ფოლკლორული საარქივო მასალების ჩაწერა-დამუშავების ტექნიკური მუშაკი ამავდროულად მუშაობს წყალკანალში, სხალთაში შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის გიდი კი, სამუზეუმო საქმიანობის გარდა, ხულოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებს.
ხულოში მერიის შიდა აუდიტმა 2021 წელს მნიშვნელოვან დარღვევად მიიჩნია, რომ მერიის მიერ შექმნილ ა(ა)იპ “ხულოს კულტურის ცენტრში”, სულ მცირე, 18 ისეთი ადამიანი მუშაობდა, ვინც პარალელურად სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებშიც სრული განაკვეთით იყვნენ დასაქმებულები.
ხულოს კულტურის ცენტრში, საანგარიშო პერიოდში მომუშავე 169 ადამიანის ხელფასებს საერთო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხმარდებოდა. აუდიტი წერს იმასაც, რომ ამ ცენტრის ბიბლიოთეკებში, თანამშრომლები არ დადიოდნენ.
ხულოს კულტურის ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯუმბერ აბაშიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ თანამშრომლების ნაწილი, ვინც სხვაგანაც მუშაობდა, გაათავისუფლა, თუმცა ვერც იხსენებს, რომ მის ორგანიზაციაში საკრებულოს დეპუტატი მუშაობდა და ვერც იმას აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი გაათავისუფლა შიდა აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის შემდეგ.
ის ადამიანები კი, ვინც ამ ცენტრშიც მუშაობდა და სხვა საჯარო სამსახურშიც, ამბობენ, რომ ორი სამსახურიდან ერთზე უარი იმიტომ არ უთქვამთ, რომ ეს კანონდარღვევა აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა.
“საკრებულოს წევრი აღარ ვარ, ახლა მხოლოდ მუზეუმში ვმუშაობ. მე 2021 წელს დავტოვე საკრებულო, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს სიით ვიყავი დეპუტატი 2017-2021 წლებში. მერე აღარ მიყრია კენჭი, სხვებიც ხომ უნდა მოვიდნენ თვითმმართველობაში,” - გვეუბნება სხალთის მუზეუმის გიდი, იზოლდა სურმანიძე. აუდიტის სამსახური მასზეც წერდა, რომ საკრებულოს დეპუტატობის პარალელურად, ხულოს კულტურის ცენტრიდან 2020 წელს 4 ათას ლარზე მეტი მიიღო ხელფასის სახით. იმ წელს, როცა იზოლდა სურმანიძე დეპუტატი გახდა, საოჯახო სასტუმრო გახსნა თავის საცხოვრებელ სახლში - ამ ბიზნესისთვის პირველი დაფინანსება სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოდან” მოიპოვა.
“სკოლაში მუშაობა ერთი წლის წინ შევწყვიტე, გამოცდები იყო ჩასაბარებელი, იქაც ათას რამეს გვთხოვდნენ და მაინც ეს სამუშაო ავირჩიე. ერთი თანამშრომელი შარშან დაგვეღუპა, სულ 4 კაცი ვმუშაობთ,” - ამბობს დიოკნისის კულტურის სახლის დირექტორი და ამავე სოფლის საჯარო სკოლის მუსიკის ყოფილი მასწავლებელი სულიკო საგინაძე. კულტურის სახლი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, იმ საჯარო სკოლის შენობაშია შეხიზნული, სადაც მანამდე მასწავლებლად მუშაობდა. დიოკნისის კულტურის სახლის შენობის პროექტირება-რემონტისთვის 180 000 ლარი ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა გამოყოფილიყო - მისი დანგრევის და ახლით ჩანაცვლების გადაწყვეტილება ხულოს მერიამ საბოლოოდ 2022 წელს მიიღო.
“ამორტიზებულია შენობა და უნდა დავანგრიოთო, ახალი როდის იქნება, არ ვიცით,” - ამბობს საგინაძე. ის ერთადერთი მასწავლებელი არ არის, რომელიც სკოლის პარალელურად კულტურის ცენტრშიც მუშაობდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მასწავლებლები არიან ასევე გალერეის მთავარი სპეციალისტი, ფოლკლორულ ანსამბლ “ხულოს” ლოტბარი და სოფელ ხიხაძირის კულტურის სახლის დირექტორი.
ხულოს კულტურის ცენტრის მოქმედი თანამშრომლები აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევაზე მეტ პრობლემად დაბალ ხელფასებს და რაიონში არსებული კულტურული ინფრასტრუქტურის სიმწირეს მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ მაღალმთიან რეგიონში, სადაც კადრების სიმწირეა, ვიღაც შეიძლება ერთდროულად სკოლაშიც ასწავლიდეს მუსიკას და კულტურის ცენტრშიც მუშაობდეს. კულტურის ცენტრში 2021 წელს ყველაზე მაღალი ხელფასი 900 ლარი იყო, ყველაზე დაბალი - 100. 2022 წელს ხელფასები მცირედით გაიზარდა, თუმცა ამავე წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში დარეგისტრირებული ადამიანები დაასაქმა ცენტრმა და სტაჟიანმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ მათ და ამ პროგრამის ბენეფიციარების ანაზღაურებას შორის სხვაობა თითქოს არ იყო.
“300 ლარს იღებს ისიც და მეც. უწერია, რომ დამლაგებელია, დასალაგებელი არაფერი აქვს, წელიწადში რამდენჯერმე თუ მოვა და ეგაა,” - გვეუბნება ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი კულტურის სახლის დირექტორი.
ხულოს კულტურის ცენტრი ამ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაარსებული ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტ თანამშრომელს ითვლის, საბავშვო ბაღების გაერთიანების შემდეგ.
ცენტრის მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების, სასოფლო კლუბებისა და კულტურის ცენტრების განვითარება, ბიბლიოთეკების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასწავლო შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება. დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურს. კორუფციის მკვლევრები წლებია, საუბრობენ იმაზე, რომ ერთი და იმავე ფუნქციის მქონე სტრუქტურები თვითმმართველობებში ადმინისტრაციული რესურსის არაეფექტიანად ხარჯვის რისკს შეიცავს.
იმის მიუხედავად, რომ დასაქმებულები დაბალ ხელფასებზე ჩივიან, ხულოს კულტურის ცენტრის ბიუჯეტი მზარდია - თუკი 5 წლის წინ ნახევარ მილიონ ლარსაც ვერ აღწევდა, 2023 წელს თითქმის ორი მილიონია. ცენტრში დასაქმებული 168 ადამიანის ფუნქციები ასეა განაწილებული: ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციასა და შემოქმედებით განყოფილებაში 10-10 ადამიანი მუშაობს, ბიბლიოთეკებში - 12, სამ მუზეუმსა და ერთ სამხატვრო გალერეაში - 35, კულტურის 7 სახლში - 30, ხოლო 10 სასოფლო კლუბში 11 ადამიანია შტატით დასაქმებული. რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, ესენი არიან ძირითადად ადგილობრივი ანსამბლების მომღერლები და მოცეკვავეები. შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასები რიგ შემთხვევაში აღემატება შტატიან თანამშრომელთა ანაზღაურებას.
ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც 27 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მერიის მიერ დაფუძნებულ 10 ა(ა)იპ-ში ჯამში 800 ადამიანია დასაქმებული და ხულოს ბიუჯეტის თითქმის 30% აიპებში დასაქმებულების ხელფასებს ხმარდება. 2015 წელთან შედარებით ხულოში აიპების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგებულია, რაც ავტომატურად გაზრდილ სახელფასო ფონდს ნიშნავს.
ხულოს მუნიციპალიტეტი ერთადერთი არ არის, სადაც მერიის მიერ შექმნილ ორგანიზაციებში თანამშრომელთა მატება თვალშისაცემია. ხულოს მუნიციპალიტეტი გამონაკლისია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მან უარი არ თქვა შიდა აუდიტის დასკვნის საჯარო ინფორმაციის წესით გაცემაზე. მუნიციპალიტეტები აუდიტის დასკვნების გაცემაზე ძირითადად უარს ამბობენ იმ არგუმენტით, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომლის შინაარსიც მხოლოდ კონკრეტული მერიის თანამშრომლებისთვის არის მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
შიდა აუდიტის დასკვნებს არ გასცემს ცენტრალური ხელისუფლებაც - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) დაკვირვებით, არც სამინისტროები გასცემენ ამ დოკუმენტებს. IDFI-მ 2015-2017 წლებში სასამართლო დავაც კი აწარმოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომლის შედეგადაც, სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადგინა, რომ “ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ყველას აქვს უფლება, იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები”.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გამარტივებისთვის შექმნილ პლატფორმაზე askgov.ge, კვლავ უპასუხოდ არის დატოვებული იმ მოთხოვნების უმეტესობა, რომლის მიზანიც საჯარო უწყებების შიდა აუდიტის დასკვნების მიღება იყო.
იმის მიუხედავად, რომ ქალაქები უარს ამბობენ შიდა აუდიტის დასკვნების გასაჯაროებაზე, ღია წყაროები აჩვენებს, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს კულტურის საკითხებზე მომუშავე რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაცია აქვს, რომელიც მერიების დაქვემდებარებაშია და ყველა მათგანში წლიდან წლამდე იზრდება თანამშრომლების რაოდენობა.
რადიო თავისუფლებამ შეძლო ხულოს გარდა მოეპოვებინა ტყიბულის და ახალციხის მუნიციპალიტეტების ანგარიშებიც. ამ დოკუმენტების მიხედვით, ჩანს, რომ:
- ახალციხეში, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი მუსიკალურ სკოლაში დასაქმებულების შრომით ხელშეკრულებებში არ არის მითითებული არც შრომის ანაზღაურება და არც სამუშაოს აღწერა. “რიგ შემთხვევებში დასაქმებულთა შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა არაა შესაბამისი დაკავებულ თანამდებობასთან. კერძოდ, 2021 წლის N14 და N27 ხელშეკრულებებში მითითებულია რომ დამლაგებელი და პიანინოს ამწყობი მონაწილეობას იღებენ სასწავლო გეგმების შემუშავებაში”, - წერს აუდიტი და აზუსტებს, რომ 2019-2020 წლების სასწავლო გეგმა, რომელიც სკოლამ წარუდგინა აუდიტს, სრულად იდენტურია 2007 წელს შედგენილი სასწავლო გეგმასთან.
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანება, რომელიც ტყიბულის მერიის დაარსებული ორგანიზაციაა, ორასამდე თანამშრომელს ითვლის. აუდიტი ამ გაერთიანებაზე წერს, რომ “ზოგიერთი დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაო (განსაკუთრებით ადმინისტრაციაში) გაურკვეველია, ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად საერთოდ არ არის დატვირთული” და იძლევა რეორგანიზაციის ჩატარების რეკომენდაციას არასაჭირო კადრების გაუქმებისთვის და მაგალითად ბიბლიოთეკარებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შესაქმნელად - აუდიტის დროს ტყიბულელი ბიბლიოთეკარების ხელფასი 140 ლარი იყო.
- 2020 წელს, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვებისას, როცა სახელმწიფო უწყებები მხოლოდ ონლაინ მუშაობდნენ, ტყიბულის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ შეიძინა მისი ფუნქციებისთვის არარელევანტური ნივთები: სახერხი ხელსაწყო “ბალგარკა”, ელექტრო პნევმატური დრელი, შედუღების აპარატი, მილების შესადუღებელი უთო და შესაწამლი აპარატი, ასევე ნიჩბები, თოხები, ფორჩხები, გელა-ჩაქუჩები, რასაც აუდიტი გაუმართლებელ ხარჯად მიიჩნევს.