Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის საგარეო უწყება: სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა


მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა ჩინეთის პრეზიდენტმაც მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობა ჩინეთის პრეზიდენტმაც მიულოცა.

ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს, - რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობენ სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 3 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

სამინისტროს ცნობითვე, წერილში „სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორობა ინარჩუნებს განვითარების პოზიტიურ იმპულსს“.

წერილის თანახმად, საქართველო და ჩინეთი „აგრძელებენ პოლიტიკური ურთიერთნდობის კონსოლიდაციას, აღწევენ ნაყოფიერ შედეგებს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით და აქვთ ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობა“.

„მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტთან, რათა გავაგრძელო ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა, გავაღრმაო ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და ხელი შევუწყო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო განვითარებას, რათა ორი ქვეყნის ხალხმა მეტი სარგებელი ნახოს“, - საგარეო უწყების თანახმად, მისწერა სი ძინპინმა მიხეილ ყაველაშვილს.

ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები პრეზიდენტობასთან დაკავშირებით ხუთი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:

  • აზერბაიჯანი;
  • სომხეთი;
  • ბელარუსი;
  • სერბეთი
  • თურქეთი.

2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას არ ცნობენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი, - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.

„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.

სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და კონსტიტუციონალისტების ნაწილი ამბობენ, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას იმდენად, რამდენადაც ეჭვქვეშ დგას ლეგიტიმაცია პარლამენტისა, რომლის წევრებმაც მიიღეს მის არჩევაში მონაწილეობა.

„ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს:

  • სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა;
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა;
  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა;
  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა;
  • ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა;
  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა;
  • „ქართული ოცნების“ „ვარსკვლავურ გამარჯვებაზე“ ისაუბრა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, - რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
  • „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მიესალმნენ ასევე რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG