82 წლის პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა თბილისში წელს აღარ ჩამოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე კვირის წინ მოსწერა ქართულ მხარეს და წერილში ერთ-ერთ მიზეზად ის რყევები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, უკანასკნელ თვეებში კულტურის სფეროში განხორციელდა.
ნობელიანტი მწერალი თბილისში „წიგნის ეროვნული ცენტრის“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით 17 სექტემბერს, ხუთდღიანი ვიზიტით უნდა ჩამოსულიყო. ლიოსას ქართველი მთარგმნელის, ლანა კალანდიას ინფორმაციით, მწერლისა და მისი მეუღლისთვის, ლიოსას ქართულ გამომცემლობას „ინტელექტს“, შეძენილი ჰქონდა ბილეთებიც, თუმცა, ვიზიტი ჩაიშალა.
ლანა კალანდია რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ლიოსას ვიზიტის გადადების მიზეზებზე. მისი თქმით, მწერლის საქართველოში ჩამოსვლა ორი მთავარი მიზეზის გამო გადაიდო: პირველი - განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვერ გათვალა ლიოსას ვიზიტის მნიშვნელობა და მის ჩამოსვლამდე სამი თვით ადრე გადაწყვიტა „წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაუქმება. და მეორე - ლანა კალანდია თვლის, რომ „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ყოფილ დირექტორს, დეა მეტრეველს, არ უნდა მიეწერა მწერლისთვის იმგვარი შინაარსის წერილი, რომელიც ბოლომდე ჩაახედებდა მარიო ვარგას ლიოსას საქართველოში, კულტურის სფეროში მიმდინარე არასტაბილურ ვითარებაში:
„კულტურის სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა მარიო ვარგას ლიოსას ვიზიტის მნიშვნელობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეწყო სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესი თუნდაც იმ დრომდე, სანამ ეს, უკვე ბოლომდე მიყვანილი, დასრულებული და შეთანხმებული პროექტი არ დასრულდებოდა. დიახ, მე ვთვლი, რომ წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმება იყო სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და მისი ხელმძღვანელის, დეა მეტრეველის თანამდებობიდან დათხოვნაც იყო ასევე უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეს მხრივ, ასევე მიმაჩნია, რომ არ არსებობდა არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე ჩაგვეყენებინა ლიოსა საქმის კურსში და ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ ეს პროექტი შეგვენარჩუნებინა. გავითვალისწინოთ, რომ ლიოსა არის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე ადამიანი, რადგან ის არ არის მხოლოდ მწერალი, ის არის საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომლის სიტყვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მისთვის მსგავსი ტიპის პოლიტიკური რყევების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია, თუნდაც ძალიან კეთილი სურვილით დაწერილი, იყო იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში არის არასტაბილური მდგომარეობა. ასეთი იყო ლიოსას საპასუხო წერილის შინაარსიც, ის წერდა, რომ არასტაბილური ვითარებაა კულტურის სფეროში და ამის გამო ის დროებით თავს იკავებდა საქართველოში ჩამოსვლისგან“.
დეა მეტრეველი, „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ყოფილი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ წერილი, რომელიც მან მარიო ვარგას ლიოსას ლიტერატურულ აგენტებს გაუგზავნა, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმატიული ხასიათის იყო. მსგავსი წერილი მან ცენტრის სხვა პარტნიორებსაც მისწერა:
„ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტრომ მაისის თვეში მიიღო. იმ დღიდან მოყოლებული, ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტის, მათ შორის მარიო ვარგას ლიოსას ვიზიტის გადაბარება რამდენჯერმე წერილობით და ზეპირად ვთხოვე სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირებს, თუმცა, ჩემი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული. სამინისტროში ცენტრის მხარდამჭერი წერილი გააგზავნა სერვანტესის ინსტიტუტმაც, რომელიც ლიოსას ვიზიტის პარტნიორი იყო. თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, არც ამ წერილზე ყოფილა რეაგირება.
მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, უკვე ოფიციალურად მაცნობეს, რომ აღარ ვიყავი ცენტრის ხელმძღვანელი, ყველა ჩემს უცხოელ პარტნიორს, როგორც მსგავს გარემოებებში პროტოკოლი ითვალისწინებს, მივწერე წერილი, რომ ყველა მიმდინარე ვალდებულებას უკვე ახალი უწყება და ხელმძღვანელობა გადაიბარებდა და შესაბამისად, ყველა პროექტი გაგრძელდებოდა. ბუნებრივია, მსგავსი წერილი გავაგზავნე სერვანტესის ინტიტუტის ხელმძღვანელთან და მარიოს ვარგას ლიოსას წარმომადგენელთანაც. ჩემთვის განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ და ავტორის თანხმობის გათვალისწინებით, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი გვქონდა მომზადებული და დაგეგმილი, ეს ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი 2020 წლისთვის გადავადდა“.
ამჯერად, მარიოს ვარგას ლიოსას ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს „მწერალთა სახლი“. სწორედ „მწერალთა სახლმა“ შეითავსა „წიგნის ეროვნული ცენტრის“ ფუნქცია-მოვალეობები მას შემდეგ, რაც ცენტრი გაუქმდა.
„მწერალთა სახლის“ დირექტორი, ნატაშა ლომოური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მარიო ვარგას ლიოსას წარმომადგენლისგან „მწერალთა სახლმა“ ერთი კვირის წინ პასუხი მიიღო:
„ლიოსას აგენტს ვთხოვეთ ახალი თარიღის შეთანხმება. იმედია, რომ დასახელდება ახალი თარიღი. მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ძალაში დარჩება თუ არა მისი საქართველოში ჩამოსვლის პირობა, სამწუხაროდ, არ ვიცი. დაახლოებით სამი კვირის წინ მივწერეთ ჩვენ ლიოსას აგენტს წერილი და ერთი კვირის წინ დაგვიბრუნდა პასუხი, რომ ჩვენს შეთავაზებას ლიოსას გადასცემენ“.
მწერლის ვიზიტის გაუქმების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მარიო ვარგას ლიოსას აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს „მწერალთა სახლი“.
ლანა კალანდია, რომელმაც 2015 წლიდან მოყოლებული, მარიო ვარგას ლიოსას ოთხი რომანი თარგმნა, რადიო თავისუფლებასთან იხსენებს იმ დეტალებს, რომელიც მან, როგორც ლიოსას მთარგმნელმა, მწერლის საქართველოში ვიზიტის დასაგეგმად გასწია.
ლანა კალანდია გასული წლის მაისში, მადრიდში, პირადად შეხვდა ლიოსას, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე რომანების ქართული თარგმანები და ვრცელი წერილი გაუგზავნა. მანამდე ლანა კალანდია ლიოსას მოწვევას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დახმარებითაც ცდილობდა, თუმცა, მისი თქმით, ეს ცდა უშედეგო აღმოჩნდა:
„ეს ამბავი სამი წლის წინ დაიწყო, მაშინ, როცა „ინტელექტმა“ მისი პირველი წიგნები გამოსცა. პროცესში ჩართული იყო საქართველოში ესპანეთის საგანგებო რწმუნებული ვიქტორ მუნიოსიც. ვიცოდი, რომ ლიოსა არ იყო უბრალოდ მწერალი და ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვიცოდი, რომ მისი მიწვევა, როგორც წესი, მაღალ დონეზე წყდებოდა ხოლმე და ამიტომ, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მისი მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის მეშვეობით, ვთხოვე, რომ პრეზიდენტს აეღო საკუთარ თავზე ლიოსას მოპატიჟება. თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა.
მე მაინც არ გავჩერდი და როდესაც საქართველოში გამოიცა ლიოსას მესამე თარგმანი „ვაცის ნადიმი“, კიდევ ერთხელ დავუკავშირდი მის ასისტენტს და ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა, რომ ჩვენი თარგმანები გაგვეგზავნა ლიოსასთვის. თარგმანებისა და ვრცელი წერილის გაგზავნის შემდეგ, მოვიდა პასუხი, რომ ლიოსა მადრიდში, ერთ-ერთ ცნობილ სამეცნიერო კვლევების ფონდში მართავდა შეხვედრას და მეც იქ უნდა ჩავსულიყავი. ლიოსას 2018 წლის მაისში შევხვდი. მაქსიმალურად შევეცადე ამეხსნა მისთვის, რატომ გვინდოდა მისი საქართველოში მოწვევა. არა იმიტომ, რომ ის იყო ნობელიანტი მწერალი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ის ქვეყანა, სადაც მის წიგნებს ჰყავდა ერთგული მკითხველი“.
გასული წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ლანა კალანდიამ ლიოსას ასისტენტისგან შეიტყო, რომ მწერალმა ოფიციალური მოწვევა მიიღო „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისგან“ და სერვანტესის ინსტიტუტისგან და ლიოსამ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
მარიო ვარგას ლიოსას ბოლო ქართული თარგმანი, „საუბრები კათედრალში“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ რამდენიმე კვირის წინ გამოსცა. ლანა კალანდია გეგმავს, რომ მწერალს ეს თარგმანიც გაუგზავნოს და თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მოიპატიჟოს ის საქართველოში:
„ჩემთვის, მისი ვიზიტის გაუქმება, იყო ძალიან დიდი მორალური დარტყმა. მე მისი წიგნების 3000 გვერდი მაქვს ნათარგმნი. წლები მაქვს დახარჯული და ეს არ იყო ჩემთვის ერთი ღონისძიება. მის საქართველოში ჩამოსვლას ჩვენთვის ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ის არის ადამიანი, რომლის ყველა ვიზიტს აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება. მის სიტყვას, შეფასებას აქვს მნიშვნელობა ყველა ასპექტში, პოლიტიკურსა თუ კულტურულ ასპექტში. მის ვიზიტებს აშუქებს მსოფლიო პრესა, ყველა მნიშვნელოვანი გამოცემა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელს ლიოსა საქართველოში ჩამოვა“.
82 წლის პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა 10-ზე მეტი რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს ლიოსას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.
ქართულ ენაზე თარგმნილი მარიო ვარგას ლიოსას არაერთი რომანი, მათ შორის, „ქალაქი და ძაღლები“, „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ხუთი კუთხე“, „დეიდა ხულია და სცენარისტი“.