„შეიძინეთ ტანსაცმლის კარადა, 1 099 ლარის ნაცვლად, სულ რაღაც 699 ლარად“, „50% ფასდაკლება ბიორევიტალიზაციის პროცედურაზე“... ეს ყველაფერი მთლად ის არაა, რაც ქალს 8 მარტს კარგ ხასიათზე დააყენებს, მაგრამ პიარის ელემენტარულ წესებს მაინც ექვემდებარება. გაცილებით უარესია, როცა ასეთ გზავნილს იღებ: „ჩაიტარე 8 მარტს გამოკვლევები 50-პროცენტიანი ფასდაკლებით. აღმოაჩინე სიმსივნე, დაამარცხე კიბო!“ რეკლამას თან ახლავს ფოტო ყვავილების თაიგულით.
ამის შემდეგ უკვე თამამად შეიძლება დაელოდო, როდის მოგილოცავს 8 მარტს დამკრძალავი ბიურო და მუხის სასახლეს 800 ლარის ნაცვლად სულ რაღაც 599 ლარად შემოგთავაზებს. სლოგანიც ექნება - „თქვენი საბოლოო არჩევანი“.
არც ესაა მთლად ბოლომდე გამართლებული: „ყველანაირი სქესის ქალბატონს ვთავაზობთ უფასო ფოტოსესიას და ფინჯან ყავას“.
ზოგადად, სარვამარტო შეთავაზებები გენდერული სტერეოტიპებითაა სავსე: გთავაზობენ სახის პილინგს, ეპილაციას (აქ ჩამოთვლილია ყველა ორგანო თავისი ფასებით), ჭურჭლის სარეცხ მანქანას 13 პერსონაზე, ზემოხსენებულ ტანსაცმლის კარადას... ანუ სტერეოტიპი, რომ ქალი მოვლილი უნდა იყოს და თან „კუხნაში“ იდგეს, ჯერაც მუშაობს. არადა, დღეს ქალს ფასდაკლებული საწვავიც შეიძლება შესთავაზო, მანქანის საბურავებიც, სამშენებლო მასალაც, ბინაც, ყველანაირი ტექნიკა და ყველანაირი აღჭურვილობა. ეს შეიძლება ზუსტად ის არ არის, „რაც სურთ ქალებს“, მაგრამ ნამდვილად სჭირდებათ. |
როგორ ულოცავენ სამთავრობო სტრუქტურები
სინამდვილეში კი, გულწრფელები თუ ვიქნებით, ქალსაც და კაცსაც სურს, რომ თუ ულოცავენ, ბარემ გულწრფელად მიულოცონ. როგორ გავარჩიოთ გულწრფელი მილოცვა არაგულწრფელისგან? მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მილოცვები:
1. გულწრფელი მილოცვა არ უნდა ჰგავდეს სადღეგრძელოს:
„გილოცავთ, ქალბატონებო, 8 მარტს! გისურვებთ ბედნიერებას, კარიერულ წინსვლას, სიხარულს და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი“.
2. არც სანტიმენტალური:
„გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ჯადოსნური ხმებით დაატკბეს ივენთის მონაწილე მუსიკოსებმა, ქუჩაში გამოსულ ქალბატონებს გაზაფხულის პირველი მახარობელი ყვავილების თაიგულებიც მიართვეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი“.
3. მილოცვა არ უნდა იწყებოდეს შუასაკუნეების ისტორიიდან:
„ქალს განსაკუთრებული როლი აკისრია სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების საქმეში. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქართველ ქალთა გმირობისა და თავდადების უტყუარი მოწმეა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, ქალები კვლავაც დგანან ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და სიძლიერის სადარაჯოზე.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი“..
4. არ უნდა იყოს ხელოვნული და პათეტიკური.
ქალი პოლიციელი შსს-ს სარვამარტო ვიდეო რგოლიდან: „ჩემი მიზანი არის დავეხმარო მოქალაქეებს, მე ვეხმარები მოქალაქეებს და ვარ ქვეყნის სამსახურში“.
5. ხელოვნური და გამორჩენაზე ორიენტირებული: ათ კაცს ერთი ტორტი მიაქვს მოხუც ქალბატონთან.
6. ცივი და უგულო: ყვავილების ფოტო „გუგლიდან“ და მინაწერი: „გილოცავთ 8 მარტს“.
ზოგადად, ეს წესები მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი რეალობის საილუსტრაციოდაა, თორემ გულრწრფელ და არაგულწრფელ საქციელს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, წესების გარეშეც ყველა ადვილად არჩევს.