Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკერძოება, შეურაცხყოფა და პოლარიზაცია მედიაში: არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგი


რუსთავი 2 სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ; იმედი, ობიექტივი და საზოგადოებრივი მაუწყებლი გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ - ასე გადანაწილდა ტელემაუწყებლების დამოკიდებულება საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ. მიკერძოება გაცილებით ცალსახად გამოიკვეთა მეორე ტურის წინ. "ტელევიზიები აჩვენებდნენ, რატომ არ უნდა აერჩია მოსახლეობას მათთვის არასასურველი კანდიდატი". ეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტირინგის ანგარიშის ერთ-ერთი ძირითადი დასკვნაა, რომელიც UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ძირითადი ტენდენციები

ანგარიშში მოხვდა იმედის გადაწყვეტილება გადასულიყო მაუწყებლობის "საგანგებო რეჟიმსა" და ნაციონალური მოძრაობის გამძაფრებულ კრიტიკაზე. ასევე, რუსთავი 2-ის მიერ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების განსაკუთრებული კრიტიკა.

"ორივე არხმა დაივიწყა ეთიკური პრინციპების უმრავლესობა და ჟურნალისტიკა მეტწილად პროპაგანდით ჩაანაცვლა. ჟურნალისტები ღიად, საკუთარი მიკერძოებული ტექსტებით, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი ციტატებით აკრიტიკებდნენ მიზანში ამოღებულ სუბიექტებს."

მონიტორინგის თანახმად, პირველი ტურის შემდეგ მკვეთრად გააქტიურდა ობიექტივი, რომლის ძირითადი გზავნილი იყო: "არა სააკაშვილი‐ბოკერიას დამნაშავე რეჟიმს!".

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მეორე ტურის წინა პერიოდში მოიმატა არაეთიკური, უცენზურო, შეუსაბამო გამონათქვამების ტირაჟირებამ და ამ კუთხითაც რუსთავი 2, იმედი და ობიექტივი გამოირჩეოდნენ.

სატელევიზიო თოქშოუები

რუსთავი 2-ზე ძირითადად განიხილავდნენ იმას, თუ რატომ იქნებოდა ცუდი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას "ნაციონალური მოძრაობის", როგორც მოძალადე ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობად წარმოაჩენდნენ.

მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, გადაცემა "კვირის აქცენტებში" სალომე ზურაბიშვილი წარმოჩენილი იყო, როგორც "მოღალატე". წამყვანები აკრიტიკებენ მის მხარდამჭერებსაც - ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები, უცენზურო გამონათქვამები. არხის დირექტორმა ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის პირად ურთიერთობებზეც:

"საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში მიუღებელია კანდიდატების ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვება, რაც მხოლოდ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს, იწვევს სპეკულაციებს."

ანგარიშში მოხვდა გადაცემა P.S‐ის 18 ნოემბრის გამოშვებაც, სადაც რედაქციამ გრაფიკული ვიზუალიზაციის ხერხი გამოიყენა. წამყვანის ნაცვლად აუდიტორიას "ქართული ოცნების" ხელისუფლების წევრები ესაუბრებოდნენ, რომელთა თავებიც სალომე ზურაბიშვილის ტანზე იყო "მიბმული". მედიამონიტორინგის ექსპერტებმა ეს სარეადქციო გადაწვეტილება სტანდარტების დარღვევად შეაფასეს.

რუსთავი 2-სგან რადიკალურად განსხვავდებოდა იმედის გადაცემები, სადაც ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებით ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმი დაბრუნდებოდა. საგანგებო რეჟიმის პერიოდშიშექმნილ გადაცემაში "იმედი -Live" იყო მანიპულაციაც - 7 ნოემბერს დარბეული აქციის გამოსახულებასთან ერთად, გადიოდა მჩქეფარე სისხლის კადრები საშინელებათა ფილმიდან.

ანგარიშის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების საფრთხეზე საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელზეც, რომლის სამაუწყებლო ბადეშიც 5 ნოემბრიდან გამოჩნდა ტოქშოუს ფორმატის ახალი გადაცემა "არჩევნები 2018".

"გადაცემა უმეტესად ხელისუფლების ნარატივს ატარებდა. მაგალითად, არ ინტერესდებოდნენ მმართველი პარტიის შეცდომებით… ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრობლემებსაც წამყვანები სტუმართან 9-წლიანი მმართველობის ჭრილში განიხილავდნენ."

ახალი ამბები

კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატებს მეორე ტურის წინ უფრო მეტად აშუქებდნენ, ვიდრე პირველ ტურში. სალომე ზურაბიშვილს კი მედიამ ჯამში უფრო მეტი დრო დაუთხმო, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს.​

სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟით რუსთავი 2‐მა გააშუქა, თუმცა დროის უდიდესი წილი მის კრიტიკას დაეთმო. გრიგოლ ვაშაძესაც ყველაზე მეტი დრო რუსთავი 2‐მა დაუთმო და სწორედ აქ ჰქონდა ვაშაძეს ყველაზე პოზიტიური გაშუქება. ყველაზე უარყოფითად ოპოზიციური კანდიდატი ობიექტივმა გააშუქა. ჯამში, ყველა არხის მონაცემებით, მეორე ტურის წინა პერიოდში გრიგოლ ვაშაძე უფრო უარყოფითად შუქდებოდა, ვიდრე მისი ოპონენტი:

“სალომე ზურაბიშვილს მკვეთრად უარყოფითად აშუქებდა მხოლოდ რუსთავი 2, დანარჩენ არხებზე მას ძირითად ნეიტრალური გაშუქება ჰქონდა. გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე დადებითად რუსთავი 2 აშუქებდა. ვაშაძის შემთხვევაში ყველა არხზე, გარდა რუსთავი 2‐ისა, პოზიტიურ გაშუქებას უარყოფითი გაშუქება სჭარბობდა.”​​

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

მედიამონიტორიგნის შედეგების მიხედვით, პირველი არხი გამოირჩევა ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით, ხოლო მეორე ტურის წინ ეს ტენდეცია უფრო შესამჩნევი გახდა - მოიმატასიუჟეტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე, იმდროინდელი მაღალჩინოსნების დანაშაულებებზე.

კვლევის თანახმად, შემცირდა ისეთი თემებზე მსჯელობა, სადაც დღევანდელი ხელისუფლება უარყოფითად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო:

“მოამბეში ამბების თანმიმდევრობაც ხშირად ამ პოლიტიკის დამადასტურებელი იყო. ზოგჯერ ხელისუფლებისთვის მწვავე თემები გამოშვების მეორე ნაწილში შუქდებოდა, ამასთან, ნაკლებ კრიტიკული აქცენტებით. ამის ფონზე, გამხსნელ სიუჟეტებად გვხვდებოდა წინა ხელისუფლების მამხილებელი სიუჟეტები და „ქართული ოცნების“ მიერ მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სიკეთეები: კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა, ბავშვებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა, საბანკო შეღავათები და ა.შ.”

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველი არხი, ხელისუფლების მსგავსად, გამოირჩეოდა არასამთავრობო სექტორის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების ტირაჟირებით.ამ შინაარსის სიუჟეტებში უმეტესად ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებები ისმოდა.

“პირველი არხი განსაკუთრებული ინტენსივობით აშუქებდა ყველა იმ მოძრაობას, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წამოიწყეს: აქციები შინაარსით „არა ნაცებს!“ მოამბეში პერმანენტულად და ზოგჯერ დაუბალანსებლად შუქდებოდა.”

TV პირველი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

კვლევის მიხედვით, ამ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა „ტვ პირველი“ და აჭარის ტელევიზია. „ტვ პირველმა“ და აჭარის ტელევიზიმ მოახერხა თანაბარ პირობებში ჩაეყენებინა სხვადასხვა, ხშირად რადიკალურადდაპირიპისპირებული პოლიტიკური პარტიები და მათი მომხრეები. - აღნიშნულია ანგარიშში.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG