ბოლო დროს მეტ-ნაკლებად ჩრდილში მყოფი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, 17 თებერვალს ყურადღების ცენტრში ფეისბუკის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ერთი პოსტის გამო აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აკადემიამ დაბადების დღე ჯერ მიულოცა, შემდეგ კი ეს მილოცვა წაშალა. წაშლის მიზეზად კომენტარებში იუბილარის მისამართით გამოთქმული უხამსი სიტყვები და უწმაწური გინება დაასახელეს.
„უამრავი გინება იყო. 200 კომენტარი იყო უკანასკნელი დედის გინებით. მილოცვა წავშალეთ, აბა, რა გვექნა?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა
მილოცვის ტექსტში წაშლამდე ეწერა, რომ ბიძინა ივანიშვილს, "თავადაც მეცნიერს" მარადიული მადლიერება აქვს დათესილი ქართულ აკადემიებში.
მეცნიერებათა აკადემიის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მეცნიერებასთან ნაკლებად დაკავშირებული სხვა ტექსტებიც იძებნება, მაგალითად, საპატრიარქოსა და მედიის თემებზე. მეუფე პეტრეს ცნობილი განცხადების შემდეგ, როცა მან საქართველოს პატრიარქი “პიდარასტიის ცოდვაში” დაადანაშაულა, მეცნიერებათა აკადემიამ ილია მეორეს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
მეცნიერებათა აკადემიამ განცხადება მიუძღვნა მაშინდელი “რუსთავი 2”-ის წამყვან, გიორგი გაბუნიას მონოლოგსაც, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აგინა და ეს ქმედება “უხამსობად და ავყიაობად” შეაფასა.
დავინტერესდით და ღია წყაროებით მოვიძიეთ პასუხები კითხვებზე:
- რითი არის დაკავებული აკადემია დღეს?
- როგორ იმართება? რა უჯდება სახელმწიფოს მისი ფუნქციონირება?
- რა შედეგი გამოიღო 2005 წელს აკადემიის რეფორმამ?
1941 წელს დაარსებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემია საკუთარ თავს შინაარსითა და ფუნქციით იყალთოსა და გელათის აკადემიების სამართალმემკვიდრედ მიიჩნევს. კანონის თანახმად, აკადემიის მიზანი საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობაა, მსოფლიო მეცნიერების მიღწევათა შესაბამისად.
მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო დაფინანსება წლიდან წლამდე მზარდია და 2020 წლის ბიუჯეტში ამ ორგანიზაციისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ამ თანხიდან მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი 167 თანამშრომლის ხელფასს ხმარდება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ბეჭდურ მასალებს პერიოდულად საქართველოს რესპუბლიკაში აქვეყნებს; 2011 წლიდან ამ დრომდე ამ სერვისისთვის 50 000 ლარზე მეტი აქვს გადახდილი.
მეცნიერებათა აკადემია სამი ტიპის წევრებისგან შედგება: აკადემიკოსებისგან, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატებისგან. აკადემიკოსებს და წევრ-კორესპონდენტებს ხელფასს სახელმწიფო მთელი სიცოცხლის განმავლობაში უხდის. კანონით დადგენილია, რომ აკადემიას არ შეიძლება ჰყავდეს 70-ზე მეტი აკადემიკოსი და 40-ზე მეტი არ უნდა იყოს წევრ-კორესპონდენტებისა დაა სტიპენდიატების საერთო რაოდენობა.
აკადემიის ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიკოს-მდივანი, შესაბამისად, ამ თანამდებობებს იკავებენ გიორგი კვესიტაძე, როინ მეტრეველი და რამაზ ხუროძე.
- გიორგი კვესიტაძე ბიოლოგია. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას 2013 წლის 19 ივნისიდან იკავებს. 1992-94 წლებში გიორგი კვესიტაძე სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი იყო. 2014 წელს ის ამბობდა, რომ დადგა დრო, როცა მეცნიერებას ხელისუფლებისგან სერიოზული ყურადღება ექცევა.
პრეზიდენტი აკადემიაში მოქმედ ბევრ კომისიას შორის განსაკუთრებულად აფასებს ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობას. “თითქმის ყველა მეზობელი გვედავება ტერიტორიას, ძველ ქალაქს, ენას, ეკლესიებს, მაშინ როდესაც, პირიქით, იქით უნდა ვედავებოდეთ ჩვენ”, - ამბობდა აკადემიის პრეზიდენტი 2015 წელს და მიაჩნია, რომ სწორედ ამ კომისიამ “დასაბუთებული მეცნიერებით” უნდა დაიცვას ეროვნული ინტერესები.
- როინ მეტრეველი ისტორიკოსია. 1990-91 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, 1991-2004 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1960-1972 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ, პარტიულ და კომკავშირულ სამუშაოზე. აკადემიკოსის სტატუსს 1993 წლიდან ატარებს.
როინ მეტრეველს დაწერილი აქვს წიგნები: „პატრიარქი ერის სულიერი მამა“, „მშვიდობით XX, გამარჯობა XXI“ , “შინაკლასობრივი ბრძოლა შუა საუკუნეების საქართველოში”, “გლობალიზაციის პერსპექტივა და ისტორიოგრაფიის პრობლემები.”
2017 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ კონფერენციაში - „რუსეთი მსოფლიოში. საზღვარგარეთის რუსისტიკა: თანამედროვე ტენდენციები“. მისი მოხსენების თემა იყო საქართველოში ისტორიული რუსისტიკა.
2019 წელს როინ მეტრეველის 80 წლის იუბილე ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელზეც ამავდროულად მისი ბოლო წიგნის, “წარსულის გახსენების” პრეზენტაციაც იყო.
- რამაზ ხუროძე ინჟინერია. 1982-1989 წლებში აკადემიის აკადემიკოს-მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი იყო, 1986-1987 წლებში - საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მეცნიერებისა და სასწავლებლების განყოფილების გამგე, 1987-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილედ, 1993-2006 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობისას "საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით რამაზ ხუროძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრა დააარსა". 2002 წლის შემოდგომაზე რექტორმა უნივერსიტეტში დაარსებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად ადმინისტრაციულ კორპუსში გახსნა წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო;
2019 წელს მისი ინიციატივით მეცნიერებათა აკადემიაში პატრიარქის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობის დაცვას და პატრიარქის გვერდით დგომას.
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს შორის არიან ზურაბ წერეთელი, რისმაგ გორდეზიანი, დავით ლორთქიფანიძე, ვლადიმერ პაპავა, რამაზ ხეცურიანი, ელიზბარ ჯაველიძე, ჯონი ხეცურიანი, ელგუჯა ხინთიბიძე, მზექალა შანიძე.
რაზე მსჯელობს და მუშაობს აკადემია?
მეცნიერებათა აკადემიაში მოქმედებს 12 დარგობრივი კომისია. აი, რამდენიმე ამბავი ბოლო წლებში აკადემიის საქმიანობიდან:
2020 წლის 28 იანვარს მსჯელობდნენ იმაზე, როგორ ძლიერდება საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების ტენდენციური გაშუქება უცხოეთში. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა თქვა, რომ საჭიროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევას სათანადოდ გაეცეს არგუმენტირებული პასუხი როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოს საისტორიო საზოგადოება როინ მეტრეველს დაეთანხმა და შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით საჭიროა დამატებითი ღონისძიებების გატარება და ფინანსების მოზიდვა. აღინიშნა ისიც, რომ ამ საქმეში მეცნიერებათა აკადემიას სამთავრობო უწყებებმა უნდა გაუწიონ დახმარება.
2019 წლის 9 დეკემბერს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე შეთანხმდნენ იმაზე, რომ თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის მთავარი შენობის ძირითადი, კოშკიანი ნაწილი გასამაგრებელია და დასასახია მთლიანად ნაგებობის სარესტავრაციო გეგმაც.
2019 წლის მაისში ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომა ეროვნულ, ხუთჯვრიან დროშას განიხილავდა. მომხსენებელი, ნინო ჯაველიძე ამტკიცებდა, რომ ხუთჯვრიანი დროშა არ უნდა იყოს სახელმწიფოს სიმბოლო და ეს დროშა 2004 წელს საქართველოს პარლამენტმა კანონდარღვევით დაამტკიცა.
2019 წლის გაზაფხულზე აკადემიამ გამოსცა კრებული “გონიერ ქალთა სამყარო”, რომელსაც წანამძღვრად აქვს ფრაზა – „იქ, სადაც ქალს სცემენ თაყვანს, ღმერთები ცხოვრობენ“. წიგნი ქალ მეცნიერებს ეძღვნება.
უფრო ადრე, 2018 წელს აკადემია მარიხუანის “აღვირახსნილი ლიბერალიზაციის” თემაზე მსჯელობდა ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომაზე: „ლიბერალების „თეთრი ხმაური“ და საზოგადოების შავი პიარი". ამ კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძეა, ანტიდასავლური განცხადებებითა და სიძულვილის ენით გამორჩეული ფილოლოგი, ავტორი წიგნებისა: “ავაჰმე, ჩემო მამულო!” და “საქართველოში უზნეობის სუფევს თარეში.”
2018 წელსვე მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც”დამოუკიდებლობის ერა” ჰქვია.
2016 წელს კი ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ წაიკითხა მოხსენება სათაურით “ამის თქმის ყველას ეშინია.”
რა შეცვალა 15 წლის წინანდელმა რეფორმამ აკადემიაში?
2005 წელს მეცნიერებათა აკადემიაში რეფორმა ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეცნიერებათა აკადემიის სისტემიდან, 70-მდე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები გამოიყვანეს, ჯერ განათლების სამინისტროს დაუქვემდებარეს, შემდეგ კი უნივერსიტეტებს შეუერთეს.
ამ რეფორმას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია, ჰყავდა მოწინააღმდეგეები, მაგალითად აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, რომელიც თვლიდა, რომ ეს ცვლილებები “საქართველოში მეცნიერებას დაასამარებდა” და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც მაშინ ხელისუფლებას მოუწოდა, სიფრთხილით მოჰკიდებოდა ამ საკითხს.
რეფორმას წინ უძღოდა ხელისუფლების საუბრები იმაზე, რომ სისტემა კორუმპირებული იყო და მაშინდელი მეცნიერებათა აკადემია საბჭოთა გადმონაშთს წარმოადგენდა. მაშინდელი განათლების მინისტრი, კახა ლომაია იმედოვნებდა, რომ რეფორმის შედეგად “მეცნიერებათა აკადემია უმაღლეს საპატიო სამეცნიერო დაწესებულებად, პრეზიდენტის კოლექტიურ მრჩევლად და საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების კოორდინატორ ორგანოდ იქცეოდა.”
2015 წელს აკადემიის მოქმედი პრეზიდენტი, რეფორმის მიუხედავად, საუბრობდა იმაზე, რომ “მეცნიერებათა აკადემია წარმოადგენს ძველი კომუნისტური წყობის კალკს და მოითხოვს ზოგიერთ საკითხებში რეორგანიზაციას”.
მეცნიერებათა აკადემიის “უწყებანის” 2016 წლის ნომერში ვკითხულობთ: “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დღევანდელი მიმართულება სრულიად შეესაბამება ქვეყნის საჭიროებას. წმინდა მეცნიერული კვლევა-ძიების გვერდით მასში კვლავ გაიღვიძა ეროვნულმა სულმა, რომლის გარეშეც ყველაფერს აზრი ეკარგება.”