ოპოზიციური პარტიები, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, - აცხადებენ, რომ კვირას, 28 აპრილს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო დემონსტრაციას უერთდებიან.
„ვუერთდებით ... დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - აცხადებენ პარტიები.
მოგვიანებით პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ასევე განაცხადა, რომ უერთდება „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ყოველდღიურად იმართება აქციები.
25 აპრილს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“, და კანონის გასაპროტესტებლად საზოგადოება კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათზე მიიწვიეს რესპუბლიკის მოედანზე.
„ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა“, - განაცხადეს მათ.
კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება მეორე მოსმენა.
ორშაბათს, 29 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს.
ოპოზიციური პარტიები ასევე აცხადებენ, რომ ორშაბათს „ქართული ოცნების“ დაგეგმილ შეკრებაზე „საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ“ და ეს შეკრება არის „ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ“.
პარტიების განცხადებით, 29 აპრილს „ოცნების“ დაანონსებული შეკრება ასევე არის „ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები“.
ეს ექვსი პარტია საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს მიმართავს: „კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი - არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
პარტიების განცხადების თანახმადვე, „29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ“.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ემზადებიან „წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, როცა ყველამ ერთად, მტკიცედ უნდა განვაცხადოთ კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას“.
„აგენტების კანონი“, - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, - პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში კი, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.