Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: „მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს“


მზია ამაღლობელი 12 იანვარს გვიან ღამით ორჯერ დააკავეს.
მზია ამაღლობელი 12 იანვარს გვიან ღამით ორჯერ დააკავეს.

"ბათუმელების" დამფუძნებელი და რედაქტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული.

11 იანვარს, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებული მედიამენეჯერი მზია ამაღლობელის ადვოკატი, საიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ წულუკიძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი ბათუმის იზოლატორშია გადაყვანილი და ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებას იყენებს. სავარაუდოდო ბრალის წარდგენა 13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოხდება.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს გვიან ღამით ორჯერ დააკავეს - თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, მას ედავებოდნენ 173 ე მუხლს. რამდენიმე წუთში მედიამენეჯერი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა იმავე საღამოს პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს, მას ედავებიან 353-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობას:

„ეს ინფორმაცია გამომძიებელმა გაგვაცნო. ველოდებით ბრალის წარდგენას. ასევე საქმის მასალებს. გუშინ ქაოსური სიტუაცია შეიქმნა სამმართველოსთან, რა დროსაც დააკავეს მზია ამაღლობელი. ადვოკატები ვცდილობდით, გაგვეგო რის საფუძველზე დააკავეს, თუმცა შემდეგ 3 საათის განმავლობაში არ გვქონდა შესვლის საშუალება დაკავებულთან და სამმართველოსთან ველოდით.“

ადვოკატი ამბობს, რომ კადრებთან და საქმის მასალებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ახლა ვერ გაასაჯაროებს, რადგან დაკავებული მედიამენეჯერი დუმილის უფლებას იყენებს. გარდა ამისა დაცვის მხარეს ჯერ არ გადასცემია საქმეში არსებული მასალები:

„ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ დადგა იმის აუცილებლობა, რომ მას ექსპერტიზა ჩატარდებოდა, რაც გაკეთდა კიდეც. მასთან სახალხო დამცველიც იყო შესული. ახლა ველოდებით ბრალის წარდგენას, რის შემდეგაც უფრო მეტი გვეცოდინება, რაზე მიუთითებს ბრალდების მხარე“

საიას ბათუმის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის თქმით, მზია ამაღლობელის დაკავება რეპრესიული დამოკიდებულების გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება, დემონსტრანტების მიმართ, დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც ავლენს:

„ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილეების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან აშკარა აგრესია 16 დეკემბერს დაიწყო, როცა პოლიციელები ცდილობდნენ აქციის დაშლას და უკანონო მოქმედებების განხორციელებას. 30 დეკემბერს გავიგეთ რომ, 12 დემონსტრანტის წინააღმდეგ შედგენილია ოქმი. მეორედ ბათუმში აგრესიის გამოვლენა მოხდა 11 იანვარს ღამით, როცა 12 ადამიანი დააკავეს და მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დააკავეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელი“. ფაქტობრივად ხდება დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის შეფერხება და მისი საქმიანობის შეფერხება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის რეპრესიული მექანიზმის გამოყენება და დაშინების მცდელობა“ - ამბობს თამარ წულუკიძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG