„ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა არცერთი ცენტი პრო-ირანულ დიქტატორებს!“, - წერს „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი“ პლატფორმა X-ზე.
„ეს არის კომიტეტის მიერ ბიუჯეტის შეთავაზების მთავარი პრინციპი - ჩვენ უნდა დავაყენოთ ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - წერს კომიტეტი.
კომიტეტი აზიარებს კონგრესმენი ჯო უილსონის, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის პოსტს, სადაც ის კვლავ აკრიტიკებს ირაკლი კობახიძეს იმავე ვიზიტის გამო.
„რა უნდოდა კობახიძეს ირანში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად სულ რამდენიმე თვის წინ? იმავე ტერორისტებთან, რომლები ცდილობდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველდღე ითხოვენ ამერიკის სიკვდილს? გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ“, - წერს უილსონი.
კომიტეტმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ჯო უილსონს თავის საქმიანობაში.
ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტმა 2024 წლის 30 ივლისს საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხილვამ ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს გვერდით. მათ შორის ერთი ადამიანი იდგა.
ინაუგურაციაზე ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“.
ინაუგურაციას ესწრებოდა პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ზიად ალ-ნახალაც. ორივე ეს ჯგუფი ტერორისტულად არის გამოცხადებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.
ჰანიე ამ ინაუგურაციაზე დასწრებიდან რამდენიმე საათში იგი თეირანში მოკლეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე „რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი“.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებდათ, რატომ ჩავიდა თეირანში და უქმნიდა თუ არა უხერხულობას პრეზიდენტის ფიცის დადების დროს დარბაზში გაჟღერებული შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.
27 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმარა ჯო უილსონის წინა დღით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს X-ზე და თქვა:
„ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადება კეთდება პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მიერ, იკვეთება ხოლმე ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას“.
26 დეკემბერს კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა:
„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“
მან ამ პოსტს თან დაურთო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოები.
მანამდე ასევე დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, რის პასუხადაც აშშ-მა ყველანაირი დახმარება უნდა შეაჩეროს.
ფორუმი