Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სევდა და სიხარული ქობანიში - ფოტოთი მოყოლილი ამბები


მარიამ აშრაფი
მარიამ აშრაფი

მარიამ აშრაფი ქობანიში პირველად ოთხი წლის წინ ჩავიდა - სირიისა და თურქეთის საზღვარზე მდებარე ამ ქალაქში მცხოვრები ქურთების გადასაღებად. უფრო სწორად, იქაურების ამბების მოსაყოლად. ევროპაში მცხოვრები ირანელი ფოტოხელოვანი თავიდან სოციოლოგიით იყო დაინტერესებული და დღემდე ასეთი მიდგომით მუშაობს - ადგილზე დიდხანს, ერთი თვე მაინც ჩერდება, რადგან უკეთ გაიცნოს იქ მცხოვრები ადამიანები. ნახოს, რითი ცხოვრობენ, რას აკეთებენ...

მას შემდეგ მარიამი ცდილობს ქობანიში ყოველ წელს ჩავიდეს. იქ მას მხოლოდ „ფოტოს სუბიექტები“ ან „ამბების გმირები“ კი არა, მეგობრები და ახლობლები ეგულება.

ოქტომბრის ბოლოს მარიამ აშრაფმა თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმში საკუთარ გამოცდილებაზე ილაპარაკა და დამსწრეებს მისი გადაღებული ფოტოები აჩვენა. მანამდე კი, რადიო თავისუფლებას მოუყვა თავისი ამბები და რამდენიმე ფოტოს გამოყენების უფლებაც მისცა.

ეს მარიამის მოყოლილი ამბებია ქობანიში ცხოვრების, ბრძოლის, გართობისა და სიკვდილის შესახებ.

ქურთი მებრძოლების დაკრძალვა ქობანიში
ქურთი მებრძოლების დაკრძალვა ქობანიში

დასაფლავება და ახალი წელი

როდესაც პირველად ქობანიში ჩავედი, რამე განსაკუთრებული მოლოდინი, წინასწარგანწყობა არ მქონია. ქურთებს მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ ისინი დიასპორას წარმოადგენდნენ. საზღვარგარეთ მცხოვრები ხალხი კი სულ სხვანაირად ცხოვრობს.

ქობანიში ჩასვლიდან მალევე ერთ დილით დაკრძალვაზე წავედი. შვიდ მებრძოლს ასაფლავებდნენ. ქობანისათვის ბრძოლა თითქოს დასრულებული იყო, მაგრამ მის შემოგარენში შეტაკებები მაინც გრძელდებოდა. ცხადია, მძიმე დილა იყო. შვიდი კაცი მიაბარეს მიწას.

ქურთი მებრძოლების დაკრძალვა ქობანიში
ქურთი მებრძოლების დაკრძალვა ქობანიში

თუმცა, დაკრძალვის შემდეგ სახლში როდესაც დავბრუნდით თქვეს - ამაღამ ახალი წელია, ზეიმისთვის უნდა მოვემზადოთო.

საოცარი იყო, როგორ შეძლეს ასე სწრაფად გადართულიყვნენ სევდისა და დეპრესიისგან სიხარულისკენ. იმ ღამეს ყველა ცეკვავდა. ყველა იცინოდა.

ქობანიში ახალ წელს ზეიმობენ
ქობანიში ახალ წელს ზეიმობენ

თუმცა, თუ დააკვირდებოდი, დაინახავდი, რომ ეს ჩვეულებრივი ზეიმი არ იყო. ფეხს როდესაც წევდნენ, ამაშიც კი ბრაზი იკითხებოდა. გართობა, სევდა, სიხარული, სევდა - ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო.

ამ დღეს მივხვდი, სადაც ვიყავი.

როსტამი და მისი და-ძმა

იქ გაცნობილი ადამიანებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალბათ ამ ბიჭმა მოახდინა, რომლის პორტრეტიც 2016 წლიდან ჩემი ტელეფონის ეკრანზე მაქვს დაყენებული და ვისაც დღეში რამდენჯერმე ვუყურებ თვალებში. როსტამი ქვია.

4 წლის როსტამი
4 წლის როსტამი

2015 წლის ივნისში პარიზში ვიყავი, როდესაც შევიტყე, რომ ისლამურმა სახელმწიფომ ახალი შეტევა განახორციელა ქობანიზე. მოულოდნელი თავდასხმა იყო, რადგან არავის ეგონა, რომ ისინი თურქეთის მხრიდან მოახერხებდნენ შეტევას. უამრავი ადამიანი დახოცეს - ორ დღეში ორასზე მეტი ადამიანი მოკვდა.

როსტამი აქედან რამდენიმე თვის შემდეგ გავიცანი, როდესაც მორიგჯერ ჩავედი ქობანში. ამ თავდასხმის დროს მან ორივე მშობელი დაკარგა. ჯერ მამამისი გავიდა გარეთ, რომ გაეგო, რა ხმაური იყო და დაიღუპა. ერთ საათში კი დედამისს მოხვდა ტყვია, როდესაც ქმრის ცხედრის სახლში შემოტანას ცდილობდა.

როსტამი ორი წლის იყო. ის ახლა ბებიასთან, დეიდასთან და ბიძასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა მასზე ძირითადად მისი უფროსი და, არჯინი ზრუნავს, რომელიც 11 წლისა იყო. როდესაც მოუხდა, რომ მშობლის ტვირთი ეკისრა. არჯინს მისი 9 წლის და იქსლასი ეხმარება ხოლმე. ერთად ზრუნავდნენ როსტამზე, 4 წლის ქსებატზე და ერთი წლის ჰამუდზე.

არჯინი და როსტამი თამაშობენ
არჯინი და როსტამი თამაშობენ

ბევრი ომის ბავშვი მინახავს და ეს გოგო, არჯინი, ჩემთვის ყველა მათგანს განასახიერებს - სახეზე ემოცია თითქმის არასდროს ეტყობოდა. 11 წლისა იყო, მაგრამ ბავშვი აღარ იყო - მისი ბავშვობა აი ამ პასუხისმგებლობამ წაიღო - რომ დედა ცოცხალი აღარ იყო და მის გასაკეთებელს ახლა თავად უნდა გამკლავებოდა.

11 წლის არჯინი
11 წლის არჯინი

როსტამს და მის და-ძმას ყოველ ჩასვლაზე მოვინახულებდი ხოლმე. ახლა კი არ ვიცი, როგორ არიან, რას აკეთებენ, ცოცხლები არიან თუ არა.

„ხომ იცი, სადაც უნდა მნახო“

ყოველ ჯერზე, როდესაც ვბრუნდები ხოლმე, თან მიხარია იქაური მეგობრების ნახვა, მაგრამ თან ამას შიშიც ახლავს. როგორც წესი, ბრძოლაში დაღუპულთა ფოტოებს ქუჩაში ერთ კედელზე აკრავენ ხოლმე, ან სახლში, რომელსაც „წამებულთა სახლი“ ჰქვია.

ჩასვლისას ვიცი, რომ უნდა მივიდე და შევამოწმო, ვინმე ნაცნობის პორტრეტი ხომ არ კიდია. მაგრამ, ამას თან ყოველთვის შიშით ვაკეთებ, რადგან ვიცი, რომ ნაცნობ სახეს აუცილებლად დავინახავ. ადამიანებს, რომლებსაც წინა წელს ვხვდებოდი.

ქურთი მებრძოლი ქალი ქობანიში
ქურთი მებრძოლი ქალი ქობანიში

ერთი გოგო იყო - წარმოშობით ისიც ირანიდან. ირანელი ქურთი იყო, რომელიც იქ იბრძოდა. 2015 წელს გავიცანი. დავმეგობრდით. როდესაც ჩემი გამგზავრების დრო დადგა, გამოსამშვიდობებლად მივედი. ვუთხარი, რომ მომავალ წელს აუცილებლად დავბრუნდები მეთქი. მიპასუხა: რომ ჩამოხვალ, თუ ვეღარ მიპოვი, ხომ იცი სადაც უნდა მნახოო. ძალიან გავუბრაზდი. ვუთხარი ეგრე ნუ ხუმრობ მეთქი. თუმცა, მერე მივხვდი, რომ არ უხუმრია. მათთვის ეს ჩვეულებრივი, ყოველდღიური ამბავი იყო.

შემდეგ წელს, მართლაც, მისი საფლავის მონახულება მომიწია.

20.05.2017

სამი ქურთი მებრძოლი ტაბქაში
სამი ქურთი მებრძოლი ტაბქაში

ეს ფოტო ქალაქ ტაბქაში, 2017 წლის 20 მაისს, 9:48 წუთზე გადავიღე. ტაბქა ორი კვირის წინ ქურთმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს ისლამური სახელმწიფოსგან. შეტაკების ბოლო ადგილი კაშხალი იყო. იქ სხვა ჟურნალისტებთან ერთად ჩავედი მებრძოლებისგან ინტერვიუს ასაღებად და ფოტოც მაშინ გადავიღე. მარჯვნივ რომ დგას, იმ ბიჭს ადვან ჰამზე ალი ქვია. უფრო სწორად, ერქვა. ამ ფოტოს გადაღებიდან 12 წუთში ცოცხალი აღარ იქნებოდა.

მებრძოლებმა კაშხლის დათვალიერება შემოგვთავაზეს. ვიკითხე - იქ ნაღმები ხომ არ იქნება მეთქი. მითხრეს, არა, შიგნით ყველაფერი გაასუფთავესო.

შევედით თუ არა, რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გაისმა. იქაურობა მტვრით გაივსო. არც მახსოვს, როგორ ამოვიღე კამერა და ფოტოების გადაღება დავიწყე.

ნაღმის აფეთქება ტაბქაში
ნაღმის აფეთქება ტაბქაში

ადვანის ცხედარი რამდენიმე მეტრში ეგდო. როგორც შემდეგ მითხრეს, ერთ კვირაში ქორწილი უნდა გადაეხადა.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ
აფეთებისას დაღუპული ქურთი მებრძოლის გვამი
აფეთებისას დაღუპული ქურთი მებრძოლის გვამი

იქაურობა, თურმე ნაღმებით ყოფილა სავსე. რამდენიმეს ალბათ სულ გვერდით ჩავუარე. მას მერე სულ ფეხქვეშ ვიყურები ხოლმე. ევროპაში რომ ჩავდივარ, მაშინაც. მგონია, რომ ბომბს დავაბიჯებ და ავფეთქდები.

დაბრუნება

არ ვიცი, ბრაზი დავარქვა თუ სხვა რამე... მუდმივად დეპრესიაში ვარ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპაში ვბრუნდები ხოლმე. მეუბნებიან, იმის გამოა, რაც ნახეო. მაგრამ, არა. იქ რომ ჩავდივარ ბრძოლას ვხედავ, იმედს ვხედავ, ვხედავ, რომ რაღაც მნიშნელოვანი ხდება. აქ კი, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებას, რუტინას ვუყურებ, მგონია, რომ ზომბებად ვიქცევით ხოლმე. ჰო, ალბათ ბრაზი სწორი სიტყვაა. არც ვიცი ვის დავაბრალო - ადამიანებს, მედიას, მთავრობას თუ ვის. არჩევანიც არა გაქვს, სხვა რა უნდა ქნა. ამის გამო ვარ დეპრესიაში.

როსტამი და მისი ძმა ჰამუდი
როსტამი და მისი ძმა ჰამუდი

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG