Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ხუთი პოლიციელი მიადგა შუაღამისას დედას“ - რატომ მიაქვთ ჯარიმები იქ, სადაც დაჯარიმებულები არ ცხოვრობენ?

„ხუთი პოლიციელი მიადგა შუაღამისას დედას“ - რატომ მიაქვთ ჯარიმები იქ, სადაც დაჯარიმებულები არ ცხოვრობენ?


„დედა 64 წლისაა. უკვე ეძინა, კარზე კაკუნმა რომ გააღვიძა. კარი რომ გააღო, სადარბაზოში ჩამწკრივებული ხუთი პოლიციელი დახვდა“...
„დედა 64 წლისაა. უკვე ეძინა, კარზე კაკუნმა რომ გააღვიძა. კარი რომ გააღო, სადარბაზოში ჩამწკრივებული ხუთი პოლიციელი დახვდა“...

ბოლო დღეებია, საპროტესტო აქციებზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითარი.

მოქალაქეების ნაწილს, პოლიციის წარმომადგენლები მობილურით, ე.წ. კერძო ნომრიდან ატყობინებენ, რომ მათზე ჯარიმაა გამოწერილი. მეორე ნაწილთან კი პირდაპირ სახლში მიდიან და საჯარიმო ოქმის შინაარსს აცნობენ.

დაჯარიმებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ქვითრები პოლიციელებს მშობლებთან ან ოჯახის სხვა წევრებთან სახლში, შუაღამით მიაქვთ. ამას კი, აქციების აქტიური მონაწილეებისა და მათი ახლობლების დაშინების მცდელობად აღიქვამენ.

„საქართველოს გამოვლილი აქვს რეპრესიები, როცა ღამით, სახლში ადგებოდნენ ადამიანებს“

ასეთი რამ შეემთხვა იურისტისა და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ოჯახსაც.

მისი დედის ბინის კარზე კაკუნი 20 თებერვალს, ღამის 12 საათისთვის გაისმა:

გიორგი ბურჯანაძე, იურისტი
გიორგი ბურჯანაძე, იურისტი

„დედა 64 წლისაა. უკვე ეძინა, კარზე კაკუნმა რომ გააღვიძა. კარი რომ გააღო, სადარბაზოში ჩამწკრივებული ხუთი პოლიციელი დახვდა. ერთ-ერთმა უთხრა, რომ ჩემი ძმა გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო 5000 ლარით იყო დაჯარიმებული და ჯარიმის ოქმი ჩააბარა.

მე და ჩემი ძმა მშობლების ბინაში ვართ რეგისტრირებულები, თუმცა, სხვაგან ვცხოვრობთ. ცხადია, შესაძლებელი იყო ამ ჯარიმის ფაქტობრივ მისამართზე მიტანა.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ღამით იმიტომ მიდიან ჯარიმების დასარიგებლად, რომ პირი, რომელიც დააჯარიმეს, სახლში დახვდებათ, მაგრამ ეს ისედაც არის გათვალისწინებული კანონმდებლობაში, ჯარიმის ჩაბარება შეუძლია ოჯახის სხვა სრულწლოვან წევრსაც. ასევე არსებობს ფოსტა, არსებობს ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნება.

როდესაც ხანში შესულ ადამიანს შუაღამისას თავზე ადგება ხუთი პოლიციელი, რომლებიც ჯერ მეზობლებში კითხულობენ, სად არის ბინა, მერე მიდიან და ამ დოკუმენტს დედას აბარებენ, სხვას არაფერს ისახავს მიზნად, გარდა ერთისა, რომ ადამიანები დააშინონ, აქციებზე სიარულის სურვილი მოუკლან.

ეს არის დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი. მით უმეტეს, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, რომელსაც გამოვლილი აქვს რეპრესიები, როდესაც ანალოგიური მეთოდებით უბრახუნებდნენ ღამით კარზე და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ რეპრესიებზე ატყობინებდნენ“,
- ეუბნება გიორგი ბურჯანაძე რადიო თავისუფლებას.

საჯარიმო ოქმის თანახმად, სამართალდამცავები გიორგი ბურჯანაძის ძმას 17 თებერვალს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან:

„ჩემი ძმა თითქმის ყოველდღე დადის აქციებზე. იმ დღესაც, მე და ჩემი ძმა ერთ დროს მივედით, უკვე გადაკეტილ რუსთაველზე“, - გვითხრა გიორგი ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ჯარიმას აუცილებლად გაასაჩივრებენ ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი სასამართლოში.

„მისამართი, სადაც ჩემი საჯარიმო ქვითარი მიიტანეს, საერთოდ არ უნდა სცოდნოდა პოლიციას“

აქციის კიდევ ერთი აქტიური მონაწილის, ირაკლი გაფრინდაშვილის საჯარიმო ქვითარი სამართალდამცავებმა 21 თებერვლის დილას ჩააბარეს ცოლის დედას. წინა ღამით, ასევე 12 საათზე, სამმა პოლიციელმა ირაკლი გაფრინდაშვილის დედასაც მიაკითხა სახლში:

ირაკლი გაფრინდაშვილი
ირაკლი გაფრინდაშვილი

„დედა მარტო ცხოვრობს. სახლში მისულ პოლიციელებს კარი არ გაუღო. უთხრა, რომ იქ არ ვცხოვრობ. სამაგიეროდ, დღეს დილით მიიტანეს ჩემი საჯარიმო ქვითარი სიდედრის ბინაში, რომლის მისამართიც პოლიციას, წესით, არ უნდა სცოდნოდა, რადგან მე და ჩემი ცოლი ოფიციალურ ქორწინებაში არ ვართ.

სამართალდამცავებმა, ცხადია, ძალიან კარგად იციან, სად არის ჩემი ფაქტობრივი მისამართი, სადაც ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად, მაგრამ ისიც ყველამ კარგად ვიცით, რას ემსახურება ჯარიმების ამ მეთოდებით დარიგება - ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების დაშინებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი გაფრინდაშვილმა.

20 თებერვალს, მშობლების სახლში მიიტანეს პოლიტიკოსისა და ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის საჯარიმო ქვითარიც. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ის ამბობს, რომ პოლიციელებმა ოქმი იქ მიუტანეს, სადაც საავადმყოფოდან ახლად გამოწერილი მამა მიიყვანა:

ბუკა პეტრიაშვილი, პოლიტიკოსი
ბუკა პეტრიაშვილი, პოლიტიკოსი

„მამაჩემი გამოვიყვანე დღეს საავადმყოფოდან! ხო იცოდით თქვე ნაძირლებო? ხო იცით ფაქტიური მისამართი? მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სადაც ავადმყოფი კაცი მივიყვანე! მთელი დღე ვმოძრაობდი! სადაც ვმუშაობ ეგეც იცით! მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სოლოლაკში! ნაბიჭვრები ხართ ყველა! თქვენ გგონიათ მაგით ან შემაშინებთ ან გამაჩერებთ?“, - დაწერა ბუკა პეტრიაშვილმა.

ჯარიმის ჩაბარების წესი

როგორც წესი, ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში, დაჯარიმებულს ჯერ პოლიციის თანამშრომელი უკავშირდება და ატყობინებს, რომ ის დაჯარიმებულია.

მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს, რომ ოქმი ფოსტით გაუგზავნონ მის მისამართზე.

კანონმდებლობის მიხედვით, პოლიცია ვალდებულია, ოქმის ჩაბარება ორჯერ სცადოს. საჯარიმო ქვითარი შეუძლია ჩაიბაროს ოჯახის სრულწლოვანმა წევრმაც.

თუკი საჯარიმო ქვითრის ჩაბარება ორი მცდელობის შემდეგაც ვერ მოხერხდება, მაშინ შსს ქვითარს საჯაროდ აქვეყნებს და ის ჩაბარებულად ითვლება.

სად უნდა იპოვოთ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითარი?

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი შსს-მ ვერ გაგვცა.

რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ საჯარიმო ქვითრები ქვეყნდება საიტზე Police.ge, „ერთ-ერთ კაბინეტში“, რომლის ნახვაც მხოლოდ დაჯარიმებულს შეუძლია პირადი მონაცემების შევსების შემდეგ. უცხოს ამ მონაცემებზე წვდომა არ აქვს.

თუმცა, ეს „ერთ-ერთი კაბინეტი“ ვებსაიტის რომელ ველში უნდა ეძებოს დაჯარიმებულმა, ამ კითხვაზე შსს-ში ვეღარ გვიპასუხეს. დაგვპირდნენ, რომ დააზუსტებდნენ, მაგრამ მათგან კონკრეტული პასუხი ვეღ მივიღეთ.

Police.ge-ზე შესულ მოქალაქეს შეუძლია იპოვოს საგზაო წესების დარღვევის გამო გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, მაგრამ არა სხვა სამართალდარღვევისთვის, მაგალითად, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ გამოწერილი ქვითარი.

„დავგუგლე და ასე ვიპოვე“

ნატა ცქიფურიშვილმა, საჯარიმო ქვითარი პორტალზე Protocols.ge აღმოაჩინა.

ეს არის პორტალი, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს შეუძლია გადაამოწმოს და გადაიხადოს სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა.

საჯარიმო ქვითრის ძებნა კი მას მერე გადაწყვიტა, რაც მის ტელეფონზე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის რამდენიმე ზარი შევიდა:

„მირეკავდნენ იმ ნომრიდან, საიდანაც ჯარიმებზე რეკავენ, არ მიპასუხია, მაგრამ დავეჭვდი, რომ ჯარიმის გამო რეკავდნენ. შემდეგ გავიგე, რომ არსებობდა პორტალი, სადაც ჯარიმები ქვეყნდება.

დავგუგლე და ვიპოვე protocols.ge. როდესაც შევიყვანე პორტალზე ჩემი მონაცემები, ვნახე, რომ ჩემს სახელზე ჯარიმა იყო გამოწერილი შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით გათვალისწინებული მუხლის დარღვევისთვის. ანუ "გზის ხელოვნურად გადაკეტვა".

მითითებული იყო 14 თებერვალი, თუმცა, დილის 10 საათი, 09:59. ამ დროს არც აქცია იყო და არც მე ვყოფილვარ რუსთაველზე. ჩემთან არც პოლიცია მოსულა და არც ფოსტით არაფერი გამოუგზავნიათ. ვერც იმას ვიტყვი, რამდენად სანდოა ამ პორტალის მონაცემები“.

შეტყობინება სამართალდარღვევის შესახებ
შეტყობინება სამართალდარღვევის შესახებ

ნატა მეგობართან ერთად ნამდვილად იყო 14 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, თუმცა, გვიან საღამოს. „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო საჯარიმო ქვითარი მიიღო მისმა მეგობარმაც:

„მარშით მივედით რუსთაველზე, ჩვენი მისვლის მომენტში გადაიკეტა გზა. სწორედ იმ დღეს ისე დაემთხვა, რომ ტროტუარზე უფრო მეტი დრო გავატარე, ვიდრე გზაზე, არ ვიცი, რა მტკიცებულებები აქვთ. აუცილებლად გავასაჩივრებ ამ ჯარიმას“.

ინფორმაცია, რომ Protocols.ge-ზე იტვირთება საჯარიმო ქვითრები, გაავრცელა იურისტმა ნიკო სიმონიშვილმაც.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-მ საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ ადრესატებისთვის ქვითრების პირადად ან ფოსტით ჩაბარება არ უცდია. სწორედ ამას ადასტურებს ნატა ცქიფურიშვილის შემთხვევაც.

ნიკო სიმონიშვილი ამბობს, რომ უკვე დაფიქსირდა ორი მსგავსი შემთხვევა და, მისი ვარაუდით, ეს მიიღებს მასობრივ ხასიათს:

„ერთ შემთხვევაში მხოლოდ სატელეფონო ზარი იყო, მეორეში კი ესეც არ ყოფილა. "ოცნების" კანონმდებლობის პირობებშიც კი უხეში დარღვევაა ოქმის ჩაბარების წესის, რადგან ორჯერ მაინც უნდა სცადონ ჩაბარება და ამის შემდეგ აქვთ გამოქვეყნების უფლება“, - ამბობს ნიკო სიმონიშვილი.

მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება მისი პორტალზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ხოლო ჯარიმის გასაჩივრებისათვის მოქალაქეს აქვს 10 დღე.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერც პორტალ Protocols.ge-ზე ატვირთული საჯარიმო ოქმების შესახებ მიიღო კონკრეტული ინფორმაცია.

გარდა საჯარიმო ქვითრისა, პოლიციას წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს ფოტო-ვიდეომასალაც, სადაც სამართალდარღვევა უნდა იყოს ასახული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებით, რომელიც 7 თებერვლიდან შევიდა ძალაში, გზის ხელოვნურად გადაკეტვა შსს-ს განსჯადი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმეები აღარ მიდის სასამართლოში და ჯარიმას ადრესატს პირდაპირ პოლიცია აკისრებს.

პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი სასამართლოში გასაჩივრება, ოქმის მოქმედებას აჩერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დრომდე, სანამ საქმის წარმოება არ დასრულდება, შსს გზის გადაკეტვის საბაბით 5000 ლარის გადახდას მოქალაქეს ვერ აიძულებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, 2023 წლის საპროტესტო აქციებიდან მოყოლებული, 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 ათას ლარს აჭარბებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის გამოწერილი ჯარიმების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ეს მონაცემი საათობრივად იცვლება.

თბილისსა და სხვა ქალაქებში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.

დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები თვლიან, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG