თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ჰაერში აზოტის ორჟანგის შემცველობა დასაშვებ ნორმას 1.3-ჯერ აღემატება. 4 ივლისს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი გაზომა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის ავტომატური სადგურის მეშვეობით. ჰაერში აზოტის ორჟანგის მატება გამონაბოლქვის დიდი კონცენტრაციითაა განპირობებული. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მსგავსი შედეგი ლოგიკურია. ეროვნული სააგენტო დედაქალაქსა და რეგიონებში ჰაერის ხარისხს რამდენიმე თვეა ამოწმებს როგორც მობილური ისე სტაციონალური სადგურების მეშვეობით. მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ყველაზე მეტად ჰაერი წერეთლის გამზირზეა დაბინძურებული.
რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეეხება, ვკითხულობთ, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხი მატულობს. ასევე მატულობს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რიცხვი. მათ შორის, ენდოკრინული, სისხლის მიმოქცევის, რესპირაციული დაავადებები. ამავე ანგარიშის თანახმად, რომელსაც არგუმენტად მოჰყავს, 2016 წლის საერთაშორისო გამოკვლევა (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით კი, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს.