეისბუკის აფხაზი მომხმარებლები მურადოვის დაკავების პოსტზე აკომენტარებენ, რომ ეს ერთი შემთხვევა არ იქნება და, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან საჭიროა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების შემოწმება.

"უნდა დავაკვირდეთ ზოგიერთ უჩინარ ადამიანს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ მთელი 30 წელი... ომის შემდეგ", - წერს ერთ-ერთი აფხაზი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

რადიო თავისუფლება კახაბერ საბანაძესთან, ლაშა და ბორის კაკუბავებთან და მურთაზ ჭელიძესთან დაკავშირებას შეეცადა.

მურადოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 9 მაისს აღძრეს. დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, გრძელდება გამოძიება სახელმწიფო ღალატის ყველა ფაქტისა და ეპიზოდის დასადასტურებლად.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ "მურადოვი კავშირს ინარჩუნებდა სახელმწიფო საბჭოს ე.წ. გაგრის ბატალინის მეთაურებთან, რადიკალური ნაციონალური მოძრაობა მხედრიონის წევრებთან, ასევე ქართული ლეგიონის დაქირავებულ ბოევიკებთან, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს".

აფხაზეთში ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე: ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე და ასმათ თავაძე.

2020 წლის 30 სექტემბერს, როცა აფხაზები "დამოუკიდებლობისა და გამარჯვების" დღეს აღნიშნავდნენ, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული "აფხაზეთის დროშა" დაწვა. როგორც ბებუას ახლობლები ამბობენ, ამ ფაქტის შემდეგ გალში, ბებუას სახლი გაჩხრიკეს, რა დროსაც, ბრალის დასამძიმებლად, მილიციამ მას ხელყუმბარა "ჩაუდო". ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ქრისტინე თაკალანძეს, რომელსაც "ჯაშუშობაში" ადანაშაულებდნენ. თაკალანძეს დე ფაქტო პროკურატურა ბრალად სდებდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისამდე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემას.

რაც შეეხება ასმათ თავაძეს, დე ფაქტო სამართალდამცველები აცხადებენ, რომ თავაძის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკები – დროშა და შევრონი. მას ასევე 10 გრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავებიან.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG