საქართველოს საბავშვო ბაღები ისევ ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტს და ეს კვლავ გამოჩნდა სახალხო დამცველის ახალ, 2020 წლის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც საბავშვო ბაღების მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მომზადებულ ამ ანგარიშში საქართველოს 10 რეგიონის 51 მუნიციპალიტეტის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში არსებული 143 საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობაა აღწერილი.
და ეს ეს მხოლოდ სურათის ნაწილია, რადგან 2019 წელს, საქართველოში 1481 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლებშიც 150 930 აღსაზრდელი იყო აღრიცხული.
გამოჩნდა, რომ 2014 წელთან შედარებით, ბაღებში, ვითარება, ძირითადად, გაუმჯობესებულია ჯანსაღი და დაბალანსებული კვების კუთხით.
მაგრამ ისევ გადაუჭრელი პრობლემაა:
- სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურა,
- ეზოები,
- ინვენტარი,
- ბაღების გადატვირთულობა და
- არასაკმარისი კადრები.
ასევე, გადასახედია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურებისა და მათი პროფესიული გადამზადების საკითხიც.
143 ბაღის საერთო პრობლემები
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საყურადღებოა, რომ თითქმის ყველა შესწავლილ საბავშვო ბაღში არის სივრცის პრობლემა. რაც იმას ნიშნავს, რომ:
- შეუძლებელია შენობაში ყველა საჭირო დანიშნულების ოთახის მოწყობა და ბავშვების რაოდენობის შესაბამისი ფართობის გამოყოფა.
- ერთეული გამონაკლისების გარდა, საბავშვო ბაღები არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვები პროცესში სრულფასოვნად ვერ ერთვებიან.
- ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო საერთოდ არ არის მოწყობილი ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვები იქ ვერაფრით დაკავდებიან. მეტიც, ეზოების ნაწილი იმგვარადაა შემოღობილი, რომ შეუძლებელია უცხო პირთა შესვლის გაკონტროლება და დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვა.
- ბევრ ბაღში აღსაზრდელთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე საჭირო ინვენტარი - საძინებლები, სააღმზრდელო და სასადილო ოთახები.
- ისევ პრობლემაა სველი წერტილები - ისინი გაცილებით ცოტააა, ვიდრე აღსაზრდელთა რაოდენობა. ტუალეტებში არ არის თბილი წყალი.
- აღმზრდელების უმრავლესობას საერთოდ არ გაუვლია გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. მათ არ იციან, ვის და როგორ უნდა მიმართონ ასეთ შემთხვევაში.
- საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელი, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2%-ს ჰყავს სპეციალური პედაგოგი.
და ბოლოს:
პრობლემად რჩება მცირეწლოვნებისთვის საბავშვო ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილიდან (13,75%) თუ ხერხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.
ტრანსპორტირებას აბრკოლებს როგორც მუნიციპალიტეტის რელიეფი, კლიმატი და სოფლებს შორის დიდი მანძილი, ისე მუნიციპალიტეტების მიდგომაც, რომლის მიხედვითაც, ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის არსებობას საკმარისად თვლიან.
ბაღების შენობები - ამოჩრილი ლურსმნებით, დაზიანებული იატაკით
მართალია შემოწმებული საბავშვო ბაღების შენობები ავტომაგისტრალებიდან და სხვა სახის დაბინძურებული წყაროებიდან მოშორებით დგას, მაგრამ მათი 53.8%-ს რემონტი სჭირდება.
ბაღების 19.2%-ში დაზიანებული იყო კედლები და იატაკი, ხოლო, შემთხვევათა 3.8%-ში შესაკეთებელი იყო შენობის ელექტროგაყვანილობა. რამდენიმე ბაღში კი შენობის კედლები, ჭერი და იატაკი ისე იყო დაზიანებული ნესტისგან, რომ ოთახში სუნთქვას გაუსაძლისი იყო.
ხშირად შეხვდებით ჩავარდნილ ფილებს, ამოწეულ ლურსმნებსა და დაზიანებულ იატაკს, რაც მოზარდებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა.
ამას ისიც ემატება, რომ სოფლებში, გათბობის ცენტრალური სისტემის არარსებობის გამო, საბავშვო ბაღებში შეშის ღუმელს იყენებენ, თუმცა გათვალისწინებული არ არის უსაფრთხოების ზომები.
ცალკე პრობლემაა ის, რომ შემოწმებული საბავშვო ბაღების 15.4% არასტანდარტულ შენობაში განთავსებული - კერძო სახლში ან მის მხოლოდ რამდენიმე ოთახში, საცხოვრებელ კორპუსში, ძველი ამბულატორიის თუ საკრებულოს შენობაში, სადაც, როგორც წესი, აღსაზრდელებს სივრცე არ ჰყოფნით.
არასაკმარისი ფართობით გამოწვეულ გადატვირთულობაზე საბავშვო ბაღების გაერთიანებათა დიდი ნაწილი (62.1%) მიუთითებს.
არაადაპტირებული გარემოს გამო შშმ ბავშვების უფლებები ირღვევა.
მაგალითად, როცა ზეიმია, ხოლო დარბაზი მეორე სართულზეა - იქამდე მისასვლელი კიბე არც ერთ ბაღში ადაპტირებული არ არის. ლიფტი კი მხოლოდ ერთ, ახალაშენებულ შენობას ჰქონდა.
ცხადია, შშმ ბავშვები ამ ზეიმებს ვერ ესწრებიან და ვერც მასში მონაწილეობენ.
საძინებლების სიმწირის გამო, საბავშვო ბაღების 10.7%-ში მხოლოდ 2-3 წლის ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებს აძინებენ.
შემოწმებული საბავშვო ბაღების შენობების 3.7%-ს საერთოდ არ ჰქონდა საძინებელი ოთახი.
ერთ ბაღში კი, საძინებელი სივრცე საბავშვო ბაღის დირექტორის კაბინეტში იყო მოწყობილი.
საბავშვო ბაღების თითქმის ნახევარს ეზო ან საერთოდ არა აქვს, ან არასათანადოდ არის მოწყობილი - ცხადია, იქ თამაში და გადაადგილება შშმ ბავშვებისთვის აბსოლუტურად გამორიცხულია.
მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი საბავშვო ბაღი ეზოს სხვა დაწესებულებასთან, მაგალითად, ამბულატორიასთან, გამგეობის წარმომადგენლის ოფისთან, სკოლასთან ან ეკლესიასთან იზიარებს, რის გამოც ვერ ხერხდება სათამაშო მოედნის მოწყობა.
ტუალეტები ცივი წყლით და ღამის ქოთნებით
სტანდარტით, საბავშვო ბაღების საპირფარეშო სათანადოდ აღჭურვილი, სუფთა, და თითოეული აღსაზრდელისთვის, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მაგრამ ის, რაც რეალობაშია, ამ სტანდარტისგანაც შორსაა.
შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში (88.7%), აღსაზრდელთათვის განკუთვნილი სველი წერტილები განთავსებულია შენობის შიგნით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - შენობასთან ახლოს ანუ გარეთ.
სოფლად, საბავშვო ბაღის ეზოებში მოქმედებს ერთი საპირფარეშო, სადაც ერთი ან ორი თურქული ტიპის ჯამია განთავსებული.
საბავშვო ბაღების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს, ან მხოლოდ ზოგიერთ ჯგუფში აქვს საკმარისი რაოდენობის უნიტაზი.
გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საბავშვო ბაღში რამდენიმე ჯგუფს არ ჰქონდა მისთვის განკუთვნილი საპირფარეშო, რის გამოც ისინი საბავშვო ბაღის პერსონალისთვის განკუთვნილი სველი წერტილით სარგებლობდნენ.
ხოლო 2-3 წლის ასაკის ჯგუფის საპირფარეშოში საერთოდ არ იყო მოწყობილი კანალიზაციის სისტემა და აღსაზრდელებო სარგებლობდნენ მშობლების მოტანილი ღამის ქოთნებით.
ბაღების 5%-ში ჯერ კიდევ არ არის თბილი წყალი. ხოლო 25.5%-ში ეს საკითხი მხოლოდ ნაწილობრივ არის მოწესრიგებული.
იყო შემთხვევები, როცა შენობაში თბილი წყლის სისტემის არარსებობის გამო, წყალს სააღმზრდელო ოთახში, შეშის ღუმელზე, სათლებით აცხელებდნენ, მაშინ, როდესაც ოთახში აღსაზრდელები სხვადასხვა აქტივობაში იყვნენ ჩართულები.
საბავშვო ბაღების 67.9%-ის არცერთ საპირფარეშოში არ არის განცალკევებულად გამოყოფილი სივრცე გოგოებისა და ბიჭებისთვის.
საბავშვო ბაღების დიდ ნაწილში (37.1%), უნიტაზების სიმაღლე საერთოდ არ შეესაბამება აღსაზრდელთა ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 27.9%-ში, აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც აღსაზრდელთა ასაკისთვის შეუფერებელი ზომის უნიტაზზე დამაგრებული იყო ხის დასადგამი მოწყობილობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღების 78%-ის საპირფარეშო სივრცეებში საერთოდ არ არის აბაზანა, ხოლო 5.7%-ში - ეს სერვისი მხოლოდ რამდენიმე ჯგუფისთვისაა გათვალისწინებული.
პრობლემურია ხელსაბანი ნიჟარების სიმცირეც - საბავშვო ბაღების 31.4%-ში მათი რაოდენობა აღსაზრდელთა რაოდენობას არ შეესაბამება.
სათამაშოების გარეშე
მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებები ყოველწლიური ბიუჯეტისა და საბავშვო ბაღებში არსებული საჭიროებების მიხედვით ადგენენ სამოქმედო გეგმას, თუ რომელი ბაღი რით უნდა მოამარაგონ, სახალხო დამცველის მონიტორინგმა ისევ აჩვენა, რომ საბავშვო ბაღების დიდ ნაწილს ისევ არ ყოფნის ავეჯი - მაგიდა, სკამი, საწოლი და კარადა.
ბაღების მნიშვნელოვან ნაწილში (12,6 %) საგრძნობლად დაზიანებული ინვენტარი უდგათ.
იყო შემთხვევა, როცა პატარა ასაკის აღსაზრდელებს, დიდი ზომის მაგიდებთან მისაწვდომად, ერთმანეთზე დადგმულ ორ სკამზე სვამდნენ.
საბავშვო ბაღების 73%-ში არ არის სათამაშოები. და რაც არის, ის ხშირად მშობლებს მიაქვთ, რაც თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით ყველასთვის უფასო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების გარანტირებულ ხელმისაწვდომობას.
როგორ კვებავენ ბაღებში პატარებს?
კვების საკითხი საბავშვო ბაღებში შედარებით მოწესრიგებულია.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ ყველა საბავშვო ბაღს წინასწარ აქვს გაწერილი 10-დღიანი/ორკვირიანი და საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (92.1%), ყოველდღიური მენიუ წინასწარ აქვთ გაწერილი და აღსაზრდელთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრული.
კვების პროცესს ყოველთვის ესწრება აღმზრდელი, თანაშემწესთან, ექთანთან ან საბავშვო ბაღის სხვა თანამშრომელთან ერთად.
საბავშვო ბაღის დირექტორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (91.1%) განაცხადა, რომ კვების საკითხებზე გადამზადება გავლილი აქვთ მზარეულებსა და მათ თანაშემწეებს, ასევე ექთნებს, საბავშვო ბაღის დირექტორებსა და სამნეო ნაწილის ხელმძღვანელებს.
თუმცა, მონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ საბავშვო ბაღების ნაწილში (5.2%) საერთოდ არ არის, ან მხოლოდ ნაწილობრივ არის გათვალისწინებული (16.9%) კვების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებები. რამდენიმე შემოწმებული დაწესებულების შემთხვევაში, საკვები თავად აღსაზრდელის მშობელს მიაქვს საბავშვო ბაღში. ამასთან, პირადი ასისტენტის კადრის არარსებობის გამო, გარკვეული სახეობის კერძების, მაგალითად, წვნიანის ჭამისას, მშობელი აკითხავს აღსაზრდელს და ეხმარება კვების პროცესში.
შემოწმებული დაწესებულებებიდან მხოლოდ 2 საბავშვო ბაღში აქვთ იმ საკვები დანამატების სპეციალური ნუსხა, რომელთა გამოყენებაც არ არის რეკომენდებული.
გამოკითხულ დირექტორთა 37.6% ამბობს, რომ საერთოდ არ აქვთ ამ თემაზე ინფორმაცია, ხოლო მათი 53.3% აცხადებს, რომ სპეციალური ნუსხა მათთვის არავის მიუწოდებია და მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით იციან, რა სახის პროდუქტი არ უნდა გამოიყენონ.
წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (89.5%) ფუნქციონირებს სასმელი და სამეურნეო წყლით მომარაგების ცენტრალური სისტემა. ხოლო დაწესებულებების ნაწილი (5.1%) სათანადოდაა დაცული და შემოწმებული ჭის წყლით მარაგდება.
საბავშვო ბაღების სამზარეულოთა უმრავლესობაში (93.2%) თბილი წყალი მოდის, მაგრამ პრობლემაა სველი წერტილების თბილი წყლით მომარაგება.
ყველა ჯგუფის თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი სრულყოფილად არ იყო მოწესრიგებული საბავშვო ბაღების 25%-ში, ხოლო მათ 5%-ს თბილი წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა.
იმ რამდენიმე საბავშვო ბაღს (4.4%), რომელთაც თავად არ აქვთ სასმელად ვარგისი წყალი, საბავშვო ბაღების გაერთიანებები ამარაგებს. თუმცა ერთ შემთხვევაში, თანამშრომლები იძულებული იყვნენ, ადუღებული წყალი გამოეყენებინათ, რადგან მათი განცხადებით, შენობაში არსებული წყალი სასმელად უვარგისია, ხოლო საბავშვო ბაღების გაერთიანება მათ წყლით არ ამარაგებს.
გამოკითხულთა 32.8%-ის განმარტებით, საბავშვო ბაღის შენობა ყოველკვირეულად გენერალურად სუფთავდება. ამასთან, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის (95.1%) განცხადებით, სააღმზრდელო ოთახები სუფთავდება ყოველდღიურად.
თუმცა, 24 საბავშვო ბაღი შენობას გენერალურად მხოლოდ წელიწადში ორჯერ ალაგებს. საბავშვო ბაღების ნაწილი (4.4%) კი მხოლოდ კვირაში ერთხელ ასუფთავებს სააღმზრდელო ოთახს.
საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (84.8%) თეთრეულს კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ (15.2%) რეცხავენ. ლეიბებს და მატრასებს, ძირითადად, თვეში ერთხელ ან თვეში რამდენჯერმე წმენდენ, დაწესებულებების 5.7% კი, მხოლოდ წელიწადში ერთხელ.
სათამაშოები კვირაში ერთხელ (61.2%) ან ორ კვირაში ერთხელ (7%) სუფთავდება სპეციალური ხსნარით, ქლორით ან სარეცხი საშუალებით. თუმცა გამოვლინდა სათამაშოების მხოლოდ თვეში ერთხელ (4.7%) ან წელიწადში ერთხელ (1.2%) დასუფთავების შემთხვევებიც.
საპირფარეშოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არის დაცული საპირფარეშოს დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარის შენახვის წესი.
კერძოდ, საწმენდი და სახეხი საშუალებები, როგორც წესი, აღსაზრდელთა უნიტაზის გვერდით არის მოთავსებული. ხოლო, დაწესებულებების 37%-ში არც სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებები ინახებოდა სათანადოდ განკუთვნილ მუქი ფერის ჭურჭელში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ჰყავს თუ არა ბაღებს ექიმი?
საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (86.5%) მუშაობს სამედიცინო პერსონალი - ექიმი ან ექთანი. იმ საბავშვო ბაღებს კი, სადაც არ მუშაობს სამედიცინო პერსონალი, საბავშვო ბაღების გაერთიანების კადრები ემსახურებიან.
საბავშვო ბაღების მხოლოდ მცირე ნაწილში (37.6%) ჰყავთ ფსიქოლოგი, ხოლო 31.2% - ლოგოპედი.
დაწესებულებების მხოლოდ 14.2%-ში იყო სპეციალური პედაგოგის კადრი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევა უარყოფითად აისახება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობაზე, აფერხებს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას.
სწორედ ამიტომ, წელსაც ისევე როგორც წინა მონიტორინგის დროს, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ გადაჭრას ჩამოთვლილი პრობლემები, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვს შეიმუშაოს წყლის ვარგისიანობის შემოწმების წესის დოკუმენტი.