Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მსოფლიოს ყველაზე მაგარი დიქტატორი“ - პრეზიდენტი, რომელმაც 75 ათასი კაცი ციხეში გამოკეტა და მაინც უყვართ


42 წლის ნაიიბ ბუკელეს მმართველობისას სალვადორში ახალი ციხე ააშენეს, რომელიც მთავრობის თანახმად, 40 000 პატიმარს იტევს.
42 წლის ნაიიბ ბუკელეს მმართველობისას სალვადორში ახალი ციხე ააშენეს, რომელიც მთავრობის თანახმად, 40 000 პატიმარს იტევს.

თებერვლის დასაწყისში სალვადორის ამომრჩეველთა თითქმის 85%-მა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს მე-2 ვადით არჩევას. ბუკელეს მმართველობისას სალვადორში კრიმინალი მკვეთრად შემცირდა, თუმცა საამისოდ, 75 ათასი ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 1.8% - ციხეში გამოკეტეს. მათ შორის ყველა დამნაშავე არ ყოფილა.

სალვადორი ცენტრალური ამერიკის ქვეყანაა 6.6-მილიონიანი მოსახლეობით. 2019 წლამდე, ლათინური ამერიკის არცერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა მკვლელობები ისეთი ხშირი, როგორიც სალვადორში. არადა, მთელ მსოფლიოში ჩადენილი მკვლელობების მესამედი მოდის ლათინურ ამერიკაზე (მაშინ, როცა ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ზე ოდნავ მეტი). ლათინურ ამერიკაშია მსოფლიოს 50 ყველაზე სახიფათო ქალაქიდან 38.

ხუთი წლის წინ, იმ ფონზე, როცა ბანდებს ვერცერთი მთავრობა ვერ მოერია და ათწლეულები ისე გადიოდა, რომ უკეთესობისკენ არაფერი იცვლებოდა, ქვეყნის პრეზიდენტად დედაქალაქის 37 წლის მერი, ნაიიბ ბუკელე აირჩიეს.

ნაიიბ ბუკელე პალესტინური წარმომავლობის შეძლებულ ოჯახში დაიბადა. სან-სალვადორის ამერიკულ სკოლაში სწავლის შემდეგ, ოჯახურ ბიზნესს - სარეკლამო კომპანიას ჩაუდგა სათავეში.

თავდაპირველად, მისი ოჯახიც და მისი ბიზნესიც, სალვადორის ორი მთავარი პარტიიდან ერთ-ერთთან, სოციალისტურ „განმათავისუფლებელ ფრონტთან“ იყო დაკავშირებული.

2012 და 2015 წლებში სწორედ სოციალისტური პარტიიდან გახდა ჯერ პატარა ქალაქ ნუოვო კუსკატლანის, შემდეგ კი დედაქალაქ სან-სალვადორის მერი.

„განმათავისუფლებელმა ფრონტმა“ ბუკელე თავისი რიგებიდან 2017 წელს გარიცხა, რის შემდეგაც ახალგაზრდა პოლიტიკოსი საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდა ორივე პარტიას, რომელიც სალვადორს წინა ოცი წელი მართავდა.

2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაიიბ ბუკელემ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ჩაშლილი გარიგება ეშმაკთან

როგორც სალვადორული მედია იუწყება, პირველ ეტაპზე, ახლად გაპრეზიდენტებული ბუკელე ბანდებს გაურიგდა - რბილი მოპყრობის სანაცვლოდ, მათგან პირობა მიიღო, რომ ძალადობას მოუკლებდნენ.

თავიდან შეთანხმება ნაყოფიერი გამოდგა - ბუკელეს პრეზიდენტობის პირველ წელს, სალვადორში მკვლელობები 60%-ით შემცირდა.

მაგრამ 2022 წლის მარტში ყველაფერი შეიცვალა.

მას შემდეგ, რაც ბანდებს შორის გაჩაღებულმა ძალადობრივმა დაპირისპირებამ მხოლოდ ერთ დღეში 62 ადამიანი იმსხვერპლა, სალვადორის პარლამენტმა, პრეზიდენტის მოთხოვნით, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

საგანგებო მდგომარეობამ ხელისუფლებას შეუზღუდავი ძალაუფლება მისცა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების დაკავება ორდერის გარეშე დაიწყეს, ხშირად ჯგუფურად.

თანაც, ბანდებთან სავარაუდოდ დაკავშირებული ადამიანების დასაკავებლად პოლიციას ანონიმური ზარებიც ჰყოფნის.

სამართალდამცველებს საქმე იმანაც გაუადვილა, რომ ბანდების წევრები ხშირად ატარებდნენ ხილვად ტატუებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თანახმად, სალვადორის პოლიციისთვის, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ, ადამიანების დასაპატიმრებლად ტატუს აღმოჩენაც საკმარისი იყო.

ეჭვმიტანილებსა და დაკავებულებს თავდაცვის უფლება შეზღუდული აქვთ - მთავრობას შეუძლია, ისინი სასამართლოს გარეშე, განუსაზღვრელი ვადით გამოკეტოს ციხეში.

პოლიციელი სალვადორის ციხეში ბანდების წევრებს მეთვალყურეობს.
პოლიციელი სალვადორის ციხეში ბანდების წევრებს მეთვალყურეობს.

ამისათვის, აუცილებელი სულაც არაა ბანდების წევრობა - სალვადორში გაამკაცრეს კანონი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის შესახებ - გისოსებს მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი, ვინც „მხარს უჭერს, ეხმარება, ხელს უწყობს ან მფარველობს“ ბანდებს.

ფართო ინტერპრეტაციამ სამართალდამცველებს ხელ-ფეხი გაუხსნა - Human Rights Watch-ის ინფორმაციით, რომელიც მთავრობის გაჟონილ მონაცემებს ეყრდნობოდა, სწორედ ამ მიზეზით იჯდა ციხეში საგანგებო მდგომარეობისას იმდროინდელი 61 000 დაპატიმრებულიდან 39 000.

საგანგებო მდგომარეობის შემოღებიდან პირველ ორ თვეში 33 ათასი ადამიანი დააპატიმრეს, დღეისათვის კი, 2022 წლის მარტიდან დაკავებულების რაოდენობა 75 ათასს აღწევს - ეს სალვადორის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 1.8%-ია.

2023 წელს, სანამ ბუკელე მეორედ ეცდებოდა ხალხისგან მანდატის მიღებას, სალვადორში 154 მკვლელობა ჩაიდინეს, ანუ 100 000 ადამიანზე 2,4. ამ მონაცემებით, სალვადორში მკვლელობის მაჩვენებელი იმაზე დაბალია, ვიდრე ჩრდილო და ლათინური ამერიკის ნებისმიერ ქვეყანაში კანადის გარდა.

100 000 ადამიანზე 103 მკვლელობით, 2015 წელს სალვადორს დასავლეთ ნახევარსფეროში მკვლელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, რაც 2018 წელს, ნაიიბ ბუკელეს გაპრეზიდენტებამდე, 52-მდე შემცირდა.

კრიმინალის შემცირებასთან ერთად, მასობრივმა დაპატიმრებამ ბანდები დაასუსტა. ქვედა ეშელონის ცოცხალი ძალის ციხეში გამოკეტვით, მათ ხელიდან გამოეცალათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაშინებისა თუ ფულის გამოძალვის რესურსი, რითაც თავს ინახავდნენ. მედია იუწყება, რომ ბანდების წევრების მესამედზე მეტის გარეთ ყოფნის მიუხედავად, მათი იერარქია ჩამოშლილია.

ბანდებისგან გაიწმინდა უბნები, რომლებსაც კრიმინალები მართავდნენ - საამისოდ მათ ხალხი აღარ ჰყოფნით. სალვადორის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მაშინაც კი, როცა კრიმინალები ციხეს ტოვებენ, მათი გავლენა ბევრად შესუსტებულია.

„ყველაზე მაგარი დიქტატორი მსოფლიოში“

სწორედ ამ ფრაზით აღწერდა ნაიიბ ბუკელე სოციალურ ქსელ X-ზე (წარსულში „ტვიტერი“) საკუთარ თავს, სანამ გადააკეთებდა და თავს „ფილოსოფოს მეფედ“, სოკრატესეული იდეალური პოლიტიკოსის განსხეულებად წარმოადგენდა.

მას X-ზე ამჟამად 5,9 მილიონი გამომწერი ჰყავს - მეტი, ვიდრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ერთად აღებულს.

სალვადორის პრეზიდენტით აღფრთოვანებულნი არიან ამერიკელი მემარჯვენეები - ტელეწამყვან ტაკერ კარლსონიდან სენატორ მარკო რუბიომდე.

ბუნებრივია, კრიმინალთან ბრძოლაში მისი შთამბეჭდავი შედეგი შეუმჩნეველი სალვადორის გარეთ არ რჩებათ, განსაკუთრებით კი, ლათინური ამერიკის რეგიონში, რომელიც ძალადობით გამოირჩევა.

ბუკელესთვის მიბაძვა უკვე სცადა მეზობელი ქვეყნის ლიდერმა - ჰონდურასის პრეზიდენტმა, სიომირა კასტრომ და „ფულის გამოძალვასთან ომის“ საბაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ჩილეში, ტრადიციულად რეგიონის შედარებით სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანაში, ნაიიბ ბუკელე 78%-იანი მოწონების რეიტინგით სარგებლობს.

თუმცა სალვადორის ახალგაზრდა პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ მისი მკაცრი პოლიტიკა იდეალური სულაც არაა.

ის აღიარებს, რომ პოლიციამ კრიმინალებთან ბრძოლისას „რამდენიმე შეცდომა“ დაუშვა. მისივე თქმით, უკვე გაუშვეს 7 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც უმიზეზოდ იყო დაკავებული.

„ნეტავ ბრიტანეთში ვისაც იჭერენ, ყველა დამნაშავეა? ზოგჯერ მაინც არ აპატიმრებს თქვენი პოლიცია უდანაშაულოებს?“ - უთხრა BBC-ს ნაიიბ ბუკელემ.

2020 წლის თებერვალში, როცა სალვადორის პარლამენტს ოპოზიცია აკონტროლებდა, ბუკელემ ერთ-ერთი კენჭისყრისას პარლამენტის შენობასთან ჯარი გააგზავნა, თავად კი იქვე მხარდამჭერები შეკრიბა და მათდამი მიმართვაში მოუწოდა პარლამენტარებს, მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ.

პარლამენტის პრობლემა ბუკელესთვის მალევე მოგვარდა - 2021 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ, „ახალმა იდეებმა“ 2/3-იანი უმრავლესობა მოიპოვა, 2024 წლის 4 თებერვლის არჩევნებში კი პრეზიდენტმა ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა.

ამის შემდეგ სასამართლო ხელისუფლებაც არ დავიწყებია - უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, მისმა პარტიამ გადააყენა გენერალური პროკურორი, რომელიც ბუკელეს პარტიის შესაძლო კორუფციულ მონაწილეობაზე გამოძიებას აწარმოებდა. გენერალურ პროკურორს მალევე მიჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე. ბუნებრივია, ყველანი ბუკელეს ერთგული ხალხით ჩაანაცვლეს.

ამან პრეზიდენტისთვის მალევე გამოიღო შედეგი - სალვადორში აქამდე პრეზიდენტობა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლებოდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებულმა შემადგენლობამ დაადგინა, რომ ნაიიბ ბუკელე მაინც შეძლებდა, კიდევ ერთხელ ეყარა კენჭი. ამისათვის საჭირო გახდა, პრეზიდენტი ექვსი თვით ფორმალურად გადამდგარიყო.

ამასობაში, არსად წასულა შეუზღუდავი ძალაუფლება, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობამ მისცა - პარლამენტმა ის უკვე 23-ჯერ გაახანგრძლივა.

ამდენად, ბუკელეს ძალაუფლებას ვერავინ და ვერაფერი ეღობება წინ - მის ხელშია პარლამენტი და სასამართლო, თანამდებობაზე ყოფნის ვადის შეზღუდვა კი, ფაქტობრივად, გაუქმებულია.

ჯერჯერობით, სალვადორელები ამით უკმაყოფილოები არ ჩანან - პრეზიდენტი სახალხო დაკვეთას ასრულებს. მაგრამ რა მოხდება, თუკი ერთ დღესაც აზრს შეიცვლიან?

XS
SM
MD
LG