Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟირაფები გამოჩნდებიან თბილისში


ჟირაფები
ჟირაფები

თბილისის ზოოპარკში მომავალი წლიდან ჟარაფების ვოლიერის მშენებლობა დაიწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ასრულდება საქართველოში ფაუნის მრავალი თაობის მოყვარულთა ოცნება: ჟირაფების - ამ ფანტასტიკური არსებების - ნახვა შესაძლებელი იქნება საქართველოდან გაუსვლელად!

საქმე ის არის, რომ ორიოდე დღის წინ თბილისს ესტუმრა ზოოპარკების ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი, რომელიც თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციას ახალი ზოოპარკის დაგეგმვაში ეხმარება.

თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა ახალი ზოოპარკის მდებარეობით, მისი ლანდშაფტით, ხედებითა და სივრცით.

„რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? ერიკ ფონ ფლიტის თქმით, ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელისშემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ. ზუსტად ამგვარ ვოლიერებს გვიგეგმავს ბატონი ფლიტი. ამჟამად აფრიკის სავანაზე მუშაობს. ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე აფრიკის ექსპოზიცია დაახლოებით ათ ჰექტარს დაიკავებს. ძველი ზოოპარკი სულ ხუთი ჰექტარია. ახალი ზოოპარკის ერთი ვოლიერი ძველზე ორჯერ დიდი იქნება და ამ სივრცეში ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ყველასთვის სანატრელი ჟირაფები დაიდებენ ბინას“, - ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლება თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ როდის ეყოლება თბილისის ზოოპარკს „სანატრელი ჟირაფები“. საქმე ის არის, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფების არსებობის ფაქტი არ დასტურდება დოკუმენტურად, თუმცა მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჟირაფები სწორედაც რომ თბილისის ზოოპარკში ჰყავთ ნანახი.

ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ჰოლანდიელმა დიზაინერმა ნამდვილად დააპროექტა ჟირაფების ვოლიერი თავისი ზამთრის შენობით, ახლა კი ჯერი მის აშენებაზეა.

ზურაბ გურიელიძე
ზურაბ გურიელიძე

„უნდა დავიწყოთ მშენებლობა. რომ ავაშენებთ, მერე გვეცოდინება, საიდან ჩამოვიყვანთ ჟირაფებს. ალბათ, ევროპის ზოოპარკთა გაერთიანება მოგვცემს. არანაირი პრობლემა არ იქნება, თუმცა ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, ჯერ ვოლიერი უნდა ავაშენოთ. ვაკეთებთ მაქსიმალურად მარტივს და, შესაბამისად, იაფს, რათა ჩვენი სახსრებით შევძლოთ მისი აშენება. რაც შეეხება ვადებს, მომავალი წელი ალბათ სრულად დაგვჭირდება მშენებლობისათვის. დავიწყებთ და ვნახავთ, სადამდე მივალთ. არანაირი კერძო სექტორის დახმარება არ გვაქვს. ბიუჯეტიდან დაფინანსება და პლუს ჩვენი შემოსავლები - ეს უნდა ვიკმაროთ“, - უთხრა ზურაბ გურიელიძემ რადიო თავისუფლებას.

თბილისის ზოოპარკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 3,6 მლნ ლარით ფინანსდება, ამას ემატება დაახლოებით 1 მლნ ლარი ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის სახით.

ზურაბ გურიელიძე იმედოვნებს, რომ თბილისის ზოოპარკი შეძლებს „აფრიკის ექსპოზიციის“ მოწყობას: ჯერ ვოლიერების აშენებას, შემდეგ კი ცხოველების, მათ შორის, ჟირაფების ჩამოყვანას, რაც, თავის მხრივ, საფუძველს გამოაცლის კამათს იმაზე, ჰყავდა თუ არა ოდესმე თბილისის ზოოპარკს ჟირაფები...

რაც შეეხება ჰოლანდიელი დიზაინერის კვალიფიკაციას. ერიკ ფონ ფლიტის მომსახურებით ჰოლანდიის, იტალიის, ბელგიის, უნგრეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო ზოოპარკები სარგებლობენ. ბატონი ფლიტი თბილისის ზოოპარკს ერთხელ უკვე დაეხმარა. პირველად წყალდიდობის შემდეგ ჩამოვიდა და ჰამადრილების, მაკაკების, ვალაბების, ლამებისა და ტაპირის ვოლიერები სწორედ მისი დაგეგმარებულია, ახლა ჰიპოპოტამების, მარტორქების, ანტილოპებისა და ჟირაფების ჯერია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG