Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის შავ ზღვას მონტრეს კონვენციის გარეშე?


ნატოს გემები შავ ზღვაში. 2021 წლის მარტი
ნატოს გემები შავ ზღვაში. 2021 წლის მარტი

10 გადამდგარი თურქი ადმირალისათვის საბედისწერო აღმოჩნდა შავი ზღვის შესაძლო მილიტარიზაციის თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებისთვის გაგზავნილ მკვეთრად კრიტიკულ ღია წერილზე ხელის მოწერა.

თურქეთის პროკურატურამ 4 აპრილს საქმე აღძრა ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან „შეთანხმებაში სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად“.

მათ ასეთ დანაშაულებრივ ჩანაფიქრად კი ჩაითვალა საჯარო მოწოდება, რომლითაც 104 ყოფილი მაღალი რანგის ოფიცერი შეეცადა დაეცვა 1936 წლის მონტრეს კონვენცია, რომელიც შავ ზღვაში ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით სამხედრო ხომალდების შესვლას არეგულირებს. კერძოდ, არაშავიზღვისპირა სახელმწიფოებს მშვიდობიან პერიოდში შეუძლიათ შავ ზღვაში შემოიყვანონ არა უმეტეს 45 ათასი ტონა წყალწყვის გემები და იყოლიონ იქ მაქსიმუმ 21 დღის განმავლობაში.

რატომ დაუპირისპირდნენ ლამის 100 წლის წინანდელ კონვენციას თურქი ადმირალები? რა გეოპოლიტიკურ მიზანს ისახავს თურქეთი მონტრეს კონვენციის გვერდის ავლით თუ მისი შესაძლო დარღვევით? რა მნიშვნელობა აქვს მონტრეს კონვენციას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინისათვის, მათ თავზე დამოკლეს მახვილივით აღმართული რუსული საფრთხის პირობებში?

თურქეთის ზიგზაგური საგარეო პოლიტიკა

ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ორჯერ აღმოჩნდა მძლავრი კრიტიკის ქვეშ.

20 მარტს ათასობით ადამიანი გავიდა თურქეთის ქალაქების ქუჩებში მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე თურქეთი გამოეთიშა ქალების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულებას. ე.წ. სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განკარგულება 18 მარტს გამოქვეყნდა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია რაიჩინოვიჩ ბურიჩმა, გადაწყვეტილებას უწოდა „გამანადგურებელი“. მისი თქმით, „ეს ნაბიჯი უდიდესი უკუსვლაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან საფრთხეს უქმნის ქალთა დაცვას თურქეთში, ასევე ევროპასა და მის გარეთ“.

საერთაშორისო ხელშეკრულება ევროსაბჭომ შეიმუშავა 2011 წელს და მისი მიზანია ძალადობისგან ქალების დაცვა და მასთან ბრძოლა. და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ქალთა დაცვის სტამბოლის კონვენციას თვითონ ერდოანმა მოაწერა ხელი, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო. ხელშეკრულება თურქეთმა დაამტკიცა, მაგრამ არასოდეს გამოუყენებია.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ 2011 წელს ჩაიფიქრა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გეოპოლიტიკური პროექტის, „სტამბულის“ სრუტის, მშენებელობა, რომლითაც გემები შავ ზღვაში მარმარილოს ზღვით მოხვდებიან. პროექტის მშენებლობა უნდა დასრულდეს 2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლის იუბილეზე. ამ პროექტის მშენებლობას, შესაძლო ეკოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით, ეწინააღმდეგებოდა სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ გასულ თვეში მაინც დაამტკიცა გეგმა, რომელიც გულისხმობს დიდი არხის მშენებლობას შავი ზღვის მარმარილოს ზღვასთან დასაკავშირებლად. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არხს არ შეეხება მონტრეს კონვენცია, თუმცა, როგორც იტყვიან, სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული.

„მონტრეს კონვენცია რეალურად ეხება იმ სრუტეებს, რომლებიც პირობითად თურქეთის სრუტეების სახელით არის ცნობილი - ბოსფორსა და დარდანელს. სხვათა შორის, მონტრეს ​ხელშეკრულებაზე ხელმომწერ ქვეყნებს შორის არის იუგოსლავიაც, რომელიც აღარ არსებობს, საბჭოთა კავშირი, რომლის სამართალმემკვიდრეა რუსეთი, მაგრამ მაშინ არ არსებობდა საქართველო და უკრაინა, ამიტომ ეს კონვენცია რეალობას აღარ ასახავს. შესაბამისად, თურქეთი თუ გამოვიდა ამ კონვენციიდან და თუ ამ იდეას აშშ-ის მხარდაჭერაც ექნება, რა თქმა უნდა, მაშინ თავდაყირა დგება სიტუაცია მთელ შავ ზღვაზე, რაც სხვაგვარად უნდა დალაგდეს. ამიტომ ამ სახით ამ კონვენციის ფუნქციონირება ხელს აძლევს ერთადერთ ქვეყანას და ეს არის რუსეთი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბატიაშვილმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა.

მაგრამ თუ ქალთა დაცვის სტამბოლის კონვენციაზე უარის თქმას საერთაშორისო კრიტიკაც ახლდა, „სტამბულის“ არხის მშენებლობის გეგმას, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მონტრეს 1936 წლის კონვენციას, ჯერჯერობით მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოჰყვა დაპირისპირება, ისიც, ყოფილი ადმირალებისა და მაღალჩინოსნების მხრიდან.

ხელისუფლების სახელზე გაგზავნილ ღია წერილში მაღალი რანგის ოფიცრები აცხადებენ, რომ თურქეთმა თავი უნდა აარიდოს „ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რამაც შესაძლოა მონტრეს კონვენციის თაობაზე დისკუსია წარმოშვას“. მათი თქმით, ეს კონვენცია „თურქეთის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა“.

მაგრამ ასე არ ფიქრობს თურქეთის პრეზიდენტი, რომლის პრესმდივანმა ფარჰეტინ ალთუნმა „ანტიდემოკრატიული მემორანდუმის“ ხელმომწერებს „სახელმწიფოს ნების გამომხატველი“ ხალხის წარმომადგენლების წინააღმდეგ გალაშქრება უსაყვედურა. სამართლებრივი შეფასება კი თურქეთის პროკურატურამ გააკეთა.

პროკურატურამ 4 აპრილს საქმე აღძრა გადამდგარი ადმირალების წინააღმდეგ. ისინი ეჭვმიტანილი არიან „შეთანხმებაში სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად“, იტყობინება ტელეკომპანია NTV.

მაგრამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტი აქაც ჩანს.

„ადმირალთა ჯგუფის ნაწილი ე. წ. ევრაზიონისტები არიან, რომლებიც თურქეთის როლს ხედავენ რუსეთსა და ჩინეთთან ერთად და არა დასავლეთთან ერთად“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი და დასძენს, რომ თურქეთის ხელისუფლების გეგმის დამტკიცება „სტამბულის“ არხის მშენებლობაზე შექმნილ ვითარებაში ანკარის იმ ზიგზაგისებური საგარეო პოლიტიკის დადასტურებაა, რომელიც ბოლო ხანს არაერთხელ გამოიხატა დასავლეთთან ხან დაშორებით და ხანაც დაახლოებით.

„თურქეთს ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში მუდმივად ახასიათებს ზიგზაგები. შეიძლება ერთ კვირაში რუსეთისკენ გადაიხაროს და მეორე კვირას - დასავლეთისკენ, იმიტომ რომ პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი თურქეთის ხელისუფლება დაადგა, ახასიათებს უფრო მეტი სწრაფვა დამოუკიდებლად მოქმედებისკენ. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს დამოუკიდებლობის ხარისხი არის ხოლმე ძალიან პირობითი და ხდება საჭირო ლავირება. ასეთი ლავირება კი იწვევს იმ ზიგზაგებს, რომელსაც ახლა ვხედავთ“.

ამ „ზიგზაგისებურ პოლიტიკას“ შარშან შედეგი მოჰყვა აშშ-ის მხრიდან, რომელმაც ნატოში თავის მოკავშირე თურქეთს სანქციები დაუწესა რუსეთის წარმოების ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 დეკემბერს გამოაცხადა სანქციები, რომლებიც დაუწესდა თურქეთის თავდაცვის განვითარების მნიშვნელოვან უწყებას, თავდაცვის ინდუსტრიების ხელმძღვანელობას (SSB), მის მიერ ხმელეთი-ჰაერის S-400 ტიპის სისტემის შეძენისთვის „როსობორონექსპორტისგან“, რუსეთის იარაღის ექსპორტის მთავარი კომპანიისგან. სანქციები მოიცავს აკრძალვას აშშ-ის ექსპორტის ყველა ლიცენზიაზე თავდაცვის ინდუსტრიისთვის, ისევე როგორც ქონების გაყინვას მისი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ორი თანამშრომლისთვის.

მონტრეს კონვენცია: რუსეთი, საქართველო და უკრაინა

1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში შავი ზღვის სრუტეების რეჟიმის გარშემო მიმდინარე კონფერენციაზე მიღებულმა კონვენციამ აღადგინა თურქეთის სუვერენიტეტი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. კონვენციით, ნებისმიერი ქვეყნის სავაჭრო გემებს აქვთ უფლება, გაიარონ ამ სრუტეებში როგორც საომარ, ისე მშვიდობიან ვითარებაში.

ამას გარდა, კონვენცია მშვიდობიან დროს სრუტეების გავლის უფლებას აძლევს ყველა შავიზღვისპირეთის ქვეყნის ნებისმიერი კლასის სამხედრო ხომალდებს, მაგრამ არაშავიზღვისპირეთის ქვეყნების სამხედრო გემები, როგორც ზემოთ ითქვა, შეზღუდული არიან როგორც ტონაჟის (წყალწყვის), ისე კლასისა და, რაც მთავარია, შავ ზღვაში ყოფნის (21 დღე) მხრივ.

ამიტომ, დღეს, ოპერატიული ვითარების მონიტორინგის მიზნით, შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოს „კორვეტის“ ან „ფრეგატის“ დონის ხომალდები, რომლებსაც, როტაციის წესით, სამ კვირაში ენაცვლება გემების მორიგი ჯგუფი, მონტრეს კონვენციით არსებული დროით შეზღუდვის გამო.

შესაბამისად, თურქეთის მიერ მონტრეს კონვენციის სავარაუდო დარღვევა ხელს უნდა აძლევდეთ შავიზღვისპირეთის როგორც ნატოს წევრ, ისე ალიანსის დაწინაურებულ პარტნიორ ქვეყნებს, საქართველოს და უკრაინას, გარდა რუსეთისა, რომლისთვისაც ყველაზე მეტად ხელსაყრელია შავ ზღვაზე არსებული სტატუს-კვო.

„საქართველოსთვის და უკრაინისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნების ნატოსკენ სწრაფვის გაძლიერებას. რუსეთს, პრინციპში, აწყობს სიტუაცია, როდესაც მონტრეს კონვენცია არ აძლევს არაშავიზღვისპირა სახელმწიფოებს მუდმივ საფუძველზე შავ ზღვაში ყოფნის უფლებას. მონტრეს კონვენცია აწესებს სწორედ ლიმიტებს გემის გაბარიტებისა და ტონაჟის მხრივ. 30 000 ტონა წყალწყვის გემს თუ ავიღებთ, მონტრეს კონვენციით ეს პირობითად ნიშნავს 2,4 ამერიკულ სამხედრო საესკადრო ნაღმოსანს. რუსეთს ეს სტატუს-კვო, ცხადია, აწყობს. თურქეთს, ცხადია, აქვს თავისი ინტერესი. თურქეთისათვის მონტრეს კონვენცია ეს არის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლითაც ის უზრუნველყოფს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვას შავ ზღვაში“, - გვითხრა უკრაინელმა ექსპერტმა მიხაილო სამუსმა, „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ.

ასეთ ვითარებაში რატომ უნდა აძლევდეს ხელს თურქეთს მონტრეს კონვენციაზე უარის თქმა და კონფლიქტში შესვლა რუსეთთან, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს 1936 წელს ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებით? პასუხი, ექსპერტების აზრით, თავად რუსეთის მიერ 2014 წელს შავი ზღვის მილიტარიზმისკენ გადადგმულ იმ აგრესიულ პოლიტიკაშია საძიებელი, რომელსაც ყირიმის ანექსია და შავ ზღვაში რუსეთის როლის გაძლიერება მოჰყვა.

„2014 წელს რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როდესაც ძალის გამოყენებით დაიწყო ზღვაში ახალი საზღვრების დადგენა, მათ შორის, ქერჩის სრუტეში. პრეტენზია აქვს, რომ აზოვის ზღვა ახლა მისი ზღვაა. ანუ რუსეთი საერთაშორისო საზღვაო შეთანხმებას განმარტავს, როგორც აწყობს. ახლა კი შეიძლება რუსეთი აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში. რუსეთი, რომელმაც დაარღვია უკრაინასთან დადებული შეთანხმება შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით, დაარღვია სტატუს-კვო აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში, ახლა თავად აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში, როდესაც, მისი ყველა მცდელობის მიუხედავად, ნატოს ქვეყნების გემები შავ ზღვაში შემოვლენ შეუზღუდავად უკვე თურქეთთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და არა მონტრეს კონვენციის საფუძველზე. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, ამით თავის წვლილს შეიტანს რეგიონის უსაფრთხოებასა და ალიანსის გაძლიერებაში სწორედ იმ ახალი „სტამბულის“ არხით, რომელიც ნატოს გემებს შავ ზღვაში დაუბრკოლებლად და ულიმიტო ყოფნის შესაძლებლობას მისცემს. ვფიქრობ, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის ეს მოვლენათა განვითარების კარგი ვარიანტი იქნებოდა“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

თუმცა ჯერჯერობით უკრაინის სანაპიროებთან შავ ზღვაში ვითარება ძალზედ არსახარბიელოდ ვითარდება რუსეთის მიერ წამოწყებული მასშტაბური მანევრების გამო, რომლის უკან, როგორც შუბი ხალთაში, ისე მოჩანს რაღაც ავბედითი აგრესიული მიზნისთვის მზადება.

2021 წლის მარტის შუა რიცხვებში ყირიმის პოლიგონ „ოპუკზე“ რუსეთის არმიამ ორი ბატალიონისა და არტილერიის მონაწილეობით გამართა წვრთნა საჰაერო და საზღვაო დესანტირების ამოცანის შესასრულებლად, მაგრამ წვრთნის დასრულების შემდეგ სამხედრო ქვედანაყოფები დარჩნენ პოლიგონის რაიონში და სულ მალე მათ კიდევ 5 ბატალიონი დაემატა.

„თუ რუსეთი შეეცდება ჩაატაროს რაიმე შეტევითი ოპერაცია ყირიმიდან, ის ამას, პირველ ყოვლისა, საჰაერო-სადესანტო და საზღვაო-სადესანტო ძალების გადმოსხმით და სარაკეტო-საავიაციო დარტყმების საშუალებით განახორციელებს. სამხედრო ფლოტის ძალებით კი განხორციელდება სანაპიროს კომუნიკაციების ბლოკირება და შავ ზღვაში გასასვლელის ბლოკირება. ამიტომ, როდესაც რუსები აცხადებენ, თითქოს მისი საზღვაო ქვეითები თავდაცვითი ოპერაციის ელემენტებს ამუშავებდნენ, ეს, სინამდვილეში, თვალის ახვევა იყო და მეტი არაფერი. შესაბამისად, ის, რაც ყირიმში ხდება, ჩემი ღრმა რწმენით, მართლაც არის სამზადისი შეტევითი ოპერაციისათვის, მათ შორის, შესაძლოა, იმისთვის, რომ შეიქმნას რუსეთის ტერიტორიიდან ყირიმის დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

უკრაინის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, კერძოდ, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში მოსკოვი ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში“ უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო.

2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ამ თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, იმ ფონზე, როცა ვრცელდება შემაშფოთებელი ცნობები რუსეთის მიერ ჯარის რაოდენობის გაზრდაზე უკრაინის საზღვართან.

სატელეფონო საუბარში ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა აშშ-ის „უცვლელი“ მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის ფონზე, - იუწყება თეთრი სახლის განცხადება.

გაზეთმა The New York Times-მა მარტის ბოლოს გაავრცელა ცნობა, წყაროებზე დაყრდნობით, რომ სხვადასხვა პუნქტში, უკრაინის საზღვარზე, განლაგებულია, დაახლოებით, ოთხი ათასი რუსი სამხედრო. გამოცემის თანახმად, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ ვითარებაზე მეთვალყურეობის დონე გაზარდა „შესაძლებელი კრიზისიდან“ „პოტენციურად გარდაუვალ კრიზისამდე“ - ყველაზე მაღალ შეფასებამდე.

დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, ამჟამად განლაგებულია რუსეთის არმიის 14 პოლკი, 28 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით, რომლებსაც კადრის რუსი ოფიცრები ხელმძღვანელობენ. ყველა ეს ქვედანაყოფი მოქმედებს რუსეთის რეგულარული არმიის მხარდაჭერით.

  • აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფება ასევე 2000 რუსი სამხედრო ინსტრუქტორისა და მრჩევლისგან შემდგარი აპარატი, რომელიც მზვერავებს ამზადებს.
  • რუსეთის როსტოვის ოლქში კრემლს დამატებით განთავსებული ჰყავს 12 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი მზადყოფნის 48-საათიანი ვადით, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას, სწრაფად მოახდინონ რეაგირება უკრაინის არმიის ნებისმიერ მოქმედებაზე.
  • 2021 წლის დასაწყისში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს 19 ათასი ტონა საწვავი, 335 ტონა საბრძოლო მასალა, 3 ტანკი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები, სპეცტექნიკა და 35 სამხედრო ავტომობილი.

მაგრამ რუსეთის ოფიციოზი გადაჭრით უარყოფს დამატებითი ძალების აღმოსავლეთ უკრაინაში გადასროლისა და საომარი სამზადისის შესახებ გავრცელებულ ცნობას. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ რუსეთი გადააადგილებს შეიარაღებულ ძალებს „საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ“ და „ეს არავის უნდა აწუხებდეს“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG