იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსული გათხევადებული გაზის [LNG] სხვა გემზე გადატვირთვა, თუმცა ევროკავშირი არ კრძალავს LNG-ის იმპორტს როგორც ეს ზღვით გადაზიდული ნავთობის შემთხვევაში მოხდა.
ეს ცვლილება ძალაში ცხრა თვის შემდე შევა.
სანქციების ახალი პაკეტით ასევე იკრძალება ინვესტიციების ჩადება რუსულ გათხევადებული გაზის პროექტებში.
ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი არაერთხელ დაასანქცირა, მათ შორის იყო ენერგეტიკაც, თუმცა აქამდე შეზღუდვები მხოლოდ ქვანახშირსა და ზღვით გადაზიდულ ნავთობს ეხებოდა.
რა გავლენა ექნება სანქციებს რუსულ LNG-ზე?
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე დაწერა, რომ შეზღუდვები რუსეთის ენერგეტიკის სექტორს საშუალებას არ მისცემს შემოსავლები გაზარდოს.
“დარწმუნებული ვარ, რამდენიმე თვეში რუსეთის LNG-ის ექსპორტის ოდენობა ევროპის ბაზარზე მკვეთრად დაეცემა. ამ შეზღუდვებს სამ კომპონენტად დავყოფდი: რეექსპორტი; ახალი ტექნოლოგიების მიწოდების შეზღუდვა და სატრანსპორტო საშუალებებზე [ამ შემთხვევაში გემები] სანქციების დაწესება.
ამ სამი კომპონენტის ერთობლიობით ევროპის ბაზარზე გათხევადებული გაზის ექსპორტის შესაძლებლობები რუსეთს ძალიან მკვეთრად შეეზღუდება. სხვა ბაზრებზე მაღალი კონკურენციის გამო პრინციპში დიდი შესაძლებლობა არც აქვს, რადგან სერიოზული მოთამაშეეები არიან სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ და ავსტრალია”, - უთხრა საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ვალერი ჩეჩელაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ენერგეტიკის ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, რომ რა გავლენა ექნება გათხევადებული გაზისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ეს სანქციების ამოქმედების შემდეგ გამოჩნდება. მისივე თქმით, ევროკავშირმა რუსული LNG-ის იმპორტი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დეფიციტის თავიდან არიდების მიზნით არ აკრძალა.
“აიკრძალა მხოლოდ რეექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა ისევ მიიღებს რუსულ გათხევადებულ ბუნებრივ გაზს. ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტი შეფასება ძალიან რთულია.
როცა გადაწყვეტილება შევა ძალაში მაშინ რეალურად გამოჩნდება რასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ ძალიან ძნელი დასადგენია რა მოცულობა გადიოდა რეექსპორტზე და რა მოცულობა რჩებოდა ევროპაში”, - ამბობს გოჩიტაშვილი.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა გააჩერა Nord Stream-დან გერმანიისთვის გაზის მიწოდება, რის გამოც ევროპაში გაყიდული რუსული გაზი მკვეთრად შემცირდა, თუმცა ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინის გავლით კვლავ იღებს ბუნებრივ აირს, ევროკავშირი ასევე იღებს რუსეთიდან გათხევადებულ გაზს.
ნაკლები რუსული გაზი ევროპაში
ომის პირობებში მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი აირის ყიდვით, ევროპამ შეძლო რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება. მეორეს მხრივ, LNG-ზე მსოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა, რადგან მისი მსხვილი მომხმარებელი ევროკავშირიც გახდა, რომელსაც პოლიტიკური ზეწოლის მიზნით კრემლმა გაზის მიწოდება შეუმცირა.
გაჩერდა Nord Stream-2-ის გაზსადენი, რითაც გერმანიაში რუსული გაზის იმპორტი უნდა გაორმაგებულიყო. მიწოდების შემცირებას ბაზარზე შოკი მოჰყვა, - 2022 წლის ზაფხულში ენერგეტიკულ ბირჟაზე ბუნებრივ აირზე ფასის რეკორდულად ავარდა. ევროპაში გაზის ფასმა მეგავატ/საათზე 300 ევროსაც გადააჭარბა, დღეს ფასი 34 ევრომდეა შემცირებული.
თუ 2021 წელს ევროკავშირი რუსეთიდან 137 მილიარდამდე მ3 ბუნებრივ აირს ყიდულობდა, რაც მისი ჯამური მოხმარების დაახლოებით 40% იყო, 2023 წელს რუსული გაზის იმპორტი 25 მილიარდ მ3-მდე შემცირდა. რაც შეეხება გათხევადებულ გაზს, შარშან ევროპამ რუსეთისგან დაახლოებით 17.8 მილიარდი მ3 მიიღო, რაც მოხმარების დაახლოებით 6%-ია. 2023 წელს ყველაზე მეტ ბუნებრივ აირს ევროკავშირს ნორვეგია და აშშ აწვდიდნენ.
ძირითადი ბაზრის დაკარგვა Gazprom-ის შემოსავლებს უკვე დაეტყო, შარშან კომპანიამ 6.9 მილიარდი იზარალა. როგორც სააგენტო Reuters წერს, ეს 2000-იანების შემდეგ კომპანიის პირველი წლიური ზარალია.
“შარშან Gazprom-მმა პირველად დაამთავრა წელიწადი წაგებით. ეს წარმოუდგენელია, რადგან რა უნდა მომხდარიყო რომ Gazprom-ი წამგებიანი კომპანია გამხდარიყო. ის იყო ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი რუსეთის ბიუჯეტში. ეს რუსეთის გაზის ექსპორტის პოლიტიკის შედეგია”, - გვეუბნება რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი.
ჩინეთი - ალტერნატვა რუსული გაზისთვის?
ამ ფონზე რუსეთი ცდილობს ჩინეთთან “ციმბირის ძალა 2”-ზე შეთანხმებას მიაღწიოს და ამით გაზის ექსპორტი გამოაცოცხლოს. ამ მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა თითქმის Nord Stream-2-ის მსგავსი, 50 მილიარდი მ3 უნდა იყოს. 2600-კმ-იანმა გაზსადენმა იამალის ნახევარკუნძულზე რეზერვებიდან მოპოვებული გაზი მონღოლეთის გავლით, 2030 წლისთვის ჩინეთს უნდა მიაწოდოს.
“ციმბირის ძალა 2”-ის აშენება ძალიან პრობლემატურია სამი მიზეზის გამო: ის ძვირი ჯდება, ჩინეთი ფასდაკელებას ითხოვს და ძალიან დაშორებულია ჩინეთის ბაზარს ის საბადოები, საიდანაც გაზის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს. ეს ფაქტობრივად გადაულახავ სირთულეს ქმნის.
ამ ფონზე პუტინმა შესაძლოა ევროპის ბაზარზე დაბრუნება მოინდომოს, მაგრამ მისი და Gazprom-ის მიმართ აღარანაირი ნდობა არ არსებობს.
ამავე დროს მსოფლიო გაზის ბაზარი გადალაგდა, ფასი დასტაბილურდა და ევროპის უსაფრთხოებას გაზის მიწოდების კუთხით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ პირობებში რუსეთის ევროპის ბაზარზე დაბრუნება ძალიან სათუოა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გამოვრიცხავ რომ ევროპაში შეიძლება დაბრუნდეს კიდეც რუსული გაზი, მაგრამ ეს იქნება ძალიან რეგულირებული, ასევე საფასო პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული იქნება და რუსეთს იმის ფუფუნება რომ გარკვეული პირობები დააყენოს აღარ ექნება. ანუ ძალიან შეზღუდული ხასიათი ექნება [ამ დაბრუნებას]”, - ამბობს ჩეჩელაშვილი.
დღეისთვის ჩინეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი 3000-კმ-იანი გაზსადენის “ციმბრის ძალის” საპროექტო გამტარუნარიანობა წლიურად 38 მილიარდი მ3-ია. არსებული ხელშეკრულებით, რუსეთმა ჩინეთს 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ამ მოცულობის გაზი უნდა მიაწოდის.
როგორც წესი, საპროექტო სიმძლავრის სრულად ათვისებას გარკვეული დრო სჭირდება. Gazprom-ი გაზსადენის სრულად დატვირთვას და 38 მილიარდი მ3-ის გატარებას 2025 წლისთვის გეგმავს.
უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტი ეკონომიკურ და ინდივიდუალურ ზომებს მოიცავს. როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ერთი მხრივ მიმართულია რუსეთის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებზე, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო გაართულებს ევროკავშირის მიერ აქამდე დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.
ფორუმი