Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომარ თურმანაული: „ნეტავ, ჩემ თავს არა ვგავდე“


23 მარტს სტრასბურგში ქართველი პოეტი ომარ თურმანაული გარდაიცვალა.

„ნეტავ, ჩემ თავს არა ვგავდე (ჩემი არაფერი მინდა)“... ომარ თურმანაული ფშაველი კაცი იყო. 1959 წლის 25 მაისს სოფელ ხილიანში დაიბადა. „როგორ მჯობნიან ჩემი ლექსები!..“ - დაწერა ერთხელ. დაწერა და გააგრძელა: „ჩემზე სუფთანი არიან და ჩემზე წმინდანნი; ჩემზე დიდნი და ამაღლებულნი; თუ უყვართ, ჩემზე მეტად უყვართ, თუ წუხან, ჩემზე მეტად წუხან“...

ომარ თურმანაული ფართო მასისთვის, შესაძლოა, ცნობილი არ იყოს. ზოგადად, ამ თაობის მწერლები ხალხმა კარგად ჯერ კიდევ ვერ გაიცნო. სულ რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული: „დღე-ღამის დედა“, „ცოდვები და გვირილები“, „ჯარისკაცის ჩანაწერები“... ეს უკანასკნელი აფხაზეთის ომის შემდეგ დაწერა.

ეროვნული პარლამენტის არქივში შენახულია ჩანაწერი, სადაც ამბობს: „აფხაზეთის ომის შემდეგ, სადაც როგორც რიგითი ჯარისკაცი ვიყავი, სამი წელი რუსთაველზე წიგნებს ვყიდიდი. მერ წავედი, ძაღლი სახლში არ უნდა მოკვდესო და, იქნებ, სადმე რამე ვნახო, გადავრჩე-მეთქი...“

ფრანგული ენის სპეციალისტი იყო და ამიტომ სტრასბურგში წავიდა. „ჩვენ ერთი მთვარე აღარა გვაქვს, თურმანაულო“, - დაწერა მაშინ მისმა მეგობარმა პოეტმა ელა გოჩაშვილმა.

„... სტრასბურგის მთვარევ,

შენ მაგისი მთვარე არა ხარ!

ფშავის სოფლიდან თბილისისკენ,

თბილისიდან ფშავის სოფლისკენ,

ნარის ეკლებზე იკაწრავს კანჭებს

მაგისი მთვარე –

რა ხანია, რაც არ უნახავს“. (ელა გოჩიაშვილი)

ომარ თურმანაული
ომარ თურმანაული

სტრასბურგში ლექსებს უკვე ნაკლებად წერდა. სამაგიეროდ, ქართველი ავტორების ნაწარმოებები თარგმნა ფრანგულად. 1998 წელს საფრანგეთში დაიბეჭდა მისი რომანი - „ქვრივი, მერცხალი და ნათელმხილველი“. დროგამოშვებით საქართველოშიც ჩამოდიოდა ხოლმე, მერე ისევ მიდიოდა.

„მაგრამ ხსოვნის ამ ძვირფასი ტვირთით

ვუახლოვდები თანდათან სიკვდილს

და ვფიქრობ შიშით: გამატანს ღმერთი

რაიმეს ჩემი სიკვდილის იქით?“

„80-90-იან წლებში ბევრი წერდა და საკმაოდ ნიჭიერებიც იყვნენ, მაგრამ დრო რომ გადის, თითქოს ძველდება ლექსები, მისი არ დაძველდა.

მასთან ურთიერთობა ყოველთვის დატვირთული იყო. თავის ფიქრებს, განცდებს გიზიარებდა და აგიყოლიებდა ხოლმე. ხშირად წერდა სიკვდილზე, ცოდვაზე“, - ამბობს პოეტი შოთა იათაშვილი.

„ვხვდები, ექიმო, რომ რაღაც სხვაც ვარ

ამ ავადმყოფი სხეულის იქით

და მინდა, ცოტა მაცალოს კიდევ

სიკვდილმა, თუნდაც სიკვდილზე ფიქრით“...

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG