Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეფერენდუმი - რა სჭირდება პრეზიდენტის იდეის ხორცშესხმას


პრეზიდენტი ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, 28 მაისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „აგენტების კანონი“, 84 ხმით, საბოლოოდ დაამტკიცა. კანონმდებლობის თანახმად, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი, თუმცა მის ჩატარებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა ესაჭიროება. 

მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი, ანუ ეს ენერგია, რაც თქვენშია, უნდა იმას მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა? 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როცა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია:

  • რეფერენდუმი დანიშნოს „პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით“;
  • „მისი [რეფერენდუმის] დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში“.

„რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის“ თანახმად, რეფერენდუმი არის საერთო-სახალხო გამოკითხვა, კენჭისყრის გზით, რომელიც „იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.

შესაძლებელია თუ არა, საქართველოში ჩატარდეს რეფერენდუმი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე?

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ჩანაწერი „მთელ ტერიტორიაზე“ გამართვის შესახებ, ხშირად გამხდარა საკამათო პროფესიულ წრეებში, თუმცა პირადად მისი შეფასებით - შესაძლებელია ჩატარდეს რეფერენდუმი მხოლოდ იმ ტერიტორიაზეც, რომელსაც თბილისი აკონტროლებს.

„მე ამ ჩანაწერის ინტერპრეტაციას ვაკეთებ ასე: რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რეფერენდუმის ჩატარება მთელ ტერიტორიაზე; მაგრამ ხელისუფლებას, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლია და ვერ შეძლებს რეფერენდუმის ჩატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს“, - ვახტანგ ხმალაძე იხსენებს 2003 წლის პრეცედენტს, როდესაც რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნებთან ერთად გაიმართა და სწორედ ამ გზით გადაწყდა პარლამენტის წევრების 150-მდე შემცირების საკითხი.

თუმცა რეფერენდუმის ჩატარების საკითხს მხოლოდ პრეზიდენტი ვერ წყვეტს.

„რეფერენდუმის შესახებ კანონის“ თანახმად, - რეფერენდუმის დანიშვნისას პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თანხმობაც ესაჭიროება.

„რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით“, - წერია ორგანულ კანონში.

„თუ პრემიერმა არ მოაწერა ხელი, რეფერენდუმი ვერ დაინიშნება“, - გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG