Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშრომელთა მობილიზაცია არის მათი პრობლემების გადაჭრის გასაღები“


„შრომითი უფლებები შუქდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი დაიღუპება და შუქდება მხოლოდ სკანდალისთვის, სერიოზული მსჯელობა-ანალიზის გარეშე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კოტე ერისთავი.

EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი აცხადებს:

“მშრომელები, სამწუხაროდ, არ არიან მობილიზებულები, არ არის ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა მშრომელთა უფლებებს, არ არის მემარცხენე - მშრომელთა ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ორგანიზაცია და ა.შ.. საზოგადოება არ არის მობილიზებული ამ მნიშვნელოვანი, პირველხარისხოვანი საკითხების გარშემო“.

9 სექტემბრის ეთერში კოტე ერისთავმა ილაპარაკა საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ყურადღება გაამახვილა სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობაზე:

„სამთო მოპოვება რაღაცნაირად ჩაითვალა „აუცილებელ შრომად“ ამ კრიზისულ საგანგებო ვითარებაში, ანუ შრომად, რომელიც აუცილებელია საზოგადოების კვლავწარმოებისთვის და კეთილდღეობისთვის. საჯაროდ ითქმებოდა ხოლმე, რომ მაგალითად, ჭიათურაში და ტყიბულში დასაქმებული და სხვა სექტორებში დასაქმებული ადამიანების შრომა, რომლებიც აგრძელებდნენ მუშაობას პანდემიის დროს, ეს არის შრომა, რომელიც აუცილებელია, რომ გადარჩეს საქართველოს ეკონომიკა, ექსპორტი და ა.შ.. გვეუბნებოდნენ, რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას საზოგადოებისთვის და ამავე დროს, სამწუხაროდ, მათი მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი იყო პრობლემა.

ერთი მხრივ, ვაქებდით მათ სახელმწიფო და საზოგადოება და მეორე მხრივ, არ ვაძლევდით ღირსეული შრომისა და ღირსეული სიცოცხლის ელემენტარულ შესაძლებლობას.

ტყიბულის შემთხვევა იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი, როცა არათუ კოვიდთან დაკავშირებული საფრთხეები იყო პირველხასირხოვანი პრობლემა და შიში ტყიბულელი მეშახტეების, არამედ ძალიან ბაზისური თემები, როგორებიცაა ელემენტარული შრომის უსაფრთხოების ზოგადი წესები: შახტებში ადამიანებს უწევდათ გადაადგილება სავენტილაციო გვირაბით. მათ CO-თი და მხუთავი აირებით გაგუდვა უფრო ემუქრებოდათ ყოველდღიურად, ვიდრე კოვიდით დაინფიცირება, თუმცა ესეც რისკი იყო და რისკად რჩება დღეს, რადგან დისტანცირების დაცვა შახტებში და მაღაროებში ხშირ შემთხვევაში რთულია და ვირუსის გავრცელების საფრთხე მაღალია.

ზოგადად, შრომის უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კვლავაც საგანგაშოა. 2018 წლიდან გვაქვს რეალური შრომის ინსპექცია, რომელსაც აქვს სანქცირების უფლება - შეუძლია დააჯარიმოს ან შეაჩეროს საწარმო, ორგანიზაცია, რომელიც არღვევს უსაფრთხოების წესებს. ინსპექცია გაუქმდა 2006 წელს და პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა ამ ინსტიტუტის გაძლიერებაში დაგვეხარჯა, ფაქტობრივად დაიკარგა.

ინსპექცია, არსებული რესურსების გათვალისწინებით, საკმაოდ აქტიურად მუშაობდა კოვიდამდე. ასობით საწარმო დააჯარიმა, შეაჩერა წესების დარღვევის გამო, განსაკუთრებით - სამშენებლო სექტორში. დიდი ალბათობით, სწორედ ამ აქტიურობამ განაპირობა ის, რომ 2019 წელს წინა წელთან შედარებით დაშავებულების და გარდაცვლილების რაოდენობა შემცირდა. ეს არ იყო რადიკალური კლება და ბოლო შემთხვევებმაც დაგვანახა - იმავე აფეთქებულმა გაზის ბალონმა ქალაქის ცენტრში თუ ჭიათურის შემთხვევამ და სხვა ადგილებში ადამიანების გარდაცვალების და დაშავების ფაქტებმა, რომ სიტუაცია მძიმე რჩება, მაგრამ ეს პრობლემა გადაჭრადია სახელმწიფოსთვის. ამ პრობლემის გადაჭრა გახდება პრიორიტეტი და ინსპექციას მიეცემა შესაბამისი რესურსი, თუმცა ამისთვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი კიდევ. ინსპექციის პროაქტიულობა არის საჭირო, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების დაცვის სისტემა დაინგრა თავის დროზე“.

კოტე ერისთავი თვლის, რომ შრომის ინსპექციის პროაქტიულობა არის უმთავრესი დამსაქმებლებას და დასაქმებულებში შრომის უსაფრთხოების კულტურის გამოსამუშავებლად:

„პრევენციისთვის ერთ-ერთი მთავარი ამბავია, რომ ინსპექციას ჰქონდეს დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში საწარმოში შესვლის უფლება და აქტიურად აკეთებდეს ამას, რომ დამსაქმებელმა გამოიმუშაოს ვალდებულების გრძნობა დაიცვას წესები. ამით ხელი შეეწყობა უსაფრთხოების კულტურის დანერგვას მათ შორის დასაქმებულებშიც. პირველ რიგში ეს დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა, მაგრამ დასაქმებულებმაც უნდა გაითავისონ წესების დაცვის საჭიროება.

ეს ძალიან კომპლექსური თემაა. შემოდის უსაფრთხოების სპეციალისტების როლიც, რომელთა ყოლაც უკვე კანონით ევალებათ საწარმოებს და ბევრ უნივერსტიტეტში ისწავლება კიდეც. ცალკე თემაა ვინ, რას და როგორ ასწავლის. ვერ ვიტყვი, რომ ეს ტემპი დამაკმაყოფილებელია“.

„დილის საუბრების“ სტუმრის თქმით, კოვიდ-პანდემიის კონტექსტში შრომის ინსპექციის ტვირთი გაიზარდა, რადგან ამ კონკრეტულ პერიოდში მას ევალება ათასობით დაწესებულების შემოწმება კორონავირუსის პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციების შესრულებაზე:

„კოვიდის დროს ახალი გამოწვევების წინაშე დადგა თავად ინსპექცია და მნიშვნელოვანწილად შეფერხდა მისი მუშაობა საწარმოო შემთხვევების პრევენციის მიმართულებით. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ მთელმა საზოგადოებამ დაინახა შრომის ინსპექციის მნიშვნელობა - პანდემიის პირობებში აღმოჩნდა, რომ ინსპექცია არის საკვანძო ინსტიტუტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაცვისთვის, მეორე მხრივ ინსპექციას კიდევ უფრო ნაკლები რესურსი აქვს დღეს იმისთვის, რომ ძირითად მიმართულებებზე იმუშაოს“.

კოტე ერისთავის თქმით, შრომის ინსპექციის შტატი გაიზარდა და უახლოეს კვირებში ინსპექტორების რაოდენობა 100-მდე უნდა შეივსოს. EMC-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ, როცა ინვესტორებს ეხება საქმე, დასაქმებულების უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის საკითხში სახელმწიფოს გამბედაობა აკლია. კოტე ერისთავს ისევ სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის მაგალითი მოჰყავს:

„ეს არის ადგილები, სადაც ერთ წარმოებაზე არის მიბმული მთელი ქალაქების და რეგიონის კეთილდღეობა და სახელმწიფო რეალურად არ ზრუნავს იმაზე, რომ მოხდეს დივერსიფიკაცია იქ არსებული დასაქმების ბაზრის, რომელიც არ იქნება დაკავშირებული იქ არსებულ ამ წამყვან ინდუსტრიებთან. ეს ერთიორად ასუსტებს მშრომელების მოლაპარაკებით ძალას. მეორე მხრივ, სახელმწიფოც ვერ დგამს ნაბიჯებს, რადგან ძალიან უფრთხის ამ ე.წ. ინვესტორებს. სახელმწიფოც რაღაც ტიპის ტყვე არის, რადგან ეშინია ამ საწარმოს შეფერხებით შეიძლება სოციალური კატასტროფა არ გამოიწვიოს იმ ქალაქსა და რეგიონში.

ეკონომიკას როცა ეხება საქმე, გამბედაობა აკლია ხოლმე სახელმწიფოს. ინვესტორების დაკარგვის და უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებიდან გამოგზავნილი წერილების შიში აქვს.

ეს ყველაფერი ქმნის ვითარებას, როცა ტყიბულში უსაფრთხოების ელემენტარული ზომები არ არის განხორციელებული“.

2018 წელს ტყიბულის შახტში 3 თვის განმავლობაში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. საწარმოში არსებული მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა გერმანულმა კომპანიამ შესაბამისი დასკვნა რამდენიმე თვეში მოამზადა, უსაფრთხოების მექანიზმებიც გაწერა, თუმცა, ვითარება კვლავაც მძიმეა. ტყიბულში დასაქმებულები კვლავ არაადამიანურ პირობებში აგრძელებენ მუშაობას. კოტე ერისთავი ყვება:

„ბოლო დროს სამჯერ გამოვიდნენ ტყიბულელი მეშახტეები და ითხოვდნენ იმას, რომ იქ, სადაც არ შეიძლება ადამიანების გავლა, მათ ნახევარი საათი უწევდათ იმ გვირაბში სიარული და ყოველწუთიერად ელოდნენ ამ CO-თი მოწამვლას. 5 მათგანი მოიწამლა კიდეც და სასწაულებრივად გადარჩნენ. ითხოვდნენ, რომ ეს არ დაევალებინა ხელმძღვანელობას, რასაც ვერ მიაღწიეს და სამივეჯერ მოუწიათ ჩაბრუნება იქ. წარმოუდგენელია გავიხსენოთ ასეთი პრეცედენტი სადმე, როცა კონკრეტული მოთხოვნით მთელი საწარმო უარს ამბობს სამუშაოს შესრულებაზე და სამ დღეში უწევთ უკან ჩაბრუნება. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად უალტერნატივოდაა ეს ხალხი და მობილიზების სერიოზული პრობლემები გვაქვს“.

კოტე ერისთავი „დილის საუბრებში“ შეეხო დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომლის განხილვა უახლოეს მომავალში იგეგმება:

„სავარაუდოდ, მომავალ კვირაში პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტების პაკეტს, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ითვალისწინებს და გააუმჯობესებს დასაქმებულების მდგომარეობას.

ყველაზე ღირებული, რაც ამ პაკეტშია, არის ის, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის გარკვეული ცვლილებები შედის და იზრდება მისი მანდატი, უფლებამოსილება. თუ დღეს ინსპექტორს რეალურად სრულყოფილი მონიტორინგი მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შეუძლია, სანქცირების უფლება მხოლოდ ამ კუთხით აქვს, ცვლილებების მიღებით პარლამენტი გაზრდის უფლებამოსილებას და გაავრცელებს ინსპექციის მანდატს შრომითი ურთიერთობის ყველა ასპექტზე და არა მარტო უსაფრთხოებაზე - იქნება ეს სამუშაო დრო, შვებულება, დისკრიმინაცია და ა.შ.“.

„დილის საუბრების“ სტუმარი შენიშნავს, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოება მცდარა განიხილება შრომის სხვა უფლებებისგან იზოლირებულად:

„როცა შრომის უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, ეხება შრომის უსაფრთხოების ძალიან ვიწრო გაგებას, რაც ჩვენთან არის დამკვიდრებული და იშვიათად თუ ნახავთ გამონაკლის ქვეყანას, სადაც შრომის უსაფრთხოება სხვა შრომითი უფლებებისგან არის განცალკევებული.

მაგალითად, რომ ავიღოთ სამუშაო დრო. რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი მაღაროში ან შახტში 12-საათიან ცვლაში მუშაობს სრულყოფილი შესვენების გარეშე, ცხადია, რომ ეს ადამიანი ბევრად უფრო მიდრეკილი იქნება საწარმოო შემთხვევებისკენ, მსგავსად სხვა დასაქმებულისა, რომელიც 12-საათიან ცვლაში მუშაობს და დაჯდომის უფლებას არ აძლევენ. ეს ბევრ სუპერმარკეტში ხდება, იმდენი საქმე აქვთ ხოლმე დავალებული, ჩამოჯდომის დრო არ რჩებათ. ამას კიდევ პროფესიუული დაავადებების სისტემის არარსებობის პრობლემამდეც მივყავართ. შრომის უსაფრთხოების განცალკევება შრომის უფლებებისგან ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასა და ჩვენს ვალდებულებებს ევროკავშირთან“.

XS
SM
MD
LG