Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შეჭრიდან ორი წლის თავზე, ევროპაში უკრაინის გამარჯვების ნაკლებად სჯერათ


24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე, პრაღაში უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა.
24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის თავზე, პრაღაში უკრაინის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა.

12 ევროპულ ქვეყანაში გამოკითხულებიდან საშუალოდ 10%-ს სჯერა, რომ უკრაინა ომის მოგებას შეძლებს, თუმცა ევროპელების უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს უკრაინას, ირკვევა ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს კვლევიდან.

  • როგორ გგონიათ, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი?
  • უნდა გააგრძელოს თუ არა ევროპამ უკრაინის დახმარება ტერიტორიის სრულად გათავისუფლებამდე?
  • რა უნდა გააკეთოს ევროპამ, თუ ამერიკა უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე?

ამ და სხვა კითხვებით სოციოლოგებმა მიმართეს 12 ევროპული ქვეყნის ამომრჩეველს მათი აზრის დასადგენად.

როგორც იანვარში ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, ევროპელების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს ომში უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობას. უკრაინის გამარჯვების ყველაზე მეტად პოლონეთში, შვედეთსა და პორტუგალიაში სჯერათ, ყველაზე ნაკლებად კი - უნგრეთსა და საბერძნეთში. ამასთან, ამ ორ ქვეყანაში ყველაზე მეტად სჯერათ, რომ ომს რუსეთი მოიგებს. საზოგადოებრივი აზრი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრება აქვს იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროპამ ომთან მიმართებით. ზოგ ქვეყანაში უმრავლესობა ამბობს, რომ ევროპა უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს, ზოგან კი უმეტესობა თვლის, რომ ევროპამ უკრაინას მოლაპარაკებებისკენ უნდა უბიძგოს. ამ საკითხზე სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ასე ნაწილდება:

რა მოხდება, თუ ნოემბერში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს და აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს? ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს კვლევის ფარგლებში ევროპული ქვეყნების მოსახლეობას ჰკითხეს, რა უნდა გააკეთოს ევროპამ მსგავს შემთხვევაში.

ამ შეკითხვაზე პასუხები უკრაინისთვის მეტად დამაიმედებელია, თუმცა მოსაზრებები კვლავაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით:

განწყობა ომის მსვლელობასთან ერთად იცვლება

ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროპული საზოგადოებრივი აზრი ომის მიმდინარეობის შესაბამისად იცვლება.

პირველ ეტაპზე, 2022 წლის მარტში, ევროპელების დიდი ნაწილი ემხრობოდა კონფლიქტის სწრაფ გადაწყვეტას, თუნდაც უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთის მიერ მიტაცების ხარჯზე.

2023 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა არმიამ შემოდგომის კონტრშეტევაზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ევროპელების უმრავლესობას სურდა, მათ ქვეყნებს უკრაინისთვის მხარი დაეჭირათ ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლებამდე.

ახლა კი, როდესაც უკრაინელებისთვის ფრონტზე შედარებით მძიმე მდგომარეობაა და ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორის, აშშ-ის დახმარება შეფერხებულია, ევროპელები უფრო სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის გამარჯვების შანსებს.

რა გავლენა ექნება საზოგადოებრივ აზრს ევროპის პოლიტიკაზე?

„ჯერჯერობით არაა მოსალოდნელი, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვლება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მკვლევარი, პაველ ზერკა.

ის მიიჩნევს, რომ პესიმისტური საზოგადოებრივი განწყობის მიუხედავად, ევროპული მთავრობები და ევროკომისია უწინდელივით გააგრძელებს უკრაინის სამხედრო თუ ფინანსურ დახმარებას.

ამავდროულად, მისი თქმით, შესაძლებელია, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე, რომელიც ივნისში გაიმართება, უკრაინის საკითხი „პროევროპელებსა“ და „ანტიევროპელებს“ შორის გამყოფ ხაზად იქცეს.

„არჩევნების შედეგად, შესაძლებელია ანტიევროპელები გაძლიერდნენ, რაც მათ უკეთეს პლატფორმას მისცემს საკუთარი გზავნილის გასავრცელებლად.

და რამდენადაც ბევრი ასეთი პარტია, მაგალითად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ავსტრიის „თავისუფლების პარტია“ თუ უნგრეთის მმართველი „ფიდესი“, ეჭვით უყურებს უკრაინის დახმარებას, შეიძლება, ეს საკითხი მეტად პოლიტიკური გახდეს და ევროპელი ლიდერები უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ“, - ამბობს პაველ ზერკა.

კვლევის თანაავტორისა და ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დირექტორის, მარკ ლეონარდის თქმით კი, უკრაინის დახმარების მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, ევროპელმა ლიდერებმა ომზე სხვანაირად უნდა ილაპარაკონ:

„სკეპტიკოსების დარწმუნება ყველაზე უკეთ იმ არგუმენტით შეიძლება, რომ უკრაინის დახმარება განგრძობად, მოლაპარაკებულ და კიევისთვის მეტად სასარგებლო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ნაცვლად პუტინის გამარჯვებისა“, - ამბობს მარკ ლეონარდი.

“ევროპელმა ლიდერებმა თავიანთ საზოგადოებებს უნდა აუხსნან, რომ კიევისთვის დახმარება მიზნად ისახავს მედგარი მშვიდობის მიღწევას და არა ომის გახანგრძლივებას და, რომ რუსული პირობებით მიღწეული მშვიდობა მყიფე, დროებითი იქნება და ევროპას უფრო უსაფრთხოდ ვერ აქცევს. პარიზის კონფერენციიდან თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ეს გაკვეთილი გამოაქვთ ევროპელ ლიდერებს საზოგადოებრივი განწყობებიდან”, - თქვა რადიო თავისუფლებასთან პაველ ზერკამ.

პარიზში თებერვლის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოების მთავრობების ხელმძღვანელების, ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა.
ამის პასუხად, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მეორე დღესვე უარყო, რომ ევროპის ან ნატოს ქვეყნების ჯარები უკრაინაში იბრძოლებენ. იქამდე კი გერმანიის კანცლერმა უარი თქვა უკრაინისთვის ტაურუსის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე, რასაც ქრისტიან-დემოკრატები, ყველაზე მსხვილი გერმანული ოპოზიციური პარტია ითხოვს.
თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა უკრაინის სამხედრო დახმარების $60-მილიარდიანი პაკეტი. რესპუბლიკური პარტია, რომელიც კონგრესის ქვედა პალატას აკონტროლებს, სანაცვლოდ დემოკრატებისგან აშშ-ის სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას ითხოვს.
ამასობაში კი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვია საუდის არაბეთსა და ბალკანეთს, სადაც დაინტერესება გამოხატა ბალკანური მომწოდებლებისგან იარაღის შეძენაზე.
XS
SM
MD
LG