Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი მკაცრდება, რით ხელმძღვანელობენ ცვლილების ინიციატორები? 


პოლიციის ავტომობილი იწვის საპროტესტო აქციის დროს. 9 მარტი, 2023 წელი
პოლიციის ავტომობილი იწვის საპროტესტო აქციის დროს. 9 მარტი, 2023 წელი

პარლამენტში აპირებენ დაჩქარებული წესით განიხილონ ცვლილებები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს. ერთ-ერთი ცვლილება ნივთის დაზიანებაზე სასჯელის გაზრდას ითვალისწინებს. ამ სტატიაში ვხსნით, რა იცვლება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.

თუ კანონი გავიდა, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ასე ჩამოყალიბდება:

1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით;

ბ) არაერთგზის;

გ) ჯგუფურად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ახლა როგორ არის და რა იცვლება?

დღევანდელი კანონმდებლობით, იგივე დანაშაული პირველი პუნქტის შემთხვევაში მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობით ისჯება, მეორე პუნქტის კი - ხუთ წლამდე. ახალი კანონით, პატიმრობის ვადა ერთ შემთხვევაში ორი წლით გაიზრდება, მეორე შემთხვევაში - ერთი წლით.

მაგალითად, 29 მარტის აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა სხვა ბრალდებებთან ერთად ედავება, რომ მან სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაარღვია. რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ამ შემთხვევაში კი პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვას გულისხმობს.

მას ახალი კანონპროექტის მიხედვით რომ ასამართლებდნენ, ამ დანაშაულისთვის შესაძლოა ერთი წლით მეტხნიანი პატიმრობა დამუქრებოდა.

ვინ არიან ცვლილების ინიციატორები?

ავტორები და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი.

რატომ გადაწყდა კანონის გამკაცრება?

კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით მათიკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა, განაცხადა, რომ არ ეცალა. უარი თქვა მეორე ავტორმა თენგიზ შარმანაშვილმაც: „მე მომხსენებელი არ ვარ, მომხსენებელი დავით მათიკაშვილია და კოლეგიალური არ იქნება, მე გიპასუხოთ“, - თქვა მან.

უშუალოდ კანონპროექტისგანმარტებით ბარათში სისხლის სამართლის სხვა ცვლილებების საჭიროებაზე კი წერია, მაგრამ ამ ცვლილების მოტივაცია მითითებული არ არის.

მაინც რა შეიძლება იყოს ცვლილების მიზეზი?

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ ნივთის დაზიანებისთვის სასჯელის გამკაცრებაში შესაძლოა არაფერი იყოს მიუღებელი, თუ მას მართლაც დანაშაულთან მიმართებით გამოიყენებენ, მაგრამ შეიძლება გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგაც.

„კანონის გამკაცრების პირობებში ეს შეიძლება კიდევ უფრო მეტად გახდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი, მით უფრო, თუ ბრალდება დაუსაბუთებელი იქნება“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

იურისტი ზაზა ხატიაშვილიც მიიჩნევს, რომ ამ კანონის გამკაცრება ცუდი არ არის, თუმცა, ხელისუფლების პრაქტიკაზე დაყრდნობით იოლი წარმოსადგენია, რომ იგი პოლიტიკური მანიპულაციების მიზეზიც გახდეს.

„წარმოიდგინეთ, ადამიანი მთელი ცხოვრება აშენებს სახლს, მეზობელს რაღაც არ მოეწონება, მივა და გადაუწვავს, 6 წელიც ცოტაა ამ შემთხვევაში. მაგრამ თუ ამ კანონს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ, ეს უკვე სიბინძურე იქნება“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

„გირჩის“ წევრი, პარლამენტარი იაგო ხვიჩია მიუთითებს, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კანონის გამკაცრება კარგს არაფერს მოიტანს.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ის არის, რომ როდესაც მოსამართლეები სანქცირებული გყავს, ვერცერთი კანონის გამკაცრება ვერც სამართლებლივად აიხსნება და ვერც მორალურად“, - ამბობს იაგო ხვიჩია.

პარლამენტში კანონის სავარაუდო განხილვის თარიღებად 28-30 ივნისია ჩანიშნული. სისხლის სამართლის კოდექსი რომც გამკაცრდეს და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი გაიზარდოს, ის არ შეეხება 29 მარტის აქციაზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის სასამართლო პროცესიც ახლა მიმდინარეობს. მოსამართლე იმ კანონმდებლობით იხელმძღვანელებს, რომელიც გრიგორიადისისთვის ბრალის წაყენების მომენტში მოქმედებდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG