რადიო თავისუფლების ბაზაში პროევროპული დემონსტრაციების დროს, 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის საქმე იძებნება. ოთხივე მათგანს სათვალთვალო კამერების მიზანმიმართულად დამტვრევას ედავებიან, ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად.
ეს საქმეებიც ერთმანეთს ჰგავს, ისევე როგორც ჯგუფური ძალადობისა და პოლიციელებზე თავდასხმის საქმეები. ოთხივე შემთხვევაში მთავარი მტკიცებულება ვიდეოა, სადაც სავარაუდო დანაშაულია აღბეჭდილი. საქმეში დევს პოლიციელების ჩვენებები, რომლებმაც დაკავებულები ამოიცნეს; დანიშნულია ექსპერტიზები. ყველა მათგანს, გამონაკლისის გარეშე, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
„მოსამართლეებს დაკვეთა აქვთ, ყველა დააპატიმრონ“, - ამბობენ იურისტები.
გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე
26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს, ერთი ბრალდებით დააკავეს. ორივეს საქართველოს პროკურატურა აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების დაზიანებას ედავება.
გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე თანამშრომლები და მეგობრები არიან. ისინი ერთად მუშაობდნენ გია ჭანტურიას ქუჩაზე, პარლამენტიდან 280 მეტრით დაშორებულ რესტორან „ზოდიაქოში“.
სწორედ „ზოდიაქოდან“ გამოდიოდნენ დაკავებულები 4 დეკემბერს ღამით, როცა, მათი ჩვენებების თანახმად, ორი ნიღბიანი დემონსტრანტი კიბით ხელში დაინახეს.
„კიბე მიჰქონდათ, მიხმარება სთხოვეს და მიეხმარნენ. არ უარყოფენ, რომ კიბეზე მორიგეობით დანიელი და გურამი ადიოდნენ და კამერებს აზიანებდნენ, სხვადასხვა ფორმით“, - უყვება რადიო თავისუფლებას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გურამ ხუტაშვილის დაკითხვის ოქმის მოკლე შინაარსს.
ადვოკატის მონაყოლის იდენტურად ვითარდება მოქმედება ვიდეოში, რომელიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა. უწყებამ ეს კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეოში დაკავებულებთან ერთად კიდევ ორი პირი ჩანს.
ბრალის დადგენილებაში წერია, რომ კამერები ხუტაშვილმა და მუმლაძემ კიდევ ორ პირთან ერთად დააზიანეს. მათი ვინაობა ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
გამოძიება ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გურამ ხუტაშვილი 11 დეკემბერს დააკავეს, დანიელ მუმლაძე - 9-ში. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომები, მიუხედავად ჯგუფური დანაშაულის მუხლისა, ცალ-ცალკე ჩატარდა, მათი საქმეების არსებითი განხილვა კი ერთად წარიმართება.
გურამ ხუტაშვილის ოჯახი სოციალურად დაუცველია. დანიელ მუმლაძეს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სამართლებრივ საკითხებთან ერთად, არც ეს გარემოებები გაითვალისწინა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა და ორივეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულების ადვოკატები თანხმდებიან, რომ უკიდურესი ფორმის, პატიმრობის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა და მოსამართლეები პატიმრობას უფარდებენ ყველა შემთხვევაში, რადგან ასეთია მითითება.
„აღკვეთის ღონისძიებას სასამართლო იყენებს სადამსჯელო ღონისძიებად, კანონის მიზნისგან განსხვავებულად. ამას აკეთებს ყველა მოსამართლე და ასეთი კოორდინირებული გადაწყვეტილებები შეთანხმების გარეშე შეუძლებელია მიიღებოდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დანიელ მუმლაძის ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.
გურამ ხუტაშვილის ადვოკატი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. მან პროკურატურას გათავისუფლების სანაცვლოდ ზარალის ანაზღაურება შესთავაზა. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ დაზიანებულია 7 ვიდეოკამერა, ზარალი კი 7700 ლარია.
„თუმცა, პროკურატურის თქმით, თითქმის ორჯერ მეტია დაზიანებული და უნდა დააზუსტონ, შესაძლოა დაზიანებული კამერების რიცხვი 14-მდე გაიზარდოს და გაორმაგდეს ზარალის ოდენობაც“, - ამბობს გელა ნიკოლეიშვილი და ამატებს, რომ პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, წინასასამართლო სხდომამდე, რომელიც 30 იანვარსაა ჩანიშნული, საპროცესოზე შეთანხმება ვერ მოესწრება.
„მაგრამ მთლიანობაში არ არიან წინააღმდეგები“, - ამბობს ადვოკატი.
დანიელ მუმლაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე კი ამბობს, რომ იქამდე, სანამ გამოძიება არ დასრულდება და ზარალის ზუსტი ოდენობა არ დადგინდება, დანაშაულს ჯამურად არ აღიარებენ, თუმცა ადასტურებს, რომ ვიდეომტკიცებულებებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია.
„ბრალის ფორმულირებას მთლიანად არ ვეთანხმებით, მაგრამ მზად ვართ გარკვეულ ნაწილში ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, - ამბობს ადვოკატი.
არჩილ მუსელიანცი
29 წლის არჩილ მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას.
ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მას რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლატორიდან იზოლატორში ეძებდა და როცა საბოლოოდ, დიღმის მესამე სამმართველოში მიაკვლია, უკვე სისხლის სამართლის წესით დახვდა დაკავებული.
მას ბრალად ედება პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს: ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით. არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებულ მუსელიანცს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორში კანონდარღვევით შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახით დაემუქრნენ.
„პოლიციის სამმართველოში აიძულებდნენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის დაედო ხელი. დიღმის მე-3 იზოლატორში, მე-8 სართულზე, აჩვენებდნენ პარტიის ლიდერების ფოტოებს. სთხოვდნენ, რომ თუ დაადებდა რომელიმე მათგანს ხელს, ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ. .... რომ არ გავტყდი და არ ავიღე ჩემს თავზე ის სისულელე, რასაც მთხოვდნენო, მერე უკვე ოჯახით დამემუქრნენო.
გაეცინა, რადგან ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა - არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე“, - უყვება რადიო თავისუფლებას დიმიტრი ვარდიაშვილი.
საქმეში მთავარი მტკიცებულება მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეომასალაა, რომელიც Postv-მ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უკიდებს სახედაფარული მოქალაქე ცეცხლს კაბელებს. პროკურატურამ ჩანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ერთი და იგივეა თუ არა დაკავებული და ვიდეოში ასახული პირი.
ამას გარდა, ტარდება ფონოსკოპიური ექსპერტიზაც, რომელმაც ხმის იდენტურობა უნდა დაადგინოს. საქმეში დევს პოლიციელების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც, მათ სავარაუდო დანაშაულის ჩადენისას მუსელიანცი ამოიცნეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
შსს-ს ცნობით, არჩილ მუსელიანცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. განცხადებაში უწყებამ დაწერა, რომ ის „ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია“. ადვოკატს ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
მუსელიანცი საპროცესო შეთანხმების კატეგორიული წინააღმდეგია: „მქონდა ზოგადად საუბარი, რადგან ჩემი ვალია შევთავაზო და ავუხსნა. ლაპარაკის დაწყებისასვე შემაწყვეტინა. აზრადაც არ გაივლო მსგავსი რამეო“, - ამბობს ვარდიაშვილი.
ლაშა ჩხაიძე
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს 43 წლის ლაშა ჩხაიძეც. მის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი „მზიურია“ და არა რუსთაველის გამზირი ან მიმდებარე ტერიტორია.
შსს მომხდარს მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასე უკავშირებს - „მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მზიურის პარკში განზრახ დააზიანა ვიდეოსამეთვალყურეო კამერები“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაშა ჩხაიძეს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ში აცხადებენ, რომ ის წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვისაა ნასამართლევი.
საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, 4 დეკემბერს, ღამის საათებში, „მზიურის“ პარკში ბრალდებულმა განზრახ დააზიანა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის კუთვნილი 3 ცალი ვიდეოკამერა, რის შედეგადაც უწყებას მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.
საგამოძიებო უწყებამ დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა, სადაც ჩანს „მზიურის“ პარკში მიმავალი კაცი, რომელიც უახლოვდება განათების ბოძზე მიმაგრებულ კამერას და აზიანებს.
ლაშა ჩხაიძის საქმის სრულყოფის მიზნით, რადიო თავისუფლება ინფორმაციის მოძიებას აგრძელებს. წინასასამართლო სხდომა 20 იანვარსაა ჩანიშნული.
ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი 2023 წლის ივნისში გამკაცრდა და პატიმრობის წლები გაიზარდა. იურისტები შიშობდნენ, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენებდა.