Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ აფხაზი მომხრეები


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენატის ადმინისტრაცია სოხუმში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენატის ადმინისტრაცია სოხუმში.

ავტორი აფხაზეთიდან*

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საზოგადოების ყურადღება არ შეიძლება არ მიეპყრო საქართველოს პარლამენტში და მის გარეთ უკანასკნელ დღეებში მიმდინარე ბობოქარ მოვლენებს, როცა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ერთი წლის შემდეგ მეორედ შეეცადა საკანონმდებლო ორგანოში გაიტანოს ე.წ. კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ.

ეხმაურებიან რა იმას, რომ, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ტრიბუნიდან ჩამოაგდო თავში მუშტის დარტყმით, აფხაზმა კომენტატორებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთის პარლამენტში ზოგჯერ დუღს ვნებები, მაგრამ, როგორც ყველაზე პედანტები იხსენებენ, მეოთხე და მეხუთე მოწვევის დეპუტატები დიდი-დიდი ერთმანეთს ეძიძგილავებოდნენ...

აქციაზე დევნის ქრონიკა
please wait

No media source currently available

0:00 0:07:27 0:00

სავსებით მოსალოდნელი იყო შედარება, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიებს იმ კანონპროექტთან საქართველოში და ანალოგიურთან, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის დასაწყისში გაუგზავნა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს. მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტის თანამეგობრობის განცხადებების კითხვისას, რომ აფხაზეთში მომხმარებლებს საერთოდ არ სურთ აქ ანალოგიების დანახვა.

აი, რა პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუკში ბლოგერმა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოღვაწემ, ასტამურ კაკალიამ:

„ჩემი აზრით, ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, არის მცდელობა, ამასთან, უკიდურესად ველური ფორმით, დაიცვან ფინანსების დენა, რაც კვებავს ქართულ ოპოზიციას. მკაფიო არგუმენტების არარსებობის პირობებში გამოიყენება სიტუაციის ესკალაციის ყველაზე პრიმიტიული მეთოდები. ჯერ ერთი, ისინი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თავდასხმას ახორციელებენ პარლამენტში, მხარდამჭერები ქუჩაში გამოჰყავთ და საზოგადოებაში მაქსიმალურად აღვივებენ სიძულვილს. მერე, დიდი ალბათობით, 1937 წელზე და რეპრესიებზე ატეხენ ყვირილს და რაც მეტი ხალხი მოხვდება ამ შეტაკებებში, მით უკეთესი იქნება მათთვის. ასე მოახდენენ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, ამომრჩევლების და პოლიტიკოსების დაშინებას და ამ გზით შეეცდებიან ხელისუფლებაში მოსვლას. ხელისუფლებაში მათი მოსვლა აფხაზეთს კარგს არაფერს უქადის. საკუთარი დაფინანსების გასამართლებლად ჩვენს საზღვარზე სიტუაციის გამწვავებაზე წავლენ. ასე რომ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ დაპირისპირებაში საქართველოს ხელისუფლების გამარჯვება აფხაზეთისთვის ბევრად უფრო სასურველია“.

ბევრი კომენტატორის რეაქცია იყო, რომ აქ არაფერია უცნაური, რადგან ცნობილია, თუ ვინ არის ახლა საქართველოში ე.წ. „მეორე ფრონტის“ მომხრე:

„‘რევანშისტები’, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, დასავლური ფულით ეწევიან „ანტირუსულ [კამპანიას]“.

„დიახ, თავად საქართველოსთვის უფრო მომგებიანია რუსეთთან მშვიდობა და ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ რევანშისტებს ნაკლებად აინტერესებთ ქვეყნის ინტერესები და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება. მათ ‘ექშენი’ უნდათ. შეკვეთა უფასო არ არის და ამიტომ ისინი განაგრძობენ საქართველოში ვითარების დაძაბვას. მხოლოდ საგიჟეთის შექმნით და სიტუაციის დესტაბილიზაციით ეძლევათ შანსი, მოექცნენ ხელისუფლებაში“.

„მე რომ ხელისუფლება ვიყო, აუცილებლად მივიღებდი ამ კანონს პარლამენტში ასეთი გამოხდომის შემდეგ. მათ უნდა უპასუხონ იმავე გზით, თუნდაც ძალაზე ძალის გამოყენებით და ტემპერატურა უნდა აწიონ. სხვანაირად არ გამოვა.“

„იქ ხელისუფლება შიშობს, რომ ეს თანხა 5 თვეში არჩევნებში იქნება გამოყენებული და ეს მოხდება.“

თუმცა იყო სიტუაციის არც ასე ცალმხრივად გაანალიზების მცდელობებიც.

„ერთნი კანონს იყენებენ ძალაუფლების გასაძლიერებლად, სხვები სიტუაციის ასარევად. ერთნიც და მეორენიც დაკვეთას ასრულებენ!“

„უბრალოდ რატომ არ მოაშორებენ ამ ‘წითელ ნაჭერს’ ცოტა ხნით, რომ არავის პროვოცირება არ მოახდინონ?... ბრძენი, დამოუკიდებელი პოლიტიკოსები ამ კანონის განხილვას უკეთეს დრომდე გადადებდნენ. მიმაჩნია, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არა აქვთ მკაფიო არგუმენტები“.

„ასე საკუთარი ხელით ავსებენ ოპოზიციის რიგებს.“

ამ დროს აფხაზეთში ჯერ არ არის რაიმე სიახლე უცხოეთის აგენტების შესახებ ადგილობრივი კანონის თაობაზე, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საგადასახადო ორგანოებისთვის, რომ 16 აპრილს დაეხურათ ერთ-ერთი უძველესი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის (ЦГП) ანგარიშები. როგორც „აბხაზსკი პორტალი“ იტყობინება დღეს, ამჟამად მიმდინარეობს ЦГП-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეული თანამშრომლების პირადი ანგარიშების შემოწმება.

ცენტრის იურისტმა საიდ გეზერდავამ საგადასახადო ორგანოების ქმედებებს „პოლიტიკური დაკვეთის აღსრულება“ უწოდა. აფხაზი კომენტატორების უმეტესობა ამ ცნობას უარყოფითად გამოეხმაურა, დაგმეს ხელისუფლების ქმედებები და საპროტესტო გამოსვლების მოწოდებით გამოვიდნენ. „მშვიდობიანი გზით ისინი უკვე ვეღარ გაიგებენ“, - წერს ერთ-ერთი კომენტატორი. „მათში“ მან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება იგულისხმა.

* ამ პუბლიკაციის ავტორთა ვინაობას არ ვასაჯაროებთ, ვინაიდან არსებობს რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონის მიხედვით მათი სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხე.

XS
SM
MD
LG