Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის რევოლუცია - ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე


საპროტესტო აქცია ერევანში
საპროტესტო აქცია ერევანში

პირველ მაისს სომხეთის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს. ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია, რომელიც, უკვე ორი კვირაა, სომხეთში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს ხელმძღვანელობს.

პოლიტიკური პატიმრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატამდე

„დიახ, მე მზად ვარ ვიკისრო პასუხისმგებლობა და გავხდე სომხეთის პრემიერ-მინისტრი“ - ასე დაასრულა თავისი გამოსვლა 29 აპრილს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ათასობით მომიტინგის წინაშე ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღეს ის ოფიციალურად წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც სომხეთში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ასე ადვილად გადადგებოდა, მისი გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ კი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა, რადგან მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამაც კი მოხსნა თავისი კანდიდატურა.

ნიკოლ ფაშინიანი აქციაზე
ნიკოლ ფაშინიანი აქციაზე

„ვერ გავთვალეთ, რამდენად ინტენსიური და ხისტი ცვლილებები გველოდა“, - ამბობს „სომხეთის რეგიონალური კვლევების ცენტრის“ დირექტორი, პოლიტოლოგი რიჩარდ გირაგოსიანი.

საპროტესტო გამოსვლების მასშტაბი ვერც ხელისუფლებამ გათვალა. სომხეთში 12 აპრილს დაწყებულ აქციაში სულ მალე თითქმის მთელი სომხეთი ჩაერთო. მართალია, მთავრობამ სცადა აქციების ჩახშობა (22 აპრილს ფაშინიანი და მისი ორი თანამებრძოლი „საზოგადოებისთვის საშიში ქცევის“ მოტივით დააკავეს), მაგრამ ამან პროტესტი კიდევ უფრო გააღვივა და მეორე დღეს არა მხოლოდ ფაშინიანი გაათავისუფლეს პატიმრობიდან, არამედ რამდენიმე საათში ყოფილი პრეზიდენტი, ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა.

ნიკოლ ფაშინიანი სომხებისთვის გმირი გახდა. „ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო და ხელისუფლებას ბოლომდე ებრძოლა. მან უშიშრობის მაგალითი გვაჩვენაო“, - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

10 წლის წინ კი, როდესაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, სერჟ სარგსიანი, მოღვაწეობას იწყებდა, ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკური პატიმარი იყო.

ნიკოლ ფაშინიანის სახეცვლილება

ფაშინიანი არამხოლოდ ოპოზიციის ლიდერია. მას სომხეთში უყურებენ როგორც რიგით დემონსტრანტს - ადამიანს, რომელიც აქციებზე მათ წინ ან მათ მაღლა კი არა, მათ გვერდით დგას. მისი გარეგნობაც კი ისეთია, სხვა დემონსტრანტებისგან ვერაფრით გამოარჩევ: მოშვებული წვერი, დაუვარცხნელი თმა, უბრალო მაისური, მოხერხებული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი, ზურგჩანთა და კეპი, რომელსაც ყოველ აქციაზე იცვლის. და, რაც მთავარია, ის არ არის ერევნელი პოლიტიკოსი. ის სომხეთის პროვინციულ ქალაქ იჯევანში დაბადებული და გაზრდილი ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც ხალხს „მუდამ სამართლიანობისთვის მებრძოლად“ ახსოვს.

ნიკოლ ფაშინიანი აქციის მონაწილეებთან
ნიკოლ ფაშინიანი აქციის მონაწილეებთან

ამით ის პოლიტიკურ სცენაზე შეკრებილი სხვა თანაპარტიელებისა თუ თანამებრძოლებისგანაც გამოირჩევა. პიჯაკებში გამოწყობილი ოპოზიციის ლიდერები საპროტესტო გამოსვლების დროს მიმართვას ყოველთვის მასზე ადრე იწყებენ, ბოლო სიტყვა კი ფაშინიანზეა. მისი სახელის გამოცხადებას მუდამ ხმამაღალი ოვაციები მოჰყვება ხოლმე, შეძახილით: „ნი-კოლ! ნი-კოლ!“ ან „ნიკოლი პრემიერად“.

მისი დღევანდელი იმიჯი სრულიად განსხვავებულია 10 წლის წინანდელი, წვერგაპარსული, დავარცხნილი და პიჯაკიანი ნიკოლ ფაშინიანისგან. „ეს შემთხვევითი სულაც არ არისო“, - ამბობს რიჩარდ გირაგოსიანი. - „ეს კარგად გათვლილი ტაქტიკური ნაბიჯია, თუმცა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ის ბევრად ახლოსაა ხალხთან, ვიდრე სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, უფრო კარგია, ვიდრე ცუდი“.

„სახალხო გმირი“

23 აპრილს სერჟ სარგსიანის გადადგომამ კიდევ უფრო აამაღლა ფაშინიანის რეპუტაცია ხალხის თვალში. აქციები ზეიმად იქცა და ეს ზეიმი დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეები ფაშინიანთან მიახლოებას, მასთან ფოტოს გადაღებას, ავტოგრაფის ჩამორთმევასაც კი ცდილობენ. ამის გამო მსვლელობებისას, რომელსაც ფაშინიანი ყოველი აქციის დასრულების შემდეგ მართავს, მის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი იკვრება.

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის ასეთი პოპულარობა პოლიტოლოგ რიჩარდ გირაგოსიანს ახსენებს საქართველოში 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს, მიხეილ სააკაშვილისადმი ხალხის დამოკიდებულებას. „ის, რომ ასეთი სახალხო ნდობის შემდეგ სააკაშვილის მოაღვაწეობა საპროტესტო გამოსვლებითვე დასრულდა, ფაშინიანისთვის კარგი გაკვეთილიაო“, - ამბობს გირაგოსიანი და დასძენს, რომ ამ კუთხით სომხეთის პრემიერობის კანდიდატს ერთი უპირატესობა აქვს: „ვფიქრობ, ფაშინიანი ცდილობს არ მიმართოს შურისძიების პოლიტიკას, სააკაშვილი კი პირიქით აკეთებდა და ბოლოს თვითონვე გახდა შურისძიების პოლიტიკის მსხვერპლი“.

აქცია იჯევანში
აქცია იჯევანში

სომხეთის მოსახლეობა არამარტო ერევნის ქუჩებში მართავს აქციებს. ისინი გამოდიან ყველგან, გამონაკლისის გარეშე. კეტავენ ქუჩებს, ცენტრალურ მაგისტრალებს, არ უშვებენ ტრანსპორტს, მათ შორის სატვირთო მანქანებს.

როდესაც 27 და 28 აპრილს აქციებმა ერევნიდან ჯერ სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში, შემდეგ კი იჯევანსა და ვანაძორში გადაინაცვლა, ფაშინიანის წინამძღოლობით ერევნიდან წამოსულ ასობით მანქანის კოლონას ხალხი გზად ყველა დასახლებაში ხვდებოდა და უერთდებოდა.

თუმცა არც ერთ ამ აქციაზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარება ერთხელაც არ დაძაბულა. პოლიცია სიტუაციას შორიდან უყურებს. ვითარების გამწვავებას ყველა ერიდება.

„სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ ძალოვნებმა გაიაზრეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა იცვლება და ისინი მომავალ მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვას ერიდებიან“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი წოვინარ ნაზარიანი.

რუსეთი, დასავლეთი და სომხეთის უახლოესი მეზობლები

29 აპრილს ერევანში გამართულ აქციაზე ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრაზე ილაპარაკა: „მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა, რომელმაც თბილად ჩაიარა. მათ კიდვ ერთხელ აღნიშნეს, რომ ეს პოლიტიკური პროცესი კი არ ემუქრება რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას, არამედ უფრო გააღრმავებს მას“.

სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, თუმცა, ამავდროულად, ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმებაზე. ნიკოლ ფაშინიანი ბევრს არაფერს ამბობს იმაზე, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით წავა სომხეთის საგარეო პოლიტიკა, თუმცა 29 აპრილს თავის გამოსვლაში მან ისიც აღნიშნა, რომ „გააღრმავებს ურთიერთობას ყველა პოტენციურ პარტნიორთან, მათ შორის ევროკავშირთან, ამერიკასთან, რუსეთთან, ჩინეთსა და უახლოეს მეზობლებთან, ირანსა და საქართველოსთან“.

აქცია გიუმრიში
აქცია გიუმრიში

„ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის სომხეთის პროგრამის კოორდინატორი ოლია აზატიანი მიიჩნევს, რომ, პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს სარგსიანის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს: „ბევრი სპეკულაციაა იმის შესახებ, თუ რომელი გარე ძალის ხელი ურევია ამ საპროტესტო გამოსვლებში, მაგრამ, ჩვენი დაკვირვებით, ამ მოძრაობას არ აქვს არანაირი საგარეო პოლიტიკური მიმართულება. ის თავიდან ბოლომდე მიმართულია სომხეთის შიდა დემოკრატიზაციისკენ“.

რაც შეეხება აზერბაიჯანს და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, ნიკოლ ფაშინიანმა 30 აპრილს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის სრულიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას და ერთ-ერთი პირველი, რასაც გააკეთებს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არის ამ თვალსაზრისით მდგომარეობის შესწავლა: „აზერბაიჯანს აგრესიული და არაკონსტრუქციული პოზიცია აქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, თანმიმდევრულად გავაძლიეროთ ჩვენი არმიის საბრძოლო მზაობა, ავამაღლოთ ჩვენი საზოგადოების განწყობა [...]; მხოლოდ ასე მოვაქცევთ აზერბაიჯანს კონსტრუქციულ ჩარჩოებში“.

მთავარი გამოწვევა - ხალხის დიდი მოლოდინი

პრემიერ-მინისტრობა ნიკოლ ფაშინიანს, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს. დღეს, 30 აპრილს, ოპოზიციამ ოფიციალურად ერთხმად წარადგინა პრემერ-მინისტრობის კანდიდატად. ფაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სომხეთის „წარუკიანის ბლოკმაც“, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ძალაა სომხეთის პარლამენტში.

XS
SM
MD
LG