Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გარღვევა სუმის ოლქში: რა არის ცნობილი რუსეთის არმიის მანევრზე და რით ემუქრება ეს უკრაინას?

გარღვევა სუმის ოლქში: რა არის ცნობილი რუსეთის არმიის მანევრზე და რით ემუქრება ეს უკრაინას?


კურსკის ოლქის სოფელ მალაია ლოკნიას, რომლის თავზეც რუსმა ჯარისკაცმა დროშა აღმართა, ორი ათეული კილომეტრი აშორებს უკრაინის სუმის საზღვრამდე.
კურსკის ოლქის სოფელ მალაია ლოკნიას, რომლის თავზეც რუსმა ჯარისკაცმა დროშა აღმართა, ორი ათეული კილომეტრი აშორებს უკრაინის სუმის საზღვრამდე.

კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებისკენ მიმართული ბრძოლების პარალელურად, რუსი სამხედროები ცდილობენ გადაიტანონ საბრძოლო მოქმედებები კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში.

სუმის ოლქი უკრაინის კურსკის დაჯგუფების მთავარ ლოგისტიკურ მარშრუტს წარმოადგენს.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ, უკრაინის ნაციონალური ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ რუსეთი, მცირე მოიერიშე ჯგუფებით ცდილობს, გააფართოოს საბრძოლო მოქმედებების ზონა კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალის ნაწილები ცდილობენ, არ მისცენ მოწინააღმდეგეს პლაცდარმის შექმნის საშუალება, სიტუაცია სუმის ოლქის სასაზღვრო ზოლში დაძაბული რჩება.

რუსეთის არმიის გადამწყვეტი ამოცანა

პროექტ Deep State-ს ანალიტიკოს რუსლან მიკულას თანახმად, რუსეთის ჯარები აგრძელებენ შეტევებს კურსკის ოლქში და ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინის სამხედრო ნაწილები მარტინოვკისა და მალაია ლოკნიას რაიონში. ეს უკანასკნელი, რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმიამ 9 მარტს დაიკავა და მის თავზე რუსეთის სახელმწიფო დროშაც აღმართა.

პირადი შემადგენლობაში დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით უკრაინის სამხედრო ძალები იძულებული არიან უკან დაიხიონ ცალკეული პოზიციებიდან.

რუსეთის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ატრიალებს ვიდეოს, რომელზედაც, თითქოსდა განადგურებული უკრაინული ტექნიკაა აღბეჭდილი. მიკულა ეჭვის ქვეშ აყენებს ამ ვიდეოს სანდოობას და ამბობს, რომ გამოქვეყნებულ კადრებზე არ ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგის მკაფიო მტკიცებულება.

"შეკითხვა ღიად რჩება. ვიდეოზე ჩანს ერთ რიგად გამწკრივებული ტექნიკა, მაგრამ გაუგებარია, ეს არის ერთი კოლონა, თუ ისინი დროთა განმავლობაში განადგურდა", - აღნიშნა ანალიტიკოსმა რადიო თავისუფლების გადაცემა "სვობოდა.რანოკის" ეთერში.

ამ მიმართულებაზე რუსეთის ჯარების გადამწყვეტ ამოცანას წარმოადგენს მომარაგების მნიშვნელოვანი გზების, კერძოდ სუმის ოლქის სოფელ იუნაკოვაოზე გამავალი ტრასის, გადაჭრა.

პროექტ Deep State-ის ანალიტიკოსის თანახმად, ამ მიზნით რუსეთის ჯარი მთელი ძალების მობილიზებას ახდენენ ბასოვკისა და ლოკნიას შტურმის დასაწყებად.

"მოწინააღმდეგე გამაგრდა ნოვაიაში (ლოკნია), ეს არის არა უბრალოდ "დრგ" (დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი), არამედ სტაციონარული პოზიცია", - ფიქრობს რუსლან მიკულა.

სუჯისა და სუმის საზღვრის მახლობლად, საბრძოლო მოქმედებების რუკა 2025 წლის 9 მარტის მდგომარეობით
სუჯისა და სუმის საზღვრის მახლობლად, საბრძოლო მოქმედებების რუკა 2025 წლის 9 მარტის მდგომარეობით

უფრო ადრე ანალიტიკური პორტალი (Deep State) იუწყებოდა, რომ რუსეთის ჯარები თავს იყრიან სუმის ოლქის სოფელ ნოვენკეში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის პლაცდარმის გვერდზე მდებარეობს.

ასევე ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელ სამხედროებს გარკვეულწილად ახერხებენ რუსების შეკავებას სოფელ ჟურავკის მიმართულებით, რომლისკენაც მოწინააღმდეგე ყველა ძალით ცდილობს გაჭრას.

რუსები ცდილობენ, შექმნან ბუფერული ზონა სუმის ოლქში

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სოფლების ნოვენკესა და ჟურავკის შორის რუსეთის ჯარს აქვს დიდი წარმატება და ტყიანი მასივების გავლით, სწორედ იქიდან ცდილობენ შეღწევას სუმის ტერიტორიაზე. უკრაინელი სამხედროები, თავის მხრივ, ცდილობენ, რომ არ დაუშვან მოწინააღმდეგის შემდგომი წინსვლა. ანტონ სერბინმა, რომელიც 104-ე ბრიგადის უპილოტო სისტემების ჯგუფის ხელმძღვანელია, რადიო თავისუფლების დილის ეთერში (სვობოდა.რანოკ) ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის არმია სუმის სიღრმეში შეჭრას და იქ ბუფერული ზონის შექმნას ცდილობს.

"რუსები იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ოპტიკურ ბოჭკოზე მომუშავე დრონებს (ესენია კოპტერები, რომლებიც ოპტიკური ბოჭკოს კაბელებით იმართება. - რედ.)", - აღნიშნა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურემ რადიო თავისუფლების ეთერში.

ოპტიკურბოჭკოვან დრონზე აყენებენ კოჭას, რომელზეც ძალიან თხელი, რამდენიმე კილომეტრის სიგრძის კაბელია დახვეული. ასეთი კაბელით მართულ დრონს არ სჭირდება რადიოკავშირი და, შესაბამისად, მისი გადაჭერა ვერ ხერხდება ბრძოლის რადიოელექტრონული საშუალებებით.

ლოგისტიკურ პრობლემებს, სერბინას თანახმად, უფრო აღრმავეს ცუდი ბუნებრივი პირობები, რომლებიც გამოუსადეგარს ხდის გრუნტიან საველე გზებს მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის.
ამ სირთულეების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მოწინააღმდეგისათვის ზარალის მიყენებას. მაგალითად, რუსეთის ჯარი შეეცადა გამოეყენებინა ურენგოი-პომარი-უჟგოროდის გაზსადენის განშტოება რათა ზურგში მოჰქცეოდა კურსკის დაჯგუფებას ქალაქ სუჯაში, მაგრამ ეფექტიანი აეროდაზვერვის წყალობით მათი ეს მცდელობა ჩაიფუშა.

"ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ თავიდან აგვერიდებინა მოწინააღმდეგის ძალიან სერიოზული გარღვევა, რომელსაც შეეძლია დაერღვია უკრაინის ძალების ლოგისტიკა", - აღნიშნავს პროექტ Deep State-ს ანალიტიკოსი რუსლან მიკულა.

საგანგაშო სიგნალი

უკრაინის სამხედრო-სამართლებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, ოლექსანდ მუსიენკომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ სუმის ოლქის მიმართულებით რუსეთის ძალების გარკვეული წარმატების მიუხედავად, სიტუაცია არ არის კრიტიკული.

"სუმის ოლქში უკრაინის სამხედრო ძალების ლოგისტიკას საფრთხე ადრეც ემუქრებოდა, როდესაც მტერი აქტიურად იყენებდა დრონებსა და ავიაციას. მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის არმიის ალყაში მოქცევა მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო", - ამტკიცებს მუსიენკო.

სუმის ოლქში უკრაინის არმიას მძლავრი თავდაცვით პოზიციები აქვს შექმნილი, რაც სხვადასხვა საინჟინრო და საფორტიფიკაციო ნაგებობების რთულ კომპლექსს წარმოადგენს.

სუმის ოლქში მდებარე ერთ-ერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა. რუსეთის კურსკის მოსაზღვრე უკრაინის ოლქი თავდაცვისთვის ემზადება. 19 მარტი, 2024 წელი
სუმის ოლქში მდებარე ერთ-ერთი საფორტიფიკაციო ნაგებობა. რუსეთის კურსკის მოსაზღვრე უკრაინის ოლქი თავდაცვისთვის ემზადება. 19 მარტი, 2024 წელი

და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის არმია კვლავ განაგრძობს სუმის ოლქში პლაცდარმის შექმნის მცდელობას, მუსიენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის ძალებს შეუძლიათ აგრესორის შეკავება.

"ჩვენ გადავიტანეთ დიდი ზეწოლა და მოვიგერიეთ მნიშვნელოვანი იერიშები, რასაც რუსეთის არმიის მხრიდან სერიოზული დანაკარგები მოჰყვა", - დასძენს უკრაინელი სამხედრო.

მაგრამ ვითარების გამწვავება არ შემდგომში გამოირიცხება. კურსკის ოლქში რუსეთის არმიის მიერ მიღწეული ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ სიტუაცია კურსკის მოსაზღვრე სუმის ოლქშიც შეიძლება გაუარესდეს.

"ტერიტორიები, რომლებსაც (კურსკის ოლქში) უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ, თანდათანობით მცირდება. ეს არის საგანგაშო სიგნალი, განსაკუთრებით იმ მაღალი ფასის გათვალისწინებით, რაც მათ შენარჩუნებისთვის ვიხდით", - აცხადებს ანალიტიკოსი რუსლან მიკულა.

პროექტ DeepState-ის 11 მარტის განახლებული მონაცემების თანახმად, რუსეთის არმიამ ერთ დღეში კურსკის რეგიონის ტერიტორიის 90 კვადრატულ კილომეტრზე მეტის დაკავება შეძლო, ხოლო კურსკის უკრაინული დაჯგუფება დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს.

გარდა ამისა ფრონტი მოუახლოვდა თავად სუჯას, ერთადერთ ქალაქს, რომელიც 2024 წლის კურსკის ოპერაციის დროს იგდეს ხელთ უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ჯგუფებმა.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) 10 მარტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ამაგრებენ თავიანთ პოზიციებს სუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით და უახლოეს დღეებში ქალაქზე შტურმისთვის ემზადებიან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG