Accessibility links

განათლება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება, მაგრამ პროექტები ჰაერშია გამოკიდებული - გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს

სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება, მაგრამ პროექტები ჰაერშია გამოკიდებული - გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს


საილუსტრაციო ფოტო: განათლების სამინისტრო / გერმანიისა და საქართველოს დროშები
საილუსტრაციო ფოტო: განათლების სამინისტრო / გერმანიისა და საქართველოს დროშები

გერმანიის განათლების სამინისტრო აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას. გერმანიის საელჩო თავს იკავებს იმის დაზუსტებისგან, კერძოდ რა პროგრამებს შეიძლება შეექმნას საფრთხე, თუმცა განმარტავს, რომ სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება.

26 თებერვალს გერმანიის განათლების მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა გამოაცხადა, რომ მისი უწყება საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას წყვეტდა.

„მწვანეთა პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა, რომელიც ახალი სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების შემდეგ თანამდებობას დიდი ალბათობით დატოვებს, თავისი გადაწყვეტილება საქართველოს მიერ „ევროპული გზიდან გადახვევით“ ახსნა.

ჯემ ოზდემირი, გერმანიის განათლების მინისტრი
ჯემ ოზდემირი, გერმანიის განათლების მინისტრი

„საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრების პროცესი და საქართველოში აკადემიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვა წინ აღუდგა ჩვენი თანამშრომლობის მიზნების აღსრულებას“, - წერდა ოზდემირი განცხადებაში.

მინისტრის გადაწყვეტილებამ საქართველოში დაბნეულობა გამოიწვია. გერმანია სწავლის დაბალი გადასახადის, კარგი სტიპენდიებისა თუ მაღალი აკადემიური და ცხოვრების სტანდარტების გამო ქართველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა.

გერმანიის განათლების მინისტრის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის პოსტი მოჰყვა, სადაც ის წერდა, რომ განათლების სამინისტრომ „გაყინა გერმანიისა და საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობა, სტუდენტების მობილობის, კვლევის, ევროკავშირში საქართველოს პროგრამების ჩათვლით“.

ფიშერმა იქვე განმარტა, რომ მინისტრის გადაწყვეტილება არ ეხება სამინისტროს ამჟამინდელ მილიონევროიან დაფინანსებას და არცერთ მიმდინარე პროგრამას, მათ შორის გაცვლით პროგრამა DAAD-ს. მაგრამ დასძინა, რომ გერმანია „გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს“.

„სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება“

მწირი ინფორმაციის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებებს უჭირთ იმის თქმა, თუ კონკრეტულად რას შეეხება გერმანიის განათლების მინისტრის გადაწყვეტილება.

„არც ერთი პროგრამა არ შეჩერებულა. ყველა პროგრამა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა. მათი თქმით, არ ფლობენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომელ პროგრამებს და როდიდან შეიძლება შეექმნას საფრთხე.

როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით ქართველი სტუდენტებისთვის გერმანიაში სწავლის დაფინანსების არსებული პროგრამები არ ჩერდება.

დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება“, - წერია გერმანიის საელჩოს კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც 28 თებერვალს გავრცელდა.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის თქმით, გერმანიის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება „არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე“, მათ შორის არც DAAD-სა და ევროკავშირის გაცვლით პროგრამაზე, „ერასმუსზე“.

„განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას“, - თქვა წულაძემ 28 თებერვალს.

„მათი ნაშრომები და კვლევები ჰაერში არის გამოკიდებული“

გერმანიის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2012-დან 2024 წლამდე მათ საქართველოსთვის 14 მილიონი ევრო ჰქონდათ გამოყოფილი.

უწყების თანახმად, ქართულ მხარესთან კვლევითი თანამშრომლობა განსაკუთრებით გაძლიერდა 2022 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა წამოიწყო და გერმანელებმა რესურსები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისკენ გადაამისამართეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის პროფესორი, დავით თარხნიშვილი, შიშობს, რომ გერმანიის განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი კვლევითი პროექტების განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს.

დავით თარხნიშვილი ილიას უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს გუნდს, რომელიც უკვე 20 წელია, ბონის უნივერსიტეტთან, ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ცვლილების ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი თქმით, ამ თანამშრომლობის მწვერვალი კავკასიური სიცოცხლის ბარკოდინგის პროექტი იყო - მეცნიერებმა ერთობლივი კვლევით 22 000 ცხოველის, მცენარისა და სოკოს გენეტიკური ანალიზი გააკეთეს.

დავით თარხნიშვილი, ილიაუნის ბიოლოგიის პროფესორი
დავით თარხნიშვილი, ილიაუნის ბიოლოგიის პროფესორი

ამის შემდეგ, გერმანელებისგან მიიღეს შეთავაზება, რომ გერმანიის გარეთ ლაიბნიცის პირველი ინსტიტუტი საქართველოში გახსნილიყო, რაც ახლა საფრთხის ქვეშაა, რადგან პროექტი გერმანიის განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული.

„პროექტები დევს გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან შეშინებულები ვართ, რა ბედი ეწევა ამ თანამშრომლობას.

ეს არის მრავალი წლის ნაშრომი, რომელიც შეიძლება წყალში ჩაიყაროს და ძალიან გაგვიჭირდება ამ ყველაფრის აღდგენა.

ჩვენი დიდი სტუდენტური ჯგუფის წევრები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, არიან გაოგნებულები, რადგან მთელი მათი ნაშრომები, კვლევები ჰაერში არის ჩამოკიდებული“, - უთხრა პროფესორმა რადიო თავისუფლებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG