Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს


„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად. არის მხნედ“, - ნონა ქურდოვანიძე (მარცხნივ) მზია ამაღლობელზე
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად. არის მხნედ“, - ნონა ქურდოვანიძე (მარცხნივ) მზია ამაღლობელზე

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, იურისტი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ დღეს, 23 იანვარს, საპატიმროში მოინახულა მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი. ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

გუშინ, 22 იანვარს, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა მას საერთო წერილით მიმართეს და მოუწოდეს, შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა ის პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.

„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - წერს ნონა ქურდოვანიძე ფეისბუკზე.

მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით - მას შემდეგ, რაც მან დგებუაძეს სილა გააწნა.

სილის გაწვნის შემდეგ ამაღლობელს „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკოსები მას სინდისის პატიმრად მიიჩნევენ.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.

14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, - მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს მოუწოდებდა, მისი პატიმრობა არ გაეგრძელებინა.

მზია ამაღლობელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს არის დანიშნული.

ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით - რომელსაც პოლიტიკურ პატიმრად და სინდისის პატიმრად მიიჩნევენ, - აქციები ყოველდღე იმართება.

23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, - 12 ორგანიზაციასთან და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, - საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.

ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ამასთან, „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე - რომელიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს ამაღლობელის დაკავების შემდეგ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, - ჰყვება, რომ მას ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, ჩამოართვეს ტელეფონი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გურამ მურვანის თქმით, ის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს.

„დგებუაძემ მკითხა, ვინ ვიყავი. როცა გაიგო, რომ "ბათუმელების" თანამშრომელი ვარ, პოლიციელებს უთხრა, ნახეთ რას იღებს, ტელეფონი ჩამოართვით, წაშალეთ ვიდეო და დაიჭირეთო. პოლიციელებმა ავტომობილში ჩამსვეს, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს: "გაუშვი დროზე ტელეფონს ხელი, ბიჭო! ხელებს მოგამტვრევ", - მეუბნებოდნენ“, - თქვა „ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ დღეს, 23 იანვარს, გამოცემის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG