Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ პირობებში იხდიან სასჯელს არასრულწლოვანი პატიმრები


ბეტონის ცივი და ჯანმრთელობისთვის საშიში იატაკი, დაბინძურებული ფანჯრები და რაფები, არასაკმარისი ვენტილაცია, საეჭვო ფიზიკური დაზიანებები და “ბუქნების კეთების” ღირსების შემლახავი პრაქტიკა არასრულწლოვანთა სხეულის შემოწმებისას იმ პრობლემების ნაწილი აღმოჩნდა, რომელთაც არასრულწლოვანი პატიმრები სასჯელის მოხდისას დღემდე ხვდებიან პენიტენციურ სისტემაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის ერთობლივმა მონიტორინგმა, რომელიც მიზნად ისახავდა არასრულოვან და ქალ მსჯავრდებულთა მდგომარეობის შესწავლას, აჩვენა, რომ არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულებასა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში მსჯავრდებულებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა ვერ ხერხდება. ანგარიშში, რომელიც მონიტორინგის შედეგად დაიწერა, აქცენტი კეთდება რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე.

  • არასრულწლოვან პატიმართა სრული შემოწმების პრაქტიკა
  • სხეულის დაზიანებები​
  • პატიმრობის პირობები
  • შეზღუდული კავშირი გარე სამყაროსთან

გაშიშვლება სხეულის შემოწმების მიზნით

N11 და N 8 დაწესებულებაში სრული შემოწმებისას მიღებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლებისა და ე.წ. „ბუქნების გაკეთების“ პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციით, სრული გაშიშვლება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ კონკრეტული ეჭვის საფუძველზე, შესაბამის გარემოში და ღირსების პატივისცემით, ამასთან, არასოდეს არ უნდა ხდებოდეს პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილების ერთდროულად გაშიშვლება.

სხეულის დაზიანებები

N11 დაწესებულებაში 2018 წლის პირველ 75 დღეში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • 1 სხვა მსჯავრდებულის მიერ მიყენებული, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად;
  • 5 თვითდაზიანება;
  • 11 საყოფაცხოვრებო ტრავმა.

N8 დაწესებულებაში 2018 წელს არასრულწლოვან ბრალდებულთა ფიზიკური დაზიანების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული:

  • 6 თვითდაზიანება;
  • 2 საყოფაცხოვრებო დაზიანება.

მომხდარი შემთხვევებისა და დანაშაულებრივი ფაქტების რეგისტრაციის ჟურნალში არსებული ჩანაწერების მიხედვით, მსჯავრდებულებმა შემთხვევით მიიყენეს საყოფაცხოვრებო დაზიანებები, რაც შესაძლოა გახდეს ეჭვის საბაბი დაზიანებების წარმომავლობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ როდესაც დაზიანების მიზეზად პატიმარი მიუთითებს საყოფაცხოვრებო ტრავმას, აუცილებელია მოხდეს სხეულის სრულყოფილად დათვალიერება, სხვა დაზიანებების აღმოჩენის მიზნით. ამ გზით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, აქვს თუ არა მას სხვა დაზიანებები, ასევე - შეიძლებოდა თუ არა პატიმარს ეს დაზიანება მიეღო იმ გარემოებებში, რის შესახებაც იგი შემოწმების დროს უთითებს და ხომ არ არსებობს ეჭვი, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

პატიმრობის პირობები

N 8 დაწესებულებაში არასრულწლოვან ბრალდებულთა საცხოვრებელ საკნებსა და საპირფარეშოებში სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

  • საკნებში არსებული ხელოვნური ვენტილაცია ვერ უზრუნველყოფს საკნის სათანადო განიავებას;
  • საცხოვრებელ საკნებში ფანჯრის რაფები და ფანჯარა დაბინძურებულია (შეუძლებელია მისი გაწმენდა ორმხრივი გისოსების გამო);
  • იატაკი არის ბეტონის (ცივი), რაც ცუდად აისახება ბრალდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

შეზღუდული კავშირი გარე სამყაროსთან

N11 დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ხანმოკლე პაემნები იმართება სხვა პატიმრების თანდასწრებით, საერთო სივრცეში, სადაც პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ერთმანეთის პირადი საუბრები, რაც პრობლემურია, იქიდან გამომდინარე, რომ პირადი ცხოვრების დეტალები ამ დროს, შესაძლოა, ცნობილი გახდეს სხვა პატიმრებისათვის და არ იქნეს დაცული კონფიდენციალურობის პრინციპი.

N 8 დაწესებულებაში ხანმოკლე პაემნებისთვის განკუთვნილი კაბინები გადატიხრულია მინის გამყოფი ბარიერით. არასრულწლოვან ბრალდებულებს ახლობლებთან ურთიერთობა უწევთ ტელეფონის საშუალებით და არ აქვთ ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობა. ასეთ შემთხვევებში არასრულწლოვანი ოჯახის წევრებთან ყველანაირი ფიზიკური ურთიერთობის საშუალებას მოკლებულია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესების თანახმად: „ყველა საშუალებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რომ არასრულწლოვანი სათანადო კონტაქტში იყოს გარე სამყაროსთან, რაც სამართლიანი და ჰუმანური მოპყრობის არსებით ნაწილს შეადგენს და მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის საზოგადოებისაკენ მოსაბრუნებლად”.

არასრულწლოვანთა დაწესებულებებში მორიტორინგი 2018 წლის მარტში მიმდინარეობდა და, ჯამში, 28 პატიმარი გამოიკითხა.

XS
SM
MD
LG