5 ოქტომბერს 51 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მას შემდეგ, რაც კიევის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში მდებარე კაფე-მაღაზიაზე. ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ხარკოვზე 6 ოქტომბერს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს.
„ორივე სისასტიკე ადასტურებს, რომ უკრაინის გლობალური მხარდაჭერა უნდა იყოს მუდმივი და მზარდი. მისი შესუსტება მხოლოდ ასეთი ომის დანაშაულების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს“, - ამბობს დმიტრო კულება.
რუსეთს არცერთ ამ დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინაში კი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი ასეთი შეტევებით უკრაინის მოსახლეობაში ანტისაომარი და ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.
"ფაქტობრივად ნახევარი სოფელი გაწყდა"
2023 წლის 5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში მდებარე კაფე-მაღაზიას რაკეტა იმ დროს მოხვდა, როდესაც შენობაში სოფლის მოსახლეობა ერთი წლის წინ დაღუპული სამხედროს, ანდრეის ქელეხში იყო შეკრებული. რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ის, თავის ვაჟთან ერთად პოლონეთიდან დაბრუნდა ფრონტზე წასასვლელად, სადაც მალე დაიღუპა.
სამხედროს ცხედარი ერთი წლის შემდეგ იპოვეს და ამოიცნეს. ოჯახმა გადაწყვიტა ანდრეის მშობლიურ სოფელში გადმოსვენება და დაკრძალვა. 5 ოქტომბრის სარაკეტო დაბომბვის შედეგად ანდრეის თითქმის ყველა ახლო ნათესავი ნანგრევების ქვეშ დარჩა. საერთო ჯამში, სარაკეტო დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.
„ეს ბიჭი, ანდრიუშეჩკა, ბიჭი კი არა, ოქრო იყო. ისეთი მეოჯახე! ახლა კი მას შვილიც დაეღუპა და გოგოც. ყველანი ქელეხში იყვნენ და ყველა იქ დარჩა. ყველა დაიღუპა“, - იხსენებს ანდრეის მეზობელი ვალენტინა კოზიენკო, რომელიც ქმართან ერთად დანგრეული კაფე-რესტორნის გზის იქით ცხოვრობენ.
გროზელები იხსენებენ, რომ ქელეხში თითქმის მთელი სოფელი შეიკრიბა. ინა ტუშინამ სარაკეტო დარტყმის შედეგად და და ხუთი ბიძაშვილი დაკარგა.
„ის ყველაზე კეთილი იყო. მისნაირი ადამიანები მსოფლიოში ცოტანი არიან“, - ტირილით იხსენებს ინა თავის დას.
ჟურნალისტმა მარია მალევსკაიამ, რომელიც დაბომბვის ადგილზე წინა დღით იმყოფებოდა, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეთერში თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სოფელში მხოლოდ ასამდე მცხოვრები დარჩა. „ანუ ფაქტობრივად ნახევარი სოფელი გაწყდა“, - თქვა მარია მალევსკაიამ.
სოფელ გროზის კაფე-რესტორანზე სარაკეტო თავდასხმას რუსეთის „მიზანმიმართული ტერაქტი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პროკურატურაში, სადაც სოფელ გროზაზე თავდასხმას იძიებენ, არ გამორიცხავენ, რომ რაკეტის დამიზნებისთვის რუსებს ინფორმაცია რომელიმე ადგილობრივი მცხოვრებლისგან მიეღოს.
„მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ რუსების სარაკეტო დარტყმის ლოგიკა და მიზანი სრულიად გაურკვეველია, ვინაიდან კაფეში მხოლოდ სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ. ამ დარტყმის შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები, სამოქალაქოები დაიღუპნენ“, - განაცხადა ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესმდივანმა, დმიტრი ჩუბენკომ, რადიო თავისუფლების პროექტ „დონბას.რეალიის“ ეთერში.
"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის დაშინების მცდელობა"
იმ დროს, როდესაც უკრაინის არმია ზაპოროჟიეს რეგიონში ორეხოვსკის მიმართულებით „რუსების თავდაცვის მთავარ ხაზთან“ მიახლოებას ცდილობს, რუსეთის არმია ივნისიდან მოყოლებული სწორედ ხარკოვის ოლქში მდებარე კუპიანსკის რაიონს უტევს დიდი ძალებით.
ბრიტანული დაზვერვის სექტემბრის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ამ შეტევაში რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის დანაყოფები და რუსეთის სადესანტო ჯარების ნაწილები მონაწილეობენ.
ბრიტანული დაზვერვა სექტემბერში მიიჩნევდა, რომ რუსეთის ჯარი, სავარაუდოდ, „ცდილობს უკრაინის ყურადღების გადატანას კონტრშეტევისგან, რითაც სურს აიძულოს კიევი დაყოს თავისი ძალები მელიტოპოლისა და კუპიანსკის მიმართულებებს შორის“.
რუსებს შესაძლოა კვლავ ჰქონდეთ ილუზია, რომ ამ ფორმით აიძულებენ უკრაინელებს, რომ დაიწყონ პროტესტი უკრაინის ხელისუფლების, პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგმიხაილო სამუსი
მაგრამ რუსეთმა ამ მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომ ახლა სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით, რასაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის სამხედრო ოპერაციასთან, კრემლი მოსახლეობის დაშინებას და მათში ანტისაომარი განწყობების გაღვივებას ესწრაფვის, - ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, მიხაილო სამუსი.
„რუსეთის ბოლო თავდასხმები ხარკოვის ოლქში და საკუთრივ ქალაქ ხარკოვში, ეს იყო საგანგებოდ სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილი იერიშები. კერძოდ, სოფელ გროზაში მიზანმიმართულად იქნა განადგურებული კაფე, რომელშიც ქელეხი ტარდებოდა. იქ 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანუ ამას არაფერი საერთო სამხედრო ოპერაციასთან არ აქვს და არანაირი საარტილერიო მომზადება ეს არ ყოფილა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო მოსახლეობის დაშინების მცდელობა, რათა ამით გავლენა მოეხდინათ საზოგადოების განწყობაზე. შესაძლოა, რუსებს კვლავ ჰქონდეთ ილუზია, რომ ამ ფორმით აიძულებენ უკრაინელებს, რომ დაიწყონ პროტესტი უკრაინის ხელისუფლების, პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ და სხვა. ანუ, შესაძლოა, ეს იყოს რუსეთის გეგმა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხაილო სამუსმა.
გროზაზე სისხლიან სარაკეტო თავდასხმას მეორე დღეს მოჰყვა უშუალოდ ქალაქ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო იერიში. უკრაინელი სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ამჯერადაც ტაქტიკური რაკეტა „ისკანდერი“ ესროლა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს. სარაკეტო დარტყმის შედეგად ხარკოვის ცენტრში დაინგრა 3-სართულიანი სახლი და მნიშვნელოვნად დაზიანდა ორი მრავალბინიანი კორპუსი.
მაშველებმა სახლის ნანგრევებში იპოვეს 10 წლის ბიჭის ცხედარი. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის, 11 თვის ბავშვი.
მიხაილო სამუსის თქმით, რუსეთის ასეთი ქმედება მოსახლეობაში სწორედ საპირისპირო შედეგს იწვევს.
„უკრაინაში ახლა კიდევ უფრო იზრდება იმის რწმენა, რომ ომი უნდა დასრულდეს მხოლოდ გამარჯვებით და, რომ არავითარი აზრი არ აქვს ამ ტერორისტებთან მოლაპარაკების გამართვას. და საჭიროა გაგრძელდეს არმიის მხარდაჭერა, უნდა გაგრძელდეს საკუთარი მიწების გათავისუფლება“, - ამბობს უკრაინელი ექსპერტი.
- სწორედ 5 ოქტომბერს, სოფელ გროზაზე განხორციელებული სისხლიანი სარაკეტო იერიშის დღეს გახდა ცნობილი ესპანეთისა და გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო სივრცის დასაცავად დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ.
- კერძოდ, გერმანია უკრაინას კიდევ ერთ საჰაერო თავდაცვით სისტემა Patriot-ს, ესპანეთი კი ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს.
- 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
- როგორც CNN-ი იტყობინებოდა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ამან შეიძლება შეამსუბუქოს იარაღის უკმარისობა, რომელსაც აწყდებიან ხოლმე უკრაინის ჯარები შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან დამატებითი სახსრებისა და აღჭურვილობის მოლოდინში.