Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაავიწყეს ხალხს 1924 წლის აჯანყება 


1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილები
1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილები

1924 წლის დიდი აჯანყების შემდეგ, ბოლშევიკებმა ასობით ადამიანი დახვრიტეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს დაღუპულები დაევიწყებინა.

თბილისი, ინგოროყვას N22, შენობა, სადაც ახლა ხალხი ცხოვრობს, ადრე „ჩეკას“ (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) შენობა იყო. აქ წყდებოდა იმ ადამიანების ბედი, ვისაც 20-იან წლებში აპატიმრებდნენ და ხოცავდნენ. აქ აწამებდნენ და დასახვრეტადაც აქედან მიჰყავდათ.

30 ივლისს, სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ამ სახლთან იმათი სახელები და გვარები წაიკითხა, ვინც 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობდა და სიკვდილით დასაჯეს.

„ათობით ათასი ადამიანის ტრაგედიამ გაიარა ამ კედლებში, განსაკუთრებით სარდაფში, სადაც იზოლატორები იყო და იქ რეჟიმისთვის მიუღებელი ადამიანები იტანჯებოდნენ. ეს იყო მასობრივი წმენდა, რომელიც ყველა ფენას შეეხო. დღესაც ახდენს ეს გავლენას“, - თქვა „სოვლაბის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ხვადაგიანმა.

ინგოროყვას N22
ინგოროყვას N22

1924 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა მასობრივი სახალხო აჯანყება ბოლშევიკების წინააღმდეგ. აჯანყებულები ცდილობდნენ, რუსულ ოკუპაციას შეწინააღმდეგებოდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობა აღედგინათ. აჯანყებას საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა. მან მოიცვა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. აჯანყებულებმა დროებით ხელში ჩაიგდეს ქალაქები. აღმოსავლეთში ამბოხს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკებმა აჯანყების ჩახშობა მოახერხეს. საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, რომ 800-მდე კაცი დახვრიტეს, თუმცა, სინამდვილეში ათასობით ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

შიო არაგვისპირელის ძმა გიორგი დედაბრიშვილი სოფელ მეჯვრისხევის მღვდელი იყო, კომუნისტებმა გაკრიჭეს და საეკლესიო მსახურება აუკრძალეს, მაგრამ მოძღვარი ფარულად მრევლს მაინც ხვდებოდა. მონაწილეობდა აჯანყებაში.

„დედაჩემის პაპა იყო. მრევლთან ერთად დაიჭირეს, გააშიშვლეს და სხვებთან ერთად დახვრიტეს. საფლავი არ ვიცით. დედას ეს ყოველთვის ახსოვდა, თუმცა, სტალინის ეპოქაში ამაზე ვერ ლაპარაკობდნენ. ბაბუა ბევრჯერ გახდა დევნის მსხვერპლი, როგორც რეპრესირებულის სიძე“, - ჰყვება გიორგი დედაბრიშვილის შთამომავალი ია მჭედლიშვილი.

1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ კომუნისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ხალხს ამ ამბოხის შესახებ არაფერი ხსომებოდა. უახლესი ისტორიის მკვლევარი ნიკოლოზ სარაჯიშვილი ჰყვება, რომ ბოლშევიკებმა მენშევიკური ხელისუფლება, სოციალ-დემოკრატები, რომლებიც 1918-2020 წლებში მართავდნენ საქართველოს, თავიდანვე მტრებად გამოაცხადეს. განსაკუთრებული სისასტიკით ესხმოდნენ თავს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორ ლიდერს, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილს.

„სატირულ ჟურნალებში, განსაკუთრებით „ტარტაროზში“ იყვნენ გაშარჟებულები, როგორც ბრიტანეთის მიერ მართულები და არა საქართველოს დამოუკიდებელი მმართველები.

1924 წლის კონტექსტში ბოლშევიკებმა ისევ მენშევიკური მომენტი წამოსწიეს. ამბობდნენ, რომ ეს მოსახლეობის აჯანყება კი არა, მენშევიკური ავანტურა იყო, ზედა ფენების გამოსვლა.

სერგო ორჯონიკიძემ განაცხადა, აჯანყებაში გლეხები არ მონაწილეობდნენო, მხოლოდ ყოფილი ხელისუფლება, თავადაზნაურობა და სამღვდელოება, ანუ ზუსტად ის ხალხი, ვისაც მანამდეც ებრძოდნენ“, - ამბობს ნიკოლოზ სარაჯიშვილი. - „დღეს ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ აჯანყებაში გამოვიდა თავადაზნაურობა და შემდეგ მათი მოწოდებით - გლეხობა. მაშინ ძალიან მძიმე სოციალური პირობები იყო, ამანაც უბიძგა ხალხს გამოსვლისკენ. და ეს შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა“.

მოგვიანებით გამოქვეყნდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მემუარები, სადაც ის მენშევიკურ ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა. ბოლშევიკებმა ეს მემუარებიც სათავისოდ გამოიყენეს.

კომუნისტი ლევან ღოღობერიძე ნაშრომში - „ქართული ემიგრაცია და ანტისაბჭოთა პარტიების მუშაობა“ წერდა: „ქართული ემიგრაციის უბრალო მონაწილენი და ბელადები, რომლებიც შეკრებილი არიან პარიზში და თავს უწოდებენ „მთავრობას“, „პარტიულ კომიტეტს“ და სხვ. წარმოადგენენ ნამდვილ პოლიტიკურ შარლატანების საზოგადოებას, რომლებიც პირადათ გახელებული არიან ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ყოველგვარ მორალურ და იდეურ წონას კი მოკლებული არიან. ესენი არიან წაგებული მოთამაშენი, რომელნიც ხელს აწერენ ყოველგვარ თამასუქებს და აგირავებენ თავის ტუალეტს საეჭვო ბედნიერების, შესაძლებელ შემთხვევით მოგების იმედით“.

ამ აჯანყების შესახებ თითქმის არაფერი იყო სკოლის პროგრამებში. ნიკოლოზ სარაჯიშვილს მაგალითად მოჰყავს 1982 წელს გამოცემული სახელმძღვანელო, სადაც ამ აჯანყებას სულ 10 ხაზი ეთმობა. ამ ათ ხაზში წერია, რომ მენშევიკებმა და ზოგადად ანტისაბჭოთა ელემენტებმა უცხოელი იმპერიალისტების მხარდაჭერით, შეძლებულ ფენებზე დაყრდნობით, ზოგიერთ რეგიონში მოაწყვეს აჯანყება: ეს ავანტიურა საქართველოს წითელმა არმიამ, მშრომელთა მხარდაჭერით, სწრაფად ჩააქრო. ანტიპარტიული და კონტრრევოლუციური ძალების განადგურებამ კიდევ უფრო განამტკიცა მუშათა და გლეხთა კავშირი, აამაღლა მათი შრომითი აქტივობა, რამაც უზრუნველყო სახალხო მეურნეობის აღდგენის ძირითადად დამთავრება 1925-26 სამეურნეო წლისათვის“ (გუჩუა, მესხია 1982: 259-260).

არსად არის ნათქვამი, რომ ეს მთლიანად საქართველოს აჯანყება იყო. და არც ის, რომ ამ ამბოხს ასობით ადამიანი შეეწირა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG