მიგრაციის ანალიტიკოსების აღწერით, ძნელი წარმოსადგენია რუსეთის რომელიმე დიდი თუ პატარა ქალაქი შუააზიელი შრომითი მიგრანტების გარეშე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს რუსეთში 8 მლნ-ზე მეტი მიგრანტი იყო რეგისტრირებული, თუმცა სინამდვილეში არალეგალური მიგრანტების რაოდენობა ბევრად მეტია.
რუსეთის პარლამენტში შეტანილი ერთ-ერთი კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, დანაშაულის ჩადენისას, დამამძიმებელ გარემოებად აღიარებს. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ წერს, ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი ევგენი მარჩენკო, მოიცავს ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის I ნაწილში ("დამამძიმებელი გარემოებები"). დეპუტატის თქმით, სიახლე შეასრულებს „პრევენციული მექანიზმის როლს და ხელს შეუწყობს რუსეთში მყოფი უცხოელების უფრო პასუხისმგებლობიან ქცევას“.
„შემოთავაზებული კანონპროექტი არღვევს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის XIX მუხლში ჩამოყალიბებულ თანასწორობის პრინციპს, რომლის თანახმადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რასისა, - ამბობს ანა გოლუბი, იურიდიული კომპანიის Criminal Defense Firm-ის თანამშრომელი, რომლის მიხედვითაც, ეს პრინციპი ასევე გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 მუხლში.
გამოცემა The MoscowTimes-ის მიხედვით, კანონის მიღება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთიდან იმ ადამიანების გადინებას, რომლებიც სამუშაოდ, ტურიზმის ან სხვა მიზნებისთვის ჩადიან. გარდა ამისა, პრობლემები შეექმნებათ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც, რომლებიც ავტომატურად „დაჯილდოვდებიან“ დამამძიმებელი გარემოებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამამძიმებელ გარემოებად აღიარების ინიციირების გარდა რუსეთის პარლამენტი ასევე აპირებს:
- არალეგალური მიგრაციის ორგანიზების განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად გამოცხადებას
- უცხოელთა ფიქციური რეგისტრაციისთვის ჯარიმების გამკაცრებას
- სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ისეთი საიტების დაბლოკვას, რომლებიც არალეგალურ სერვისებს სთავაზობენ მიგრანტებს
- „შუამავალი ორგანიზაციებისთვის“ მიგრანტებისგან გამოცდების ჩაბარების აკრძალვას
რუსეთის დუმის დეპუტატმა ირინა იაროვაიამ ასევე მოითხოვა მიგრანტთა შვილების შემოწმება რუსული ენის ცოდნაზე, ხოლო დეპუტატი სვეტლანა მაქსიმოვა უფრო შორს წავიდა და მოითხოვა მიგრანტების ოჯახური მდგომარეობის შემოწმება.
რუსეთის მთავრობაში მიგრაციის პოლიტიკის მკვეთრ გამკაცრებას მოითხოვს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, რომლის მტკიცებით, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი განუხრელად იზრდება, რასაც ჯეროვნად ვერ ებრძვის საგამოძიებო კომიტეტი სუსტი საკანონმდებლო ბაზის გამო.
რუსი ოფიციალური პირები დაუფარავად საუბრობენ რუსეთის რეგიონების გაღიავება/გათეთრების აუცილებლობაზე. ისინი აღშფოთებულნი არიან იმით, რომ მიგრანტები რუსეთში ოჯახებით მკვიდრდებიან და ტრაბახობენ იმით, რომ იჭერენ ბევრ მათგანს და უკრაინაში აგზავნიან. საქმე იქამდე მივიდა, ბასტრიკინმა მიგრანტებთან ეფექტიანი ბრძოლის საკუთარი მეთოდიც კი მოიფიქრა.
„ჩვენ უკვე გამოვიჭირეთ 30 ათასზე მეტი მიგრანტი, რომლებმაც მართალია მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ თავი აარიდეს სამხედრო აღრიცხვაზე დადგომას. დავიჭირეთ, აღრიცხვაზე ავიყვანეთ და 10 ათასზე მეტი მათგანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაშიც გავგზავნეთ. გვეუბნებიან, ვის რაში სჭირდებათ ისინი ფრონტზეო. ამხანაგებო, სანგრების გასათხრელად და სიმაგრეების ასაგებად ნამდვილად საჭიროა კარგი მუშახელი. დღეს ისინი უერთდებიან ჩვენს იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც აშენებენ ამ სიმაგრეებს“, - განაცხადა ალექსანდრ ბასტრიკინმა,
ბასტრიკინის რეცეპტებს ცხოვრებაში ატარებენ მიგრაციის სამსახურები და სამხედრო პოლიცია. რეიდებს რესტორნებში, კაფეებში, ბაზრებსა და სამშენებლო ობიექტებზე თან ახლავს საბუთების შემოწმება და იმ პირთა დაკავება, რომელთა პასპორტებში სამხედრო აღრიცხვის ჩანაწერი არ არის. შემდეგ ხდება სასწრაფოდ გამოძახება სამხედრო კომისარიატში, იქიდან კი ფრონტზე გაგზავნა.
მიგრანტების სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით ინტენსიური რეიდები ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. ბევრ მიგრანტს რუსეთის მოქალაქეობაც კი ჩამოართვეს სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების გამო. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ამგვარი რეიდების დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა რუსეთიდან მიგრანტების გადინება.
რუსეთის შს სამინისტროს 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, რუსეთში უცხოელი მოქალაქეების რაოდენობამ 6,2 მლნ შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე, ეს მაჩვენებელი 8,5 მლნ იყო.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებებს ემატება რეგიონული ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვებიც. მაგალითად, 2024 წლის 1 ოქტომბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნოვგოროდის საოლქო განყოფილებამ შეაჩერა მიგრანტებისთვის სამუშაო პატენტების გაცემა. გამოცემა „კომერსანტის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში რეგიონში ჩასული მიგრანტების რაოდენობა თითქმის 25%-ით შემცირდა, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება კი, როგორც მიგრაციისა და შრომის ბაზრის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ავტომატურად იწვევს მუშახელის დეფიციტს.
რუსეთის ელექტრონული ვაჭრობის უმსხვილესმა ონლაინმაღაზიებმა Ozon-მა და Wildberries-მა უკვე განაცხადეს, რომ განიცდიან კურიერების მწვავე დეფიციტს, ხოლო სუპერმარკეტების ერთ-ერთმა მსხვილმა ქსელმა განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში სავაჭრო თაროებიდან გაქრა რამდენიმე დასახელების პროდუქტი. როგორც გაირკვა, სუპერმარკეტის ასობით თანამშრომელი იქნა დეპორტირებული პოლიციის რეიდების შედეგად.
შრომის ბაზარზე მძღოლების დეფიციტს პროგნოზირებს Yandex.Taxi, რომლის ვარაუდითაც 2024 წლის ბოლომდე ეს დეფიციტი გაიზრდება 130 ათას ადამიანამდე, რაც უთუოდ გამოიწვევს მომსახურების გაძვირებას. საიტმა „ავიტომ“, რომელიც რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს სამუშაოს მოძებნაში ეხმარება, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოაცხადა, რომ შრომითი რესურსების დიდი უკმარისობაა საბინაო და კომუნალური მომსახურების სექტორში: მოსკოვში მეეზოვეების დეფიციტი 50%-ს შეადგენს.
გამოცემა The Moscow Times-ის ცნობითაც, რუსული კომპანიები მასობრივად ჩივიან მიგრანტების დეფიციტზე:
რუსული კომპანიების ნახევარზე მეტმა (53%) აღნიშნა უცხოელი მუშაკების დეფიციტზე, ხოლო 46%-მა აღნიშნა, რომ ისინი "გარკვეულწილად" კმაყოფილი არიან მიგრანტების დაქირავების ამჟამინდელი მოცულობით. ეს აჩვენა hh.ru-ს გამოკითხვამ, რომლის შედეგებიც „კომერსანტმა“ გაავრცელა. კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მოთხოვნა კვლავ მუშებზეა (53%), შემდეგ მოდიან მშენებლები (35%), მომსახურების სფეროსა (25%) და წარმოების პერსონალი (23%).
რუსულ კომპანიებში ყველაზე ხშირად დასაქმებული არიან დსთ-სა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები (48%). რუსეთის შრომის ბაზარზე ასევე არის მუშახელი ევროკავშირიდან და აზიიდან (ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ვიეტნამი, ტაილანდი, კამბოჯა და სხვ.). აფრიკის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნიგერია, ზიმბაბვე) და ახლო აღმოსავლეთის (არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ისრაელი და ა.შ.) ქვეყნების წილი კი 10%-ს შეადგენს.
რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის მსგავს გამოკითხვაში, კომპანიების 2/3-მა აღნიშნა, რომ გართულდა შრომითი მიგრანტების მიზიდვა. 56%-მა მთავარ პრობლემად შრომის ბაზარზე საჭირო სპეციალისტების ნაკლებობა დაასახელა, 38%-მა კი განაცხადა, რომ სამუშაოს მიღების მსურველები რუსული ენის გამოცდას ვერ აბარებენ. თითქმის ყოველი მეხუთე კომპანია (19%) უჩივის რეგიონების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, კვოტებს - ხშირ შემთხვევაში რეგიონულ დონეზე აკრძალულია მიგრანტების დაქირავება და სამსახურში აყვანა.
პოლიტოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის, თათარი აქტივისტის რუსლან აისინის თქმით, რუსეთში მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება განპირობებულია არა იმდენად კრიმინალთან ბრძოლით, რამდენადაც რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შოვინისტური პრინციპების გაძლიერებით.
„ამ ყველაფერს დავუკავშირებდი იმას, რაც ხდება რუსეთში, დავუკავშირებდი ე.წ. რუსულ თემთა შექმნას; ყველა არალოიალური, არარუსული ჯგუფის შევიწროება-დევნას. მიგრანტებიც ექცევიან ამგვარი ჯგუფების რიგში, რადგან იოლად შეიძლება მათი გამოცხადება „მეხუთე კოლონად“, მტრებად, ყველა უბედურების წყაროდ. თუნდაც ხდებოდეს დანაშაული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი გამოირჩევიან საერთო სურათიდან. ჩემი აზრით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები და მობილიზებულები ბევრად მეტ დანაშაულს სჩადიან, ვიდრე მიგრანტები, თუმცა ომის მონაწილეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე ყველა თვალს ხუჭავს, რადგან ისინი გმირები არიან“, - ამბობს ექსპერტი რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტის The CurrentTime-ის ეთერში.
რუსლან აისინმა მიგრანტების მდგომარეობაზე საუბრისას გაიხსენა, რომ 2024 წლის 30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც შეჩერდა მოსახლეობის რაოდენობის მონიტორინგი.
„ამის მიზეზი მოსახლეობის დიდი კლებაა, რაც უპირველეს ყოვლისა, არარუსი ხალხების შემცირების ხარჯზე ხდება. აშკარაა, რომ ბურიატების, ტუველების, იაკუტების, კავკასიელების, ვოლგისპირეთის ხალხების წარმომადგენლები, რიცხვით გამოხატულებაში, უფრო მეტს კარგავენ, ვიდრე საკუთრივ რუსი ხალხი, რაც პირდაპირ გენოციდია. ეს ნიშნავს, რომ ასე თუ ისე, ძლიერდება სატიტულო ხალხის პოზიცია, - ამბობს პოლიტოლოგი, - ხოლო იმისათვის, რომ გამოთავისუფლებული ადგილი არ შეივსოს, სახელმწიფო შეგნებულად ზღუდავს მიგრანტების ჩამოსვლას. ორი-სამი წლის შემდეგ სიამაყით გამოგვიცხადებენ, რომ ტიტულიანი ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა 7-8%-ით გაიზარდაო. მაგალითად, ბოლო აღწერის მიხედვით, თათრების რაოდენობა რატომღაც 650 ათასით შემცირდა. ეს არის ტოტალიტარიზმისკენ სვლა, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი ხალხი, ერთი მეფე და ერთი რწმენაა“.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გაამკაცროს მიგრაციული პოლიტიკა, იმედი გაუცრუა ჩეჩნეთის ლიდერსაც.
„ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვიღაც მიზანმიმართულად აპირისპირებს რუსეთს მეზობელ მოძმე რეგიონებთან. თუ მიგრაციული პოლიტიკა შესაცვლელია, ის უნდა შეიცვალოს არა ასეთი ამაზრზენი სახით, როცა ყველა უცხოს გავეშებული ესხმიან თავს. აპატიმრებენ ყოველგვარი ცერემონიის გარეშე და, რაც მთავარია, სასტიკი ფორმით“, - დაწერა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამარხზე.
კადიროვის თქმით, უცხოელების მასობრივი გაძევება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან პრობლემა მათ გამო არ წარმოშობილა:
„არსებული ვითარება შეიქმნა პასუხისმგებელი პირების უხერხემლობის გამო, რადგან სწორედ მათ ვერ გააკონტროლეს სიტუაცია. საზოგადოებაში მიგრანტების მიმართ სიძულვილის გაღვივებით რუსეთის ხელისუფლება კარგს ვერაფერს მიაღწევს, პირიქით, მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას“.
კადიროვის თქმით, საჭიროა კომპეტენტური მიდგომა, პოლიტიკისა და მიგრაციის კონტროლის სწორი სისტემის აშენება და არა სხვა ქვეყნების მოქალაქეების უწესრიგო ინკვიზიცია:
„უნდა ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს. ამიტომ, შევეშვათ შუა საუკუნეების მიდგომებს და ვიმუშაოთ საკითხის მიზანმიმართულ გადაწყვეტაზე. მთავარია გვესმოდეს, რომ მიგრანტებს შორის არიან კანონდამრღვევებიც და არიან კანონმორჩილებიც. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია და ეს მნიშვნელოვანია. კარგი, დავუშვათ გავყარეთ დღევანდელი მიგრანტები დევნისა და წმენდების გზით, ხვალ ხომ მათ ადგილზე სხვები მოვლენ სხვა ქვეყნებიდან? ვინ მოგცემთ გარანტიას, რომ ისინი უკეთესები იქნებიან?”
რუსი მეწარმე და სამოქალაქო აქტივისტი, დმიტრი პოტაპენკო კი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების ქცევას და „ანტიმიგრანტული“ კანონების მიღებას შექმნილი პოლიტიკური ვითარება განაპირობებს და, რომ რუსეთს ჯერ კიდევ წინა აქვს მთავარი კონფლიქტი, რომელიც აუცილებლად მოხდება ომის მონაწილეებსა და მიგრანტებს შორის.
„მილიონი „ესვეოშნიკი“ (ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე) სადმე უნდა განაწილდეს. სად იმუშავებენ, მეტ-ნაკლებად გასაგებია. ოღონდ დიდ ხელფასებს მიჩვეულები, მცირე ჯამაგირს აღარ დასჯერდებიან. გარდა ამისა, თავს იჩენს მათი პრეტენზიები, რომლებსაც ისინი აუცილებლად წარუდგენენ საზოგადოებას. ერთია ავღანეთის ომი, რომელშიც ბევრად ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა და, რომელიც დროშიც მნიშვნელოვნად იყო გაწელილი და სულ სხვაა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ერთ-ერთი ტრიგერი იქნება ხელოვნური თუ ბუნებრივი კონფლიქტი „ომის გმირებსა“ და მიგრანტებს შორის. უხეშად რომ ვთქვათ, ეს იქნება 1 მილიონი 10 მილიონის წინააღმდეგ. ახალი თაობის საჭირო რაოდენობა ფიზიკურად არ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მიგრანტების ჩანაცვლება. მაპატიეთ, მაგრამ, თუ ჩვენ არ ვმრავლდებით, მაშინ მიგრანტები იკავებენ ჩვენს ადგილს. კაცები არ გვყავს. ასეთი ე.წ. სახელმწიფოებრივი მიდგომებით ერი არ გამრავლდება, რაც უნდა ძალიან მოინდომოს ვინმემ. მეტიც, რუსეთი ულმობლად ხოცავს საშუალო ასაკის თავის მამაკაცებს, ხოცავს ფიზიკურად. შეგახსენებთ, რომ რუსეთში მამაკაცების 38% ვერ აღწევს საპენსიო ასაკს, 64 წელს“, - უთხრა დმიტრი პოტაპენკომ გამოცემა „ოკნოს“.
ფორუმი