ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს მძაფრი, უსიამოვნო, სუნი აწუხებთ. განსაკუთრებით - თბილ ამინდში. ზაფხულობით კი მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება.
სუნი ყველაზე აუტანლად ქალაქის იმ უბნებში იგრძნობა, სადაც ბოლო წლებში ბევრი მრავალსართულიანი სახლი აშენდა. ახალ ბულვარსა და აეროპორტის გზატკეცილთან მცხოვრები ბათუმელები ბოლო რამდენიმე წელია ზაფხულობით ფანჯრებსაც კი ვერ აღებენ.
- ინასარიძის ქუჩაძე, სუპერმარკეტ „ვილმარტთან“ როდემდე უნდა იყოს მ......ის სუნი ბათუმის მერიავ? რამე მოიფიქრეთ. წლებია ვიხრჩობით
- სამწუხაროდ ბათუმის ცენტრშიც ბევრგან ტრიალებს ეგ „არომატი“
- ნინოშვილის ქუჩაზეცაა სუნი, ყირამალასთან.
- წლებია ვაპროტესტებ და აზრი? ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაკლები სუნია?
- მართლა კოშმარია!
ეს ბათუმელების ტიპური დიალოგია ამ თემაზე ფეისბუქიდან. „კანალიზაციის სუნის“ შესახებ მოქალაქეები ხშირად წერენ სოციალურ ქსელში და ქალაქის ხელმძღვნელობას უუნარობის გამო დასცინიან.
„პასუხს ვერავინ ვერ გვცემს საიდან მოდის ეს სუნი. ფაქტია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მთელ უბანში, მთელ ქალაქში, არა მხოლოდ ჩვენ, დამსვენებლებიც საუბრობენ ამაზე. არ შეიძლება საკურორტო ქალაქში ფეკალიების ასეთი მძაფრი სუნი იდგეს“, - გვეუბნება ახალ ბულვართან, ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნიკა ძიძიგური.
ამ უბანში როგორც წესი ზაფხულობით ბათუმელები ბინებს აქირავებენ, ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუმცა გაუსაძლისი სუნის გამო, ამ ბოლო დროს დამსვენებლები ნაქირავები ბინებიდან გარბიან.
უსიამოვნო სუნი აწუხებთ ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებ ბათუმელებსაც, რომლებმაც ქალაქის მერიას რეაგირებისთვის არაერთხელ მიმართეს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საკანალიზაციო ჭების გაწმენდის შემდეგ სუნი იკლებს, თუმცა მალევე მძაფრდება. “იხრჩობა ქალაქი. მოქალაქეები ვიხრჩობით ამ კანალიზაციის სუნით. ქალაქი ყარს და პატრონი არავინაა“, - ამბობს ბათუმელი ჯეკო ნაკაიძე.
ბათუმის მერიის შპს. „ბათუმის წყალში“ ირწმუნებიან, რომ სუნის მიზეზი საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაში არ უნდა ვეძებოთ. „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელი მარიკა გვიანიძე გვეუბნება, რომ პრობლემას მოძველებული ნაგავსაყრელი ქმნის, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისა და ადლიის დასახლების მახლობლადაა და არა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ადლიაში.
„იმ ტერიტორიაზე, ადლიაში არსებობდა ჩამდინარე წყლების ძველი გამწმენდი ნაგებობა და მიედინებოდა მთლიანი ქალაქის ჩამდინარე წყლები. ეს ყველაფერი კი ღია სივრცეში იყო, მაგრამ სუნის პრობლემა არ იდგა არასდროს. იმიტომ, რომ ჩამდინარე წყალს გააჩნია თავისი სპეციფიკური სუნი, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ნაგებობის ირგვლივ 100-200 მეტრის რადიუსში”.
მარიკა გვიანიძის თქმით, ნაგავსაყრელის გადატანის საკითხი დაძრულია და ქალაქიდან მოშორებით, ცეცხლაურში, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი შენდება. „დღეს არსებული ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ მიხვდება მოსახლეობა, რომ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა არ არის სუნის გამომწვევი მიზეზი“, - ამბობს "ბათუმის წყლის" ხელმძღვანელი.
ამის ნაკლებად სჯერათ ახალ ბულვართან სუნით შეწუხებულ ბათუმელებს. მათი შეფასებით, საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ორსართულიან სახლებზე იყო გათვლილი დატვირთვას ვეღარ უძლებს.
მხოლოდ 2018 წელს ბათუმში 457 სამშენებლო ნებართვა გაიცა.
2019 წლის პირველ 6 თვეში კი, აჭარაში გაცემული სამშენებლო ნებართვების საერთო ფართი მილიონნახევარ კვ.მ. მეტრს აღწევს.
მშენებლობების უდიდესი წილი ბათუმზე მოდის, და როგორც წესი, ახალი შენობები 5 სართულზე დაბალი აღარ არის;
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენი კი - 55 სართულიანია.
ეკოლოგი კახა გუჩმანიძეც ფიქრობს, რომ ქალაქში მძაფრი სუნის მიზეზი მხოლოდ მოძველებული ნაგავსაყრელი ვერ იქნება: „ჰაერის ერთ-ერთი დამაბინძურებელი რა თქმა უნდა, არის ადლიაში მდებარე ნაგავსაყრელი. მაგრამ, არსებული წყალარინების გამწმენდი ნაგებობაც თავისი მოცულობით ვერ უმკლავდება დროულ ფილტრაციას, რაც შესაძლებელი წინაპირობაა, ატმოსფერულ ჰაერში ტოქსინებისა და არასასიამოვნო სუნის ემისიისა”.
კახა გუჩმანიძე ამბობს, რომ გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ვალდებულია ბათუმის ატმოსფერული ჰაერი შეამოწმოს.
ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბათუმის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა 17 სექტემბერს დაათვალიერა. უწყებაში ამბობენ, რომ ნაგებობის არაგეგმური შემოწმება გადაწყდა და პროცესი 10 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. შემოწმების მიზანია დადგინდეს, რამდენად ასრულებს „ბათუმის წყალი“ გარემოსდაცვით პირობებსა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.