Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქცირებული მანქანების გზა საქართველოდან რუსეთში Sky News-ის რეპორტაჟში


გასაყიდი მანქანებით დატვირთული ტრაილერი
გასაყიდი მანქანებით დატვირთული ტრაილერი

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სანქცირებული ძვირად ღირებული ავტომობილები რუსეთში საქართველოდან მიდის. არადა, დასავლეთმა რუსეთისთვის მათი მიწოდება უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ აკრძალა.

პორშე, ლამბორგინი, მაიბახი, მერსედესი… ბრიტანული „სკაი ნიუზის“ თანახმად, ეს მანქანები ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთში ხვდება.

ამ მანქანების ყოლა ფუფუნებაა. ისინი ასეულობით ათასი დოლარი ღირს და მათი რუსეთში შეტანა აკრძალულია მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

„სკაი ნიუზი“ ჰყვება, რომ მანქანები რუსეთში სატრანზიტო ნომრებით, იოლად გადაჰყავთ.

24 სექტემბერს ტელეარხის მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ ლარსზე რუსეთში გადასაყვანად გაჩერებული მანქანების საერთო ღირებულება „მილიონობით გირვანქას (1 გირვანქა = 3.6 ლარს) შეადგენს“.

ვიდეოში ჩანს ბრიტანული კომპანია „იაგუარის“ მიერ წარმოებული ახალთახალი ჯიპები, რეინჯ როვერები.

„კერძო შეკვეთებია. ფოთისა და ბათუმის პორტებიდან გამოგვყავს“, - უთხრა ტელევიზიას ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლმა.

როგორ "ატყუებენ" სანქციებს?

2022 წლის წლის თებერვლიდან, ბრიტანეთმა რუსეთში 42 ათას გირვანქაზე მეტი ღირებულების მანქანების ექსპორტი აკრძალა. მაგრამ „სკაი ნიუზმა“ გაარკვია, რომ, ამავდროულად, ასტრონომიულად გაიზარდა ასეთი მანქანების აზერბაიჯანში ექსპორტი.

საქართველოში ჩამოდის მანქანები ევროპიდან და... აზერბაიჯანიდან
საქართველოში ჩამოდის მანქანები ევროპიდან და... აზერბაიჯანიდან

დიდი ალბათობით, მანქანები აზერბაიჯანში არ რჩება. „სკაი ნიუზის“ ინფორმაციით, მათი უმეტესობა ხვდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და… საქართველოში.

„არავინ ცდილობს იმის დამალვას, თუ რა ხდება. ყველამ იცის, რომ ეს ძვირად ღირებული ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ყოველდღე ისინი საზღვარს ერთმანეთის მიყოლებით კვეთენ. ყველამ იცის რა ხდება, მაგრამ არავინ ცდილობს ამის შეჩერებას“, - წერს ჟურნალისტი.

მანქანების ერთ-ერთმა მწარმოებელმა, კომპანია „იაგუარ ლენდ როვერმა“, „სკაი ნიუზს“ უთხრა, რომ მანქანები ქართულ ბაზარზე არ შემოუყვანია.

ისინი მიაწოდეს გადამყიდველებს „სხვა ქვეყნებში, რომლებიც რუსეთთან საზღვარს არ იყოფენ“ და რომლებიც იზიარებენ დასავლეთის სანქციებს. აი, იმ უსახელო ქვეყნებიდან კი, მანქანები უკვე საქართველოში აღმოჩნდა.

ოფიციალურად, საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთგულია. 2023 წლის აგვისტოში, მან ნაწილობრივ აკრძალა კიდეც მანქანების რუსეთში ექსპორტი.

თუმცა რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ მკვეთრად გაზარდა მანქანების ექსპორტი ყირგიზეთსა და ყაზახეთში.

მანქანები აზიაში ხშირად რუსეთის გავლით მიდის. მაგრამ დიდი შანსია, რომ სინამდვილეში მათი ნაწილი იქვე რჩებოდეს.

ინტერნეტში არის ათობით ვიდეო, სადაც მძღოლებს უხსნიან, რომ მანქანის საქართველოდან რუსეთში ჩასაყვანად, უბრალოდ უნდა თქვან, რომ ცენტრალურ აზიაში უპირებენ გაყიდვას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG