ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ ნავალნის თანაგუნდელმა, ლიუბოვ სობოლმა ტელეკომპანია "დოჟდს" უთხრა.
სობოლი, რომელზეც 20 ოქტომბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა, იხსენებს, რომ აგვისტოს დასაწყისში იგი საქართველოში არ შემოუშვეს.
მისი თქმით, საზღვარზე ერთი საათი ალოდინეს, შემდეგ კი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს უარი.
"არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც შეიძლებოდა საქართველოს მიმართ მტრულად შეფასებულიყო. ცოტა ხნის წინ რუსი ჟურნალისტი, ილია აზარი არ შემოუშვიათ, მაგრამ ის, მგონი, ადრე აფხაზეთში იყო... ეს, როგორც ვხვდები, იმას უკავშირდება, რომ მთავრობას და საქართველოს ხელმძღვანელობას არ სურთ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება", - განაცხადა ლიუბოვ სობოლმა.
უკანასკნელ თვეებში საქართველოს საზღვარი დაკეტილი აღმოჩნდა რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არაერთი ადამიანისთვის.
27 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერას აპირებდა.
"ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ წუხელ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსას მიმართა თხოვნით, უზრუნველეყოთ ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. ის, რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია", - დაწერა მან ტელეგრამში.
წინა დღეს საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეციც.