Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ეკითხება პრეზიდენტს ბათუმში მოკლული პოლიციელის ოჯახი?


22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

თარაშ მუკბანიანი 2014 წლის დეკემბერში მოკლეს ბათუმის ღამის კლუბ „ლეგასში.“ კლუბში მყოფი პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, მისივე სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილს და ვინც დევაძის საბუთები შეკრიბა და ხელი მოაწერინა, აი, ამ ადამიანებს მინდა ვკითხო - რა მოტივი ჰქონდათ, რის საფუძველზე გაათავისუფლეს თარაშ მუკბანიანის მკვლელი? რა დაიმსახურა ამდენი რამაზ დევაძემ სახელმწიფოსგან? ან სალომე ზურაბიშვილს რა გაუკეთა ისეთი?
ნინო ოდიშარია

ადვოკატი დავით ჯაფარიძე, რომელიც რამაზ დევაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში იცავდა, დღემდე ამტკიცებს, რომ ეს იყო არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით მკვლელობა და ამას პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერიც ადასტურებდა: „ტყვია გავარდა მაშინ, როცა ამ პისტოლეტს ანიარაღებდა დევაძე. რამაზ დევაძე მივიდა გასაშველებლად, რა დროსაც თარაშ მუკბანიანმა დაიწყო სროლა და დარბაზში დაიჭრა ორი მოქალაქე. დევაძემ შებოჭა მუკბანიანი, ჩამოიყვანა შემაღლებული ადგილიდან ქვემოთ დისკოკლუბის მოედანზე, ხოლო ძირს დაგდებულ მუკბანინს სცემდნენ სხვა პირები, რომლებიც დღემდე დაუსჯელები არიან. დევაძე ცდილობს იარაღიდან ამოიღოს მჭიდი და განაიარაღოს, მაგრამ ხდება გასროლა და მუკბანიანს ხვდება ლოყის არეში ტყვია იმ დროს, როცა წამოდგომას აპირებდა.“

რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში დააკავეს, როცა სარფის საბაჟო პუნქტის გავლით საქართველოდან თურქეთში წასვლას აპირებდა.

როგორც ირკვევა, რამაზ დევაძეს სამართალდამცავებთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა. თარაშ მუკბანიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს სხვა პირებთან ერთად პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

მსჯავრდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე კიდევ ერთ შემთხვევაზე გვიყვება: „რამაზ დევაძეს დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, სუფრაზე კონფლიქტი მოუვიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილ უფროსთან, თამაზაშვილთან. იმის გამო, რომ თამაზაშვილმა შეაგინა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ჭიკაიძეს. ჭიკაიძეც მოჭიდავეა და დევაძის თანაგუნდელია. დევაძემ შენიშვნა მისცა, რატომ აგინებო, თამაზაშვილმა კი საერთოდ, მოჭიდავეებს შეაგინა. ამაზე შელაპარაკება მოუვიდათ და გააშველეს. როგორც ჩანს, თამაზაშვილმა ეს უთანხმოება გულში ჩაიდო და როცა მომენტი ნახა, მუკბანიანის ოჯახი დაარწმუნა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა.“

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ დევაძე მოჭიდავეა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასჯელი უკვე მოიხადა, რადგან ბათუმის ღამის კლუბში 2014 წლის დეკემბერში მომხდარი შემთხვევა გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო.

თარაშ მუკბანიანს დედა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გარდაეცვალა. მამა შვილის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. თარაშ მუკბანიანის დეიდა ნინო ოდიშარია ამბობს, რომ რამაზ დევაძემ არა მხოლოდ მისი დისშვილის, არამედ სიძის სიცოცხლეც შეიწირა, რადგან მამამ შვილის სიკვდილს ვერ გაუძლო. ნინო ოდიშარია კატეგორიულად არ ეთანხმება ვერსიას, რომ რამაზ დევაძეს თარაშ მუკბანიანი განზრახ არ მოუკლავს.

მოკლული პოლიციელის დეიდა იმასაც ამბობს, რომ რამაზ დევაძეს მისი მეგობრის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გარდა, „კრიმინალებიც მფარველობენ.“

29 აგვისტოს, ნინო ოდიშარიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 30 აგვისტოს აპირებს მიმართვა გაუგზავნოს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტთან კი, მხოლოდ კითხვები აქვს: „სალომე ზურაბიშვილს და ვინც დევაძის საბუთები შეკრიბა და ხელი მოაწერინა, აი, ამ ადამიანებს მინდა ვკითხო - რა მოტივი ჰქონდათ, რის საფუძველზე გაათავისუფლეს თარაშ მუკბანიანის მკვლელი? რა დაიმსახურა ამდენი რამაზ დევაძემ სახელმწიფოსგან? ან სალომე ზურაბიშვილს რა გაუკეთა ისეთი? საქართველოს ემსახურება სახელმწიფო, თუ კრიმინალურ დაჯგუფებას? ამაზე მინდა გამცეს პასუხი ქალბატონმა ზურაბიშვილმა, რომელიც ქართველი ხალხის და საქართველოს პრეზიდენტად მოიაზრებს თავს.“

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე ამბობს, რომ დევაძე მოჭიდავეა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასჯელი უკვე მოიხადა, რადგან ბათუმის ღამის კლუბში 2014 წლის დეკემბერში მომხდარი შემთხვევა გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო, რომელიც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. რაც შეეხება სასამართლოს პოზიციას, რომ რამაზ დევაძემ განზრახ მკვლელობა ჩაიდინა და 12 წლიანი სასჯელი უნდა მოეხადა, დავით ჯაფარიძის შეფასებით, ეს არასამართლიანი განაჩენი იყო და სტრასბურგის სასამართლოსაც კი მიმართეს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

XS
SM
MD
LG