Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„სტიქიამდეც არ ჰქონდათ საჭმელი“ - როგორ გამოააშკარავა დიდთოვლობამ გურიის სიღატაკე?

„სტიქიამდეც არ ჰქონდათ საჭმელი“ - როგორ გამოააშკარავა დიდთოვლობამ გურიის სიღატაკე?


გურია, 2025 წელი.
გურია, 2025 წელი.

სიღარიბე, ნახევრად დანგრეული სახლები და დაცარიელებული სოფლები - დიდთოვლობამ გურიაში მოულოდნელად კიდევ ერთი პრობლემა წარმოაჩინა - მძიმე ყოფა და სიდუხჭირე რეგიონებში.

„მარტოხელა მოხუცს სჭირდება შეშა“; „მოხუცს ესაჭიროება საჭმელი და წამლები“; „აქვს წელის პრობლემა. ესაჭიროება გამაყუჩებლები“ - ეს არის პოსტები moxalise.ge-დან. ამ ვებსაიტზე წერდნენ, რას ითხოვდნენ დიდთოვლობის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი ადამიანები. თოვლში ჩარჩენილების შესახებ მოხალისეებს ახლობლები ატყობინებდნენ, უმეტესობა თბილისიდან, ზოგი - საზღვარგარეთიდან.

ორიოდე ტომარა ფქვილი, ათობით ქილა კომპოტი და მურაბა, ტყემალი, პომიდორი, ჩირი და ნიგოზი. ეზოში - ხუთიოდე კვერცხისმდებელი ქათამი, ძროხა ან ღორი - ეს არის სოფლის კლასიკური სახე, ანუ ის, რაც სოფელში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონდეს. მაგრამ დიდთოვლობამ გამოაჩინა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს სახლში არანაირი მარაგი არ გააჩნდა, არც საკვების, არც წამლების, არც შეშისა და სანთლის.

„მხოლოდ ის კი არ იყო, რომ სტიქიამ დატოვა ხალხი მშიერი, 3-4 ისეთ ადგილას ვიყავი, სადაც სტიქიამდეც არ ჰქონდათ საჭმელი. ბებო და ბაბუ იყვნენ ხუთი დღის უჭმელები. ქვემო ბახვში ხუთი შვილის მარტოხელა დედა სტიქიამდე ერთი კვირით ადრე მხოლოდ მოხრაკულ ხახვს აჭმევდა შვილებს, პურიც არ ჰქონდათ, - ამბობს მოხალისე კოკა ჯახუტაშვილი, ჯგუფ „დაიცავის“ ხელმძღვანელი და ოზურგეთის შტაბის კოორდინატორი, - თავიდან რომ მირეკავდნენ, პური არა გვაქვსო, ვბრაზობდი, როგორ შეიძლება მჭადი არ ჰქონდეს ადამიანს სახლში-მეთქი, მაგრამ რომ ავდიოდი და ვნახულობდი, როგორ და რა პირობებში ცხოვრობდნენ… 75-90 წლის მოხუცები არიან დარჩენილები, მათ აღარც სიმინდის მოყვანა შეუძლიათ, არც საქონლის მოვლა“.

დათოვლილი შენობა გურიაში
დათოვლილი შენობა გურიაში

2024 წლის მონაცემებით, გურიის რაიონში 101 900 კაცი ცხოვრობს, აქედან სოფლად - 71 300. რეგიონში პენსიას იღებს 27 837 ადამიანი, სოციალურ დახმარებას - 5 846.

გურიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია. 2023 წლის მონაცემებით, გურიის თვიური შემოსავალი 39 მილიონ 600 ათასი ლარი იყო. მასზე ნაკლები შემოსავალი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს უწერია.

აკა სინჯიკაშვილი, რომელსაც ხშირად ჩააქვს რეგიონებში დახმარება, ამბობს, რომ გურიაში არც ზაფხულში ულხინთ.

„გურიაში ყველაზე მეტი დახმარება გვაქვს ჩატანილი, მარტო ტანსაცმელი - 40 ტონა. განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში უჭირთ. იქ სამსახური არ არის, გურიაში კი არაფერი მოდის, ყურძენი იქ არაა და ხორბალი, მხოლოდ სიმინდი და ლობიო. თხილსაც აღარ კრეფენ, ადრე რაღაც ფასი ჰქონდა თხილს, ახლა წამგებიანია. თბილისში ვიღაცა პურს მაინც გიყიდის, იქ კი ორი კილომეტრია სახლებს შორის დაშორება. რაიონულ ცენტრამდეც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, რომ რამე შეიძინონ“, - ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

დიდთოვლობამ გამოაჩინა ისიც, რომ სახლებში არა მხოლოდ საკვები, ყველაზე იაფიანი მედიკამენტებიც კი არა აქვთ. მოხალისეები არიგებდნენ წნევის მარეგულირებელს, ასთმის, შაქრიანი დიაბეტის წამლებს, გამაყუჩებლებს, განსაკუთრებით ითხოვდნენ სიცხის დამწევ პრეპარატებს.

„ალბათ 15 ათასი ლარის მედიკამენტები დავარიგეთ. თბილისში ვერ იაზრებდნენ, თუ როგორ შეიძლება ლარიანი „ანალგინი“ ან რამე წამალი არ გედოს სახლში, მაგრამ იმ ლარით ურჩევნიათ პური იყიდონ“, - ამბობს კოკა ჯახუტაშვილი.

მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, რომელიც ხშირად ჩადის რეგიონებში, ამბობს, რომ გურიაში, განსაკუთრებით კი ჩოხატაურის რაიონში, ისეთი სიდუხჭირეა, ხალხი უფასო კვლევის შემდეგ გამოწერილ მედიკამენტებსაც ვერ ყიდულობს.

„ახალგაზრდებმა სოფლები დატოვეს და მხოლოდ ხანდაზმულები დარჩნენ. ყველა წამალიც არ არის იაფი, მაგალითად, ოსტეოპოროზის. ეს ხანდაზმულების დაავადებაა და პრეპარატის ერთი ინიექცია 700 ლარი ღირს. მართალია, 6 თვეში ერთხელ კეთდება, მაგრამ როცა პენსიონერს 400 ლარამდე აქვს შემოსავალი, ვერ იყიდის, - ამბობს ლაშა უჩავა, - ექიმები იყვნენ დიდთოვლობისას ჩასული დასახმარებლად, ორი დღის შემდეგ არანაირი მარაგი აღარ ჰქონდათ ოჯახებს. ჯერ ერთი, ფინანსების, მეორე - ტრანსპორტირების პრობლემების გამო, რაიონული ცენტრიდან რასაც ხელით მოერევიან, მხოლოდ ის მიაქვთ“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე ამბობს, რომ ისინი, ვისაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, მედიკამენტებს შეღავათიან ფასში ყიდულობენ.

„სოციალურად დაუცველები ვინც არიან, დასაქმების პროგრამაა შექმნილი, სადაც დამატებით თანხებს იღებენ. ასაკოვან ადამიანებს, მაღალ მთაში განსხვავებული პენსია აქვთ“, - ამბობს მერი.

მაღალმთიან რაიონებში 70 წლამდე ადამიანის პენსია 420 ლარია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის - 540 ლარი.

თებერვალში გურიაში ათეულობით სახლი დაინგრა და დაზიანდა. მოხალისეები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დიდი თოვლის გამო არ მომხდარა. სახლები ისედაც ძლივს იდგა.

„სახლები 70 და მეტი წლის წინ არის გადახურული. სახურავი უმეტესებად ხის ძელებს ეყრდნობა. ამ ხესაც თავისი ექსპლუატაციის ვადა აქვს, განახლება სჭირდება. გურიაში კომუნისტების დროს უზარმაზარი სახლები ჩადგეს. მათი სახურავების შეცვლა 8-10 ათასი ლარი დაჯდება. ამის ფული ვის აქვს“, - ამბობს კოკა ჯახუტაშვილი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დიდთოვლობისას დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ვისიც არ შეკეთდება, სხვაგან გადაიყვანენ. ჯერჯერობით არ არის დათვლილი ზარალი, რომელიც დიდთოვლობის შედეგად დადგა. ამას სპეციალური კომისია შეისწავლის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG