ბავშვებს შორის ძალადობის ამსახველი ვიდეოები, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება, მსხვერპლსაც და მოძალადესაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ამ ვიდეოების წაშლის ეფექტური მექანიზმი კანონმდებლობას არა აქვს.
ბავშვები იზრდებიან, იცვლიანღირებულებებს, ვიდეო კი, როგორც სამხილი, მუდმივად ინტერნეტში რჩება. პირი, რომელიც ვიდეოზე ჩანს, იძულებეულია კიდევ და კიდევ ხელახლა გადაიტანოს ტრამვა.
„კიბერბულინგი ყველაზე პრობლემური თემაა და უფრო დიდი ზიანი მოაქვს, ვიდრე უშუალოდ ფიზიკურ ძალადობას“, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.
მისი თქმით, ასეთ ვიდეოებს ზიანი მოაქვს არა მხოლოდ იმ პირისთვის, ვისზეც ძალადობენ, არამედ მოძალადისთვისაც.
კიბერბულინგი არის ძალადობა სოციალური ქსელების მეშვეობით. ეს შეიძლება იყოს მუქარა, შეურაცხყოფა, ჭორების გავრცელება, პირადი ინფორმაციის გავრცელება და ასე შემდეგ.
„უამრავი უკიდურესობამდე გამწვავებული შემთხვევა მინახავს. ბავშვები ძალადობის შიშით სკოლას ტოვებენ. ბევრი ექსტერნად სწავლობს. სკოლაში ყოფნისას პანიკური შეტევა ემართებათ დაეს არის მათი სხეულის რეაქცია იმაზე, რაც განიცადეს. თვითმკვლელობამდე მიდიან. ამას რომ სკოლა ვერ უმკლავდება, სწორედ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა“, - ამბობს მაია ცირამუა.
მისივე თქმით, აუცილებელია სკოლებში ბავშვებს ასწავლონ, როგორ დაიცვან თავი.
„ჩვენ ვიცით შემთხვევები, როცა ითხოვენ პირადი, ინტიმური ფოტოების გაგზავნას. ბავშვმა არ იცის, თავი როგორ დაიცვას და მერე შანტაჟის მსხვერპლი ხდება“, - ამბობს ფსიქოლოგი.
რაც შეეხება უკვე გავრცელებულ ვიდეოებს, უფლებადამცველი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობაში არის ზოგადი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ არის თუ არა ეს პირადი ინფორმაცია, დაკონკრეტებული არაა.
„ჩემი აზრით, ინფორმაცია, გახდა თუ არა ადამიანი ძალადობის მსხვერპლი, ნამდვილად უნდა იყოს დაცული პერსონალური ინფორმაციის კატეგორიით. ამასთან, ეს კადრები გადაღებულია ბავშვის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, მისი ატვირთვა მხოლოდ ამის გამოც არ შეიძლება“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
მისივე თქმით, ინტერნეტიდან ვიდეოს მოხსნა შესაძლოა მოითხოვოს ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისიც ვერ ხვდება საფრთხის მასშტაბს,ვიდეო უნდა მოხსნას იმ უწყებებმა, რომელსაც ევალება ბავშვის დაცვა, იქნება ეს სოციალური დაცვის სამსახური თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო.