რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 19 ნოემბრის ღამით აშშ-ის წარმოების ექვსი ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ით დაარტყა ბრიანსკის ოლქში ობიექტს, რომელიც, სამხედრო უწყების მტკიცებით, მცირედ დაზიანდა.
დასავლური და ამერიკული წყაროების ცნობით, ATACMS-ების პირველი სამიზნე, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის მახლობლად მდებარე საარტილერიო მასალების 67-ე არსენალი უნდა გამხდარიყო, რომელიც ამერიკულმა ბალისტიკურმა რაკეტამ „წარმატებით გაანადგურა“.
უკრაინის ხელისუფლება, რომელიც რუსეთის სიღრმეში სხვა იარაღითაც ანადგურებს სამხედრო ლოგისტიკის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ჯერჯერობით არ ადასტურებს ბრიანსკზე ATACMS-ებით დარტყმას.
„ზედმეტი დეტალების გარეშე. უკრაინას გააჩნია შორსმსროლელი შესაძლებლობები, აქვს საკუთარი წარმოების გრძელი რადიუსის მოქმედების დრონები, უკვე გვაქვს არაერთი "ნეპტუნი" (ფრთოსანი რაკეტა - რედ.). უკვე გვაქვს ATACMS-ები. ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 19 ნოემბერს დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკისგან განსხვავებით, რუსეთის სიღრმეში ამერიკული ATACMS-ებით პირველ დარტყმებზე კომენტარი არ გაუკეთებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ უპასუხოდ არ დატოვებდა ასეთ თავდასხმას.
სამაგიეროდ, აშშ-ის საელჩომ უკრაინაში მოიპოვა „კონკრეტული ინფორმაცია“, რომლის თანახმად - 20 ნოემბერს მოსალოდნელია უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა. მათ შორის, სავარაუდოდ, უკრაინის დედაქალაქზეც.
რას დაუპირისპირებს რუსეთი ATACMS-ს?
ამერიკული გამოცემა The Times-ის ცნობით, უკრაინის არმიას ამჟამად ATACMS-ის დაახლოებით 50 რაკეტა უნდა ჰქონდეს. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვისთვის ამ არცთუ იოლად მოსაგერიებელი რაკეტებს შეუძლია, სერიოზულად შეასუსტოს რუსეთის სამხედრო პოტენციალი მთელ უკრაინულ ფრონტზე.
„რუსეთის ზურგში სამხედრო ობიექტებზე გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტებით მიყენებულ უკრაინულ დარტყმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტების მხრივ საბრძოლო მოქმედებების მთელ თეატრზე. თუ, როგორც იტყობინებიან, უკრაინას მიეცემა კიდევ უფრო მეტ სიღრმეში დარტყმის ნებართვა, ეს აღმოჩნდება ახალი შესაძლებლობა უკრაინისთვის, რომელიც შეძლებს არსებითად შეასუსტოს რუსეთის სამხედრო ძალისხმევა“, - ნათქვამია აშშ-ის „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ახალ ანგარიშში.
მაგრამ რუსეთი ცდილობს დააკნინოს ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ების პირველი იერიშის ეფექტი.
ოფიციალურ ცნობებში, რუსეთის სამხედრო უწყება ისე წარმოადგენს საქმეს, თითქოს მისმა საჰაერო თავდაცვამ ხუთი რაკეტა ჩამოაგდო, ერთი კი დაზიანდა, თუმცა მისი ფრაგმენტების ჩამოცვენას ნგრევა არ მოჰყოლია.
სააგენტო Reuters-ის წყაროს თანახმად კი, რუსული საბრძოლო მასალების საწყობისთვის ნასროლი ATACMS-ის 8 რაკეტიდან, რუსეთის საჰაერო დაცვამ მხოლოდ 2 ჩამოაგდო.
ქალაქი კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს.
ტელეგრამარხ „ასტრას“ ცნობით, 19 ნოემბრის ღამით უკრაინელებმა ამერიკული რაკეტებით რუსეთის მთავარ სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალს დაარტყეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოები.
უკრაინის სამხედრო უწყების ცნობებში ნახსენებია 12 „მეორადი აფეთქება“, რასაც კარაჩევში რუსეთის ლოგისტიკური ბაზის განადგურება მოჰყვა.
რუსეთის სამხედრო უწყებამ მოგვიანებით დააზუსტა, რომ ATACMS-ის 6 რაკეტას „საჰაერო ბრძოლა“ გაუმართეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო ქვემეხ „პანცირის“ საბრძოლო ეკიპაჟებმა. რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, სამხედრო უწყების მტკიცებით, ხუთი რაკეტა გაანადგურა და ერთი „დააზიანა“.
როგორც ნებისმიერი სხვა ბალისტიკური რაკეტის, ATACMS-ის ჩამოგდებაც რთულია. ის რთული ტრაექტორიით მაღალი, 1000 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობს, უტევს სტრატოსფეროდან, შეუძლია აქტიური მანევრირება როგორც ფრენის საწყის, ისე ფინალურ ეტაპებზე. ხოლო მისი სტარტის მომზადების და მიზნამდე მიღწევის დრო სულ რამდენიმე წუთში ეტევა. შესაბამისად, რადიოსალოკაციო სადგურებმა და კოსმოსური დაზვერვის საშუალებებმა წამებში უნდა დააფიქსირონ რაკეტის სტარტი, გამოთვალონ მისი ტრაექტორია და გადასცენ ანტირაკეტებს მიზნის კოორდინატი.
მაშინაც კი, თუ რუსეთის სამხედრო უწყების განცხადება სინამდვილეს შეესაბამება, საჰაერო თავდაცვის სისტემის ასეთი მუშაობა ATACMS-ის კლასის რაკეტების წინააღმდეგ, შესაძლოა წარმატებულად ჩაითვალოს, რომ არა ერთი გარემოება. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არის „მეორადი დეტონაციის“ ნიშნები, რაც აშკარად ჩანს კარაჩევში მომხდარი აფეთქების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ორშაბათს ღამით ბრიანსკის ოლქში, კარაჩევის მახლობლად, განადგურდა სამიზნე - 1046-ე მომარაგების ცენტრის არსენალი. დარტყმამ გამოიწვია 12 მეორადი აფეთქება. „რუსი ოკუპანტების არმიისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის საწყობების განადგურება გაგრძელდება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო რეაქციები და საპასუხო დარტყმის საფრთხე
კვირას ბევრმა დასავლურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, რომ კიევს უფლება მისცეს აშშ-ის რაკეტებით დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. მართალია ვაშინგტონს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია, მაგრამ ევროკავშირი ამ ცნობას ისე გამოეხმაურა, როგორც სრულიად ოფიციალურ გადაწყვეტილებას.
„გუშინ, შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც, რა თქმა უნდა, ტაშს დავუკრავ. ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნება დართო (კიევს) შორეული მოქმედების იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე, 300 კილომეტრის სიღრმეში. დღეს ჩვენ ამას განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ ყველა წევრი ქვეყანა მიბაძავს აშშ-ის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა 19 ნოემბერს ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ის გამოყენებაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ აღშფოთა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვა.
თავად ტრამპს, რომელიც იანვარში დაიკავებს თეთრ სახლს, არაფერი უთქვამს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ამ ნაბიჯზე, მაგრამ მისმა გარემოცვამ ბაიდენის გადაწყვეტილებას „ესკალაცია“ უწოდა.
„როგორც ჩანს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს სურს დარწმუნდეს, რომ მესამე მსოფლიო ომი მანამდე დაიწყება, სანამ მამაჩემს მშვიდობის დამყარების და სიცოცხლის გადარჩენის შანსი მიეცემა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
დონალდ ტრამპი უკმაყოფილო იყო აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების დიდი მასშტაბის გამო და აცხადებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვაჭარია, ვინც ოდესმე უნახავს, რადგან ამერიკისგან იმდენი ფული არავის მიუღია, რამდენიც ზელენსკიმ წაიღო.
მაგრამ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის პირობებში, ომი უფრო „სწრაფად დასრულდება“.
კიევისათვის ATACMS-ების რუსეთის სიღრმეში გამოყენების ნებართვამ დიდი დისკუსიაც გამოიწვია - არის თუ არა სწორი და ლეგიტიმური ასეთი სერიოზული და დაძაბული გადაწყვეტილების მიღება თანამდებობის დატოვებამდე ორი თვით ადრე.
ამაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი „ოთხწლიანი ვადით არის არჩეული და არა სამი წლისა და 10 თვის ვადით, ამიტომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ვადაში ლეგიტიმურია“.
როგორც 20 ნოემბრის „ტაიმსი“ წერს, აშშ-მა უკრაინას ნება მისცა, რომ გამოიყენოს შორ რადიუსზე მოქმედი ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი რაკეტა CALP/Storm Shadow რუსეთის სიღრმეში დარტყმებისათვის.
ფრანგულ-ბრიტანული ფრთოსანი „ჰაერი-მიწა“ კლასის საავიაციო რაკეტა SCALP/Storm Shadow-ს ფრენის სიშორე, საექსპორტო ვერსიისთვის, 250 კილომეტრს აღემატება, ხოლო საკუთრივ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არმიებისათვის - ორჯერ მეტ, 560 კილომეტრს შეადგენს. SCALP/Storm Shadow შექმნილია საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან კარგად დაცული სტაციონარული სამიზნეების (მათ შორის, მაგალითად, ბუნკერების) გასანადგურებლად. მათი გამოყენება დღის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ამინდის პირობებშია შესაძლებელი.
რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე გრძელი რადიუსის იარაღით დარტყმის უფლების მიცემა ნიშნავს ნატოს ქვეყნებისა და ევროპული სახელმწიფოების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში.
„არსებითად ამ სარაკეტო სისტემებში საფრენი დავალებების შეტანა მხოლოდ ნატოს ქვეყნების სამხედრო პერსონალს შეუძლია... უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ქვეყნების უშუალო მონაწილეობა ცვლის მის არსს. რუსეთი იძულებული იქნება, ამგვარად წარმოქმნილი საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში.
სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში იმყოფებოდა „დიდი ოცეულის“ სამიტზე, განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქზე ATACMS-ით დარტყმები იმის ნიშანია, რომ დასავლეთს ესკალაცია სურს. მისი თქმით, ასეთი იერიშები შეუძლებელი იქნებოდა ამერიკელების მონაწილეობის გარეშე.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა ითვალისწინებს ბირთვული პასუხის შესაძლებლობას უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური არაბირთვული რაკეტების გამოყენების შემთხვევაში.
გუშინ გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება ბირთვული დოქტრინის შეცვლის შესახებ. განახლებული ტექსტი ფაქტობრივად საშუალებას აძლევს რუსეთს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით რაკეტებისა და თვითმფრინავების გაშვების საპასუხოდ.
ATACMS-ით დარტყმების შემდეგ, რუსეთს, ახალი დოქტრინის თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია ბირთვული პასუხის გაცემა უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის.
ამ ფონზე, ოთხშაბათს კიევში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა უკრაინაში 20 ნოემბერს დღის განმავლობაში რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ. უსაფრთხოების მოსაზრებებით კიევში საელჩო ოთხშაბათს დაიხურა. უკრაინაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებს კი დაავალდებულეს, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასულიყვნენ თავშესაფრებში. შეტყობინებაში არ არის ნათქვამი, თუ რა ტიპის თავდასხმა და რა რეგიონებში არის მოსალოდნელი. ეს ეხება უკრაინის მთელ ტერიტორიას.
აშშ-ის საელჩოს შემდეგ კიევში დიპლომატიური მისიების მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის საელჩოებმაც. გამოცემა „სუსპილნე“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია სწორედ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასიური დარტყმის საფრთხესთან და არა იმის შიშთან, რომ რუსეთმა, ბირთვული დოქტრინის შეცვლის შემდეგ, შესაძლოა, ბირთვული დარტყმა მიიტანოს კიევზე.
ფორუმი