Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება, თუ შრომითი მიგრანტები რუსეთში აღარ ჩავლენ ქსენოფობიისა და რუბლის კურსის გამო? დემოგრაფი განმარტავს


პეტერბურგის სასამართლოებმა გადაწყვიტეს, 25-დან 29 მარტამდე, ქვეყნიდან გააძევონ შუა აზიის რესპუბლიკებიდან ჩასული, სულ ცოტა, 418 პირი. მიგრანტები იტყობინებიან, რომ მასობრივი რეიდები ჩატარდა. 2024 წლის 27 მარტი
პეტერბურგის სასამართლოებმა გადაწყვიტეს, 25-დან 29 მარტამდე, ქვეყნიდან გააძევონ შუა აზიის რესპუბლიკებიდან ჩასული, სულ ცოტა, 418 პირი. მიგრანტები იტყობინებიან, რომ მასობრივი რეიდები ჩატარდა. 2024 წლის 27 მარტი

"კროკუს სიტი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელშიც გამომძიებლები ოთხ ტაჯიკს ადანაშაულებენ, რუსეთის ხელისუფლებამ გააძლიერა ბრძოლა შუააზიელ მიგრანტებთან.

კერძოდ, პეტერბურგის სასამართლოებმა გადაწყვიტეს, 25-დან 29 მარტამდე, ქვეყნიდან გააძევონ შუა აზიის რესპუბლიკებიდან ჩასული, სულ ცოტა, 418 პირი. მიგრანტები იტყობინებიან, რომ მასობრივი რეიდები ჩატარდა საერთო საცხოვრებლებში, სადაც ჩამოსულები ცხოვრობენ, ასევე მშენებლობებსა და დაწესებულებებში, სადაც ისინი მუშაობენ.

29 მარტს ადამიანის უფლებათა პროექტი, "პირველი განყოფილება" იტყობინებოდა, რომ სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ფართომასშტაბიან ოპერაციას, სახელწოდებით "ანტიმიგრანტი", იმ ადამიანების გამოვლენისა და დეპორტაციის მიზნით, რომელთაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების უფლება. უცხოელების ერთ-ერთი ადვოკატი ამბობს, რომ რეიდები ეწყობა საერთო საცხოვრებლებსა და ბინებში, ხოლო დაკავების საგანგებო ცენტრები გადავსებულია. მისი თქმით, მიგრანტებს მასობრივად აძევებენ ქვეყნიდან, თვითმფრინავებით, პულკოვოს აეროპორტიდან.

თავისი მოქალაქეების რუსეთიდან გადინებაზე წერს ტაჯიკეთის შრომის, მიგრაციისა და დასაქმების სამინისტროც. ქვეყნის შრომის მინისტრმა, შაჰნოზა ნოდირიმ განაცხადა, რომ ტაჯიკები რუსეთში პანიკით არიან მოცული, ბევრი იქიდან წასასვლელად ემზადება. ამ ეტაპზე უკვე მეტი ადამიანი ბრუნდება ტაჯიკეთში, ვიდრე მიემგზავრება რუსეთში.

დემოგრაფი სალავათ აბილკალილოვი, სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, მიგრანტები შუა აზიის რესპუბლიკებიდან გადაადგილებას დაიწყებენ რუსეთიდან - სხვა ქვეყნებში.

ის აღნიშნავს, რომ რუსეთში ქსენოფობიური განწყობის გარდა, ამას ხელს უწყობს რუბლის დაბალი კურსი და შრომითი მიგრანტებისთვის ხელფასების შესაძლო შემცირებაც. მისი თქმით, გადინების პროცესი უკვე დაწყებულია და მალე რუსეთი სრულად იგრძნობს შრომითი რესურსების ნაკლებობას შუა აზიის ქვეყნებიდან.

"პირველ რიგში, ეს ეხება დროებით სამუშაო მიგრაციას. მაგრამ თუ ეკონომიკის სტაგნაცია მოხდა, მაშინ ეს შეეხება მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე მირანტებსაც. 2023 წელს რუბლის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა და, წინასწარი მონაცემებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მიგრანტთა რაოდენობაც“, განაცხადა აბილკალილოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეპროექტის "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ეთერში.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ანტიმიგრანტული რეიდების და ტერაქტის ფონზე არსებული კრიზისი, შესაძლოა, ორი-სამი თვის განმავლობაში შემცირდეს, მაგრამ რუსეთის დატოვების ტენდენცია უკვე ჩანს:

"მერე ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, - დარწმუნებულია დემოგრაფი, - თუმცა, ამასთანავე, პოტენციური მიგრანტების რაღაც ნაწილი, ამის გათვალისწინებით, ნელ-ნელა სხვა ქვეყნებში დაიწყებს გადაადგილებას".

ამ თვალსაზრისით, რუსეთს "საკმაოდ ბევრი კონკურენტი ჰყავს" ჰყავს შუააზიელი მიგრანტების მიზიდვის მხრივ, აღნიშნავს ექსპერტი: ესენი არიან სპარსეთის ყურის ქვეყნები, თურქეთი, სამხრეთი კორეა, ჩინეთი, ევროკავშირის სახელმწიფოები და შეერთებული შტატები.

"ჩვენ ჯერჯერობით მათ ვუგებთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება", - გვაფრთხილებს ექსპერტი.

ამასთან, აბილკალილოვის მტკიცებით, ბოლო ათწლეულების მანძილზე, რუსეთის მიგრაციული პარტნიორების რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

"არსებითად, დარჩა მხოლოდ უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, - აღნიშნავს ის, - თუ 10-20 წლის წინ საკმაოდ ბევრი განცხადება იყო მშენებლებსა და ხელოსნებზე მოლდოვიდან, ახლა უკვე ეს საკმაოდ იშვიათია, იმიტომ რომ ისინი გადაერთნენ ევროკავშირზე და სხვა ქვეყნებზე. ჩემი ვარაუდით, ჩვენი ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების ფონზე, დროთა განმავლობაში, იგივე მოხდება დანარჩენი მიგრაციული პარტნიორების შემთხვევაშიც, რომლებზეც ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებული".

მისი თქმით, რუსეთში შრომის ბაზარი დიდი ხანია განიცდის კადრების სერიოზულ დეფიციტს, რომელიც მხოლოდ გაუარესდება, მზარდი ქსენოფობიის გათვალისწინებით. ექსპერტის პროგნოზით, "2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის, შრომის ბაზარზე ვითარება ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო დაიძაბება".

„2030-იანი წლების შუაში, შრომის ბაზარზე ვითარება სულ უფრო დაიძაბება“

"საქმე ის არის, რომ 2012-დან 2022 წლამდე და მერე, უკვე სადღაც 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის, შრომის ბაზარზე შემოვლენ მცირერიცხოვანი თაობები, ანუ ეს არიან ბავშვები, რომლებიც 90-იან - 2000-იანი წლების დასაწყისში - დაიბადნენ, - განმარტავს ის. - ისინი ძალიან ცოტანი არიან, ამიტომ 2012-დან 2032 წლამდე რუსეთში 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანთა რიცხვი ერთი მესამედით შემცირდება. ეს დაახლოებით 13 მილიონია. ეს კიდევ არაფერი, მეორე უბედურება ის არის, რომ პენსიონერებისა და წინასაპენსიო ასაკის, ანუ 60 წელზე უფროსი ადამიანების რიცხვი, დაახლოებით 13 მილიონით გაიზრდება".

ადრე ექსპერტები მიუთითებდნენ რუსეთში შობადობის შემცირებაზე. დამოუკიდებელი რუსი დემოგრაფის, ალექსეი რაკშის მონაცემებით, 2023 წელს, რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთის გამოკლებით, 1,213 მილიონი ბავშვი გაჩნდა - ეს ყველაზე დაბალი წლიური მაჩვენებელია 1991 წლიდან. 2024 წელს, როგორც მან ადრე ივარაუდა, ეს მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის აბსოლუტურ მინიმუმამდე დავა.

ამ დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 2024 წლის თებერვალში, ფედერალური კრებისთვის თავისი მიმართვისას, განაცხადა ეროვნულ პროექტ "ოჯახის" დაწყების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს "შობადობის მდგრადი ზრდის მიღწევას".

ამასთან, მოსკოვი აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინასთან, ფრონტზე დანაკარგების მასშტაბს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ამხელს. ომში აქტიურად მონაწილეობენ ასევე მიგრანტებიც შუა აზიიდან, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეობას ჰპირდება.

XS
SM
MD
LG