Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის „ფრენების განსაიდუმლოება“ - ღარიბაშვილის სკანდალის შემდეგ


ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილი (ფოტოკოლაჟი)
ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილი (ფოტოკოლაჟი)

რამდენიმე დღეა, მმართველ პარტიას თავის მართლება უწევს ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელმაც აჩვენა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი აშშ-ში სასწავლებლად ევროპამდე სამთავრობო თვითმფრინავის ჩარტერული რეისით წაიყვანა.

და უეცრად თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი „გრიფით საიდუმლო ფრენები“ ჩამოიღო თაროდან.

სააკაშვილის დროინდელი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს ფრენები „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ სრულდებოდა და კანონი არ დარღვეულა.

პოლიტიკის ანალიტიკოსებისთვის კი სახელმწიფოს ეს ნაბიჯი მიანიშნებს, რომ თავდაცვის სამინისტრო „პოლიტტექნოლოგიურ ომში“ ჩართეს - მმართველი პარტიის მიზნებისთვის გამოიყენეს, როდესაც იგი მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

„სააკაშვილის ფრენების განსაიდუმლოება“

ხუთშაბათს, 14 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი“ დაიწყო.

სამინისტროს ცნობით, ის აპირებს, საიდუმლო გრიფი მოხსნას იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებულია „ჯორჯიან ეარვეისთან“ და ეხება ექსპრეზიდენტის საჰაერო მოგზაურობებს 2010-2012 წლებში.

პროცედურასთან დაკავშირებული დეტალები ჯერაც ბუნდოვანია. სამინისტრო მხოლოდ იმას წერს, რომ „განსაიდუმლოებას … შესაბამისი კომისია კანონმდებლობის შესაბამისად“ მიჰყვება.

უწყების თანახმად, თავდაცვის მინისტრის 2012 წლის „შესაბამისი ბრძანების საფუძველზე“, საავიაციო კომპანიასთან გაფორმებული ორი ხელშეკრულება უკვე „განსაიდუმლოებულია“. ეს ხელშეკრულებები ბიუჯეტს 14 მილიონ ლარამდე დაუჯდაო, ამტკიცებს თავდაცვის უწყება.

სხვადასხვა ბრალდებით მსჯავრდებული სააკაშვილი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2021 წლის 29 სექტემბერს, ქვეყნის დატოვებიდან 8 წლის შემდეგ უკანონოდ, - გამოძიების ვერსიით, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, შემოვიდა. ის დაბრუნებიდან ორ დღეში, პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ სასჯელს, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, ძირითადად საავადმყოფოს პალატაში იხდის.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს კლინიკიდან ერთვება. 2023 წლის 3 ივლისი
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს კლინიკიდან ერთვება. 2023 წლის 3 ივლისი

გარდა იმ საქმეებისა, რაზეც ექსპრეზიდენტს უკვე აქვს პატიმრობა მისჯილი, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს 9 მილიონი ლარის გაფლანგვის, ე.წ. „პიჯაკების საქმეს“, - რომლის ფარგლებშიც განსაიდუმლოებულია „ჯორჯიან ეარვეისთან“ დადებული ორი ხელშეკრულება.

„ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ „ახლადგამოკვეთილი“ დეტალებიც გამოსაძიებელია. „იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ღარიბაშვილების ჩარტერი“

ეს კალაძემ 13 სექტემბერს თქვა, - ერთი დღით ადრე მანამ, სანამ თავდაცვის სამინისტრო გამოაცხადებდა, რომ ექსპრეზიდენტის ფრენების „განსაიდუმლოება“ დაიწყო. სამინისტრომ, თავის მხრივ, ეს ნაბიჯი „საზოგადოების მაღალი ინტერესით“ ახსნა.

ეს ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს მოჰყვა:

  • აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა უფროს ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა;
  • 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საგამოძიებო რეპორტაჟიდან გაირკვა, რომ ღარიბაშვილები ჩარტერული რეისით, სამთავრობო თვითმფრინავით წავიდნენ;
  • ტვ პირველის ცნობითვე, რასაც ირიბად საქართველოს ავიახაზების - „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილიც ადასტურებდა, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა მიუნხენში.

რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე და შემდეგ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა რამდენჯერმე დააზუსტა, რომ ღარიბაშვილები ჩარტერული რეისით მხოლოდ თბილისიდან „ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით“ წავიდნენ, იქიდან კი რეგულარული რეისით - აშშ-ში.

მთავრობის მტკიცებითვე, „კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“.

მოგვიანებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განმარტა, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი - 34 000 ევროს ეკვივალენტი ლარში - ანუ დაახლოებით 95 000 ლარი - ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ტარიელ ღარიბაშვილი პრემიერის პენსიონერი მამაა, რომელიც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა.

საიდან 34 000 ევრო?

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტარიელ ღარიბაშვილი ფლობს მხოლოდ ერთი კომპანიის, „ქართული ფესვების“ 50%-იან წილს, რომელიც 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა.

29 აგვისტოს ამ კომპანიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთმა ქვეკომპანიამ გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება „იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა“.

ღვინის ეროვნული სააგენტო ახლა თავს იმით იმართლებს, რომ კომპანიას „არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია“ და „არ მიუღია არანაირი თანხა“, რადგან „კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა“ და 1 სექტემბერს ხელშეკრულება გაუქმდა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 45 000 ლარს შეადგენს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 45 000 ლარს შეადგენს

პრემიერმა დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში შეავსო. იმდროინდელი მონაცემებით, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო.

ამავე დეკლარაციაში წერია, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.

თანამდებობის პირები ავსებენ ხოლმე დეკლარაციებს, სადაც უნდა ჩანდეს, თუ რა შემოსავალი აქვთ და საიდან, თუმცა ამ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება მშობლებზე არ ვრცელდება - თუ ერთად არ ცხოვრობენ. შესაბამისად, 150 ათასი ლარის წარმომავლობაზე დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.

„ყველა ფრენა იყო ლეგალური“

თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, 11 წლის წინანდელი ხელშეკრულებები გაიხსენოს, „ღარიბაშვილის ბავშვის სეირნობის ამბის გადაფარვის უსუსურ მცდელობად“ შეაფასა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თემურ ჯანაშიამ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა. იგი სააკაშვილთან ერთადაა ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილი ქონების - 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე.

ჯანაშიას არგუმენტები თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ასეთია:

  • მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი - უმაღლესი მთავარსარდალი; შესაბამისად, მას ემსახურებოდა ბორტი N1, რომელიც რეგისტრირებული იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე;
  • ბორტი N1-ის გადაადგილება და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი კანონით არის გასაიდუმლოებული;
  • თვითმფრინავის ყოველგვარ ხარჯს სწევდა თავდაცვის სამინისტრო, რადგან ბორტი მის ბალანსზე იყო რეგისტრირებული;
  • ყველა იმდროინდელი ფრენა - ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტისას თუ ქვეყნის შიგნით - იყო ლეგალური და ემსახურებოდა სახელმწიფოს ინტერესებს, რითაც პრეზიდენტი განახორციელებდა თავის უფლებამოსილებას.

თემურ ჯანაშია, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი
თემურ ჯანაშია, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი

ყოფილი მაღალჩინოსანი ორ კითხვას სვამს:

  1. „ეგ თუ დანაშაული იყო, აქამდე რატომ არ გამოიძიეს?“
  2. „ეგ თუ დანაშაულია, რატომ ვსაუბრობთ მხოლოდ 2010, 2011 და 2012 წლებზე? 2013 წელს არ იყო მიშა პრეზიდენტი?“

მისი განმარტებით, პრეზიდენტის ბორტთან დაკავშირებულ საკითხებს „გრიფი რომ დაედო და სახელმწიფო დაცვის სამსახურს რომ დაევალა ამ ხარჯების გაწევა, იმით იყო გამოწვეული, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საიდუმლოების დაცვის სტანდარტები შეიცვალა და ეს გადაწყვიტა უშიშროების საბჭომ და პრეზიდენტმა“.

სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, უფლებამოსილება გრძელდებოდა 2013 წლის ნოემბრამდე და, თემურ ჯანაშიას თქმით, „სწორედ ასეთი ფრენები იყო იმ დროსაც, როცა ხელისუფლება იყო შეცვლილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო, ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. თუ ეს უკანონობა იყო, ამ მოცემულობაში რატომ გასწევდა სახელმწიფო ამ ხარჯებს?“

დაიწყება გამოძიება?

14 სექტემბერს, სამინისტროს განცხადების შემდეგ, „ოცნების“ ლიდერებმა კიდევ ერთხელ მიანიშნეს გამოძიების საჭიროებაზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გაიმეორა, რომ სააკაშვილი „პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, პირადი გადაადგილებისთვის“ და „ალბათ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მოიკვლიოს ყველა დეტალი“.

კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი
კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი

„ოცნების“ პარლამენტარმა გურამ მაჭარაშვილმა კონკრეტული თანხაც კი დაასახელა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტს „თავდაცვის სამინისტროში 24-მილიონიანი საკრედიტო ხაზი ჰქონია გახსნილი პროცენტებისა და დაბრუნების გარეშე, საიდანაც აითვისა 14 მილიონი“. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან ამ ინფორმაციითო, მანაც განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დააზუსტა, რომ „ეს დამატებითი თანხებია … თორემ ასეთივე ფაქტები არის ასახული“ 9 მლნ-ის მითვისების საქმეში.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა ამ საკითხზე ცალკე გამოძიება. პროკურატურას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

„ტოლობის ნიშანი“

პოლიტიკის კომენტატორებისთვის ეს ამბავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო უწყებები, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, პოლიტიზებულია:

„ჩვენი კონსტიტუციით, თავდაცვის სამინისტრო არის დეპოლიტიზებული უწყება, თუმცა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სამინისტრო ჩაერთო პოლიტტექნოლოგიურ ბრძოლაში“, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი. წლების წინ ის „ქართული ოცნების“ გუნდის გავლენიანი წევრი იყო.

„პოლიტიკური ტექნოლოგია“, - როგორც საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მკვლევარი, ენდრიუ უილსონი განმარტავს, - არის ტერმინი, რომელიც პოლიტიკური მანიპულაციის ინდუსტრიის აღსაწერად გამოიყენება, განსაკუთრებით არჩევნების კონტექსში, და მისი არსებობა ღრმად ფესვგადგმულ კორუფციაზე მიანიშნებს. ავტორის თანახმად, ეს ტერმინი დასავლურ ქვეყნებში ნაკლებადაა ცნობილი და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ხშირად გამოიყენება.

გია ხუხაშვილის დაკვირვებით, ამ შემთხვევაში „პოლიტტექნოლოგიის ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიზანია, დღეს პრემიერ-მინისტრთან არსებული კითხვები გადაფარონ წინა ხელისუფლების დროინდელი ფაქტებით და თქვან, კი ბატონო, შეიძლება, რაღაც ხდებოდეს, მაგრამ წინა უარესი იყოო“.

თუმცა პოლიტოლოგი იმასაც ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მთავრობამ ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვა ღარიბაშვილსა და სააკაშვილს შორის.

„იმ ადამიანების თვალში, ვისაც შეუძლია, საკუთარი დასკვნები გააკეთოს, ხელისუფლება საპირისპირო შედეგს იღებს. ვერ აღწევს იმას, რისი მოლოდინიც აქვს ამ პოლიტტექნპოლოგიურ ბრძოლაში, ამ პროპაგანდის გავრცელებისას“, - მიიჩნევს იგი.

XS
SM
MD
LG