Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა წერია მიწის კანონში


კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ჯერაც განხილვის პროცესშია და ეტაპობრივად ცლილებებს განიცდის. ამ ეტაპზე პანონპროექტის მოკლე შინაარსი ასეთია:

კანონპროექტის ამ ვერსიის მიღების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ექნებათ:

  • სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას, მუნიციპალიტეტს;
  • საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;
  • საქართველოს მოქალაქეს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, თუ იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორი არის ზემოთაღნიშნულისუბიექტი/სუბიეტები;
  • გაერთიანებებს/ამხანაგობებს, რომლებიც არ რეგისტრირდებიან იურიდიული პირის სახით, თუ წევრების უმრავლესობას წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტი/სუბიეტები.

რას ნიშნავს დომინანტი პარტნიორი?

დომინანტი პარტნიორი არის საქართველოში რეგისტრირებულიკერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორი ან პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც ეკუთვნის წილის/აქციის/პაის 50%-ზე მეტი ან/და წარმოადგენს პარტნიორების ან დამფუძნებლების/წევრების უმრავლესობას და აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით.

რა უფლებები აქვს უცხოელს?

მიწა ასევე შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში, თუ ის მიიღო მემკვიდრეობით.

მიწა შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის ისეთი იურიდიული პირის საკუთრებაშიც, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი.

  • ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ იღებსმთავრობა და ისიც საინვესტიციო გეგმის საფუძველზე;
  • საინვესტიციო გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტმა ერთი წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისება.

რას გულისხმობს საინვესტიციო გეგმა?

ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენების ამსახველი დოკუმენტი, რომლითაც პირი იღებს ვალდებულებას განახორციელოს სათანადო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, ინოვაციური საქმიანობის დანერგვის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესრულების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

რა არ შეიძლება?

დაუშვებელია ისეთი მოთხოვნის ან უფლების დათმობა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობას შემდეგი პირებისთვის:

  • უცხოელი,
  • საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი,
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი/საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი).

ასევე, არ შეიძლება მიწის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება მათ სასარგებლოდ.

მოვალეობები უცხოელებისთვის

თუ კანონის ამოქმედების მომენტისათვის, უცხოელის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის (რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ის ვალდებულია უზრუნველყოს ამ მიწის დანიშნულებისამებს გამოყენება.

თუ სამი წლის განმავლობაში ამ მოვალეობას არ შეასრულებს, დაეკისრება სანქცია.

თუ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეა, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, მის მიმართ გავრცელდება უცხოელისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები.

შენიშვნები

11 აპრილს კანონპროექტი განიხილა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. კანონპროექტის მიმართ დამოკიდებულება წინააღმდეგობრივი იყო, კერძოდ გამოითქვა შენიშვნები:

  • კანონპროექტი დისკრიმინაციულია საქართველოს მოქალაქე და არამოქალაქე პირთან მიმართებაში, მაგ: უცხოელს ევალება მიწის დამუშავება, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეს ეს ვალდებულება არა აქვს;
  • კანონში საკმარისად არ არის ბარიერები იმისთვის, რომ მიწა არასასურველი იურიდიული პირის საკუთრებაში არ აღმოჩნდეს;
  • კანონის გარკვეული პუნქტები ბუნდოვანია.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG